როცა ლაპარაკობს ლუის ქანოვერი

როდესაც საპროტესტო მუსიკას ახსენებენ ხოლმე – გვახსენდება როკი, პანკი, რეპი… ჯაზზე იშვიათად იტყვიან. ჯაზი რაღაც დავარცხნილი, კლასიკასთან ახლოს მდგომი, სმოკინგიანი ადამიანების მუსიკა ჰგონიათ. პროტესტამდე არმისული. მაგრამ საბჭოთა სისტემის დამანგრეველთა გვერდით ჯაზიც იყო. შეიძლება, გვერდით კიარა – სათავეშიც. ბევრი დისიდენტისთვის დასავლეთი იწყებოდა ჯაზის ჰანგებით. თავისუფლება კი უილის ქანოვერის ხმით ლაპარაკობდა.

Willis Conover VOA 1969

უილის ქანოვერი (Willis Conover) “ამერიკის ხმის” მუსიკალური გადაცემის “ჯაზის საათის” (Voice of America Jazz Hour) წამყვანი იყო. მთელი 40 წლის განმავლობაში. მოსესი არ იყოს. 🙂 გადაცემა ეთერში 1955 წლის 6 იანვარს გავიდა პირველად. ეს არის ეპოქა, როდესაც ჯაზი საბჭოთა კავშირში პრაქტიკულად აკრძალულია. “დღეს უკრავ ჯაზს – ხვალ სამშობლოს გაყიდი” – ასე ამბობდნენ. საბჭოთა სატელიტებშიც დიდწილად მსგავსი ამბავი ხდებოდა. უილის ქანოვერის მიზანი აუდიტორიისთვის ჯაზის სამყაროს სიახლეებისა და ჯაზური მუსიკის = ამერიკის მუსიკალური კულტურის გაცნობა იყო. ქანოვერი არ ლაპარაკობდა პოლიტიკაზე. თუმცა, ჯაზური მუსიკის წინ წამოწევის მიზანი, ერთგვარად და არაპირდაპირ, საბჭოურ პროპაგანდაზე პასუხიც იყო – საბჭოთა პროპაგანდა აშშ-ს რასისტულ ქვეყნად წარმოაჩენდა, შავკანიანებს კი ჩაგრულ, დისკრიმინირებულ კლასად. შეხვედრები ამერიკული ჯაზის წარმატებულ მუსიკოსებთან (რომელთა უმრავლესობა შავკანიანი იყო), მათი კონცერტების, ჩანაწერების ტრანსლირება პრესტიჟული დარბაზებიდან – ეს ყველა ამერიკის პოზიტიურ იმიჯის ქმნიდა.

Continue reading “როცა ლაპარაკობს ლუის ქანოვერი”

ერთი დღე ჰარლემში

ფოტო(ს)ისტორია

ფოტოგრაფმა ართ ქეინმა ისტორიული ფოტოს გადაღება მოიფიქრა. ხშირად ასე ხდება – ფოტოს რომ იღებ, არ იცი, ისტორიულია თუ არა. გადის დრო და, თურმე, ისტორიული ფოტო გადაგიღია. ქეინმა ნამდვილად იცოდა, რომ ისტორიულ ფოტოს იღებდა – ბევრი დიდი მუსიკოსის ერთ კადრში მოქცევა სურდა. ჰარლემში, მეხუთე ავენიუსა და მედისონ ავენიუს შორის, 126-ე ქუჩაზე შეკრიბა ყველა. ნიუ იორქში.

A Great Day in Harlem Photo location

ამ მუსიკოსთაგან ვიღაცები მეგობრობდნენ, ვიღაცები უბრალოდ გამარჯობას ეტყოდნენ ერთმანეთს, ვიღაცები – გამარჯობასაც არა. გვერდიგვერდ ნუ დადგებითო, – ეუბნებოდა ქეინი, – ვისაც გსურთ, სათოფეს იქეთო. ფოტოს სხვადასხვა კუთხეში დაგაყენებთო, მაგრამ ამ კადრში კი ერთად უნდა მოგაქციოთ, წყალი არ გაუვაო.
დააჯერა.

ერთ მუსიკოსს, დიდ პიანისტს შლაპა მოპარეს. ასე არ გადავიღებო, – თქვა. დამიბრუნეთ შლაპაო. აქვე იქნება, სად წავიდოდაო. ქარმა გაგტაცა, ალბათო, – ეუბნებოდა ქეინი, – შენი ჭირიმე, ფოტოს ნუ გამიფუჭებო. იმან შორს დაიჭირა. დამიბრუნეთ შლაპა, თორემ სახლში მივდივარო. ააგდო ქუდი და თავი შეუშვირა… თუმცა, რაც აღარ ჰქონდა, რას ააგდებდა.

Continue reading “ერთი დღე ჰარლემში”

დამზადებულია იაპონიაში. 40 წლის წინ

1 ივლისს SONY-ს Walkman-ის 40 წლის იუბილე აღვნიშნეთ. ამ პოსტის მკითხველთაგან უმრავლესობა, ალბათ, 80-ანებში დაბადებული არ იყო და ვინც 90-იანებს მოესწრო, ისიც ძალიან პატარა იყო “უოქმენისთვის”.

“უოქმენი” იმ დროს იყო იგივე, რაც წლების შემდეგ “აიფოდი”. და კიდევ მეტი. როდესაც სონის პრეზიდენტმა აკიო მორიტამ “უოქმენი” გამოიგონა, მსგავსი არაფერი არსებობდა ბუნებაში. ეს იყო არამხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ კულტურული და მენტალური რევოლუცია. ამიტომ იყო სრულიად გამორჩეული. რა აღმატებული ხარისხის ზედსართავიც არ უნდა დავწერო ახლა, ყველა ნაკლები იქნება იმ ფენომენზე, “უოქმენი” რომ იქცა.

SONY TPS 12 Walkman

უშუალოდ შემოქმედი აკიო მორიტა ასე იგონებს ამ ამბავს:

Continue reading “დამზადებულია იაპონიაში. 40 წლის წინ”

მურვან-მელომან-ყრუ

მე-19 საუკუნეში მისალმების ნიშნად კაცი ცილინდრს მოიხდიდა ხოლმე, დღეს ყურსასმენს იღებს ყურიდან… განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად – მეორე ყურიდანაც.

როდესაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ გარეთ – ქუჩაში, საცობში, ჯიმში, მოლში ყურსასმენი ბევრს მუდამ თან აქვს. ასე ვარ მეც. რამდენ ყურსასმენს გაუვლია ჩემი ყურის ნიჟარებში, ვერც დავთვლი. ბოლო ხანებია უსადენო – wireless მოდელებზე გადავედი. ვინც ტრადიციული, სადენიანი ყურსასმენის უსადენოთი ჩანაცვლებას ფიქრობს, სამ მათგანზე დავწერ, მთელი მათი შუქ-ჩრდილებით.

NB! მხოლოდ სტერეო-ყურსასმენებს ვგულისხმობ. მუსიკის მოსასმენადაც რომ გამოდგება. ლინკზე გადასასვლელად – დაკლიკეთ ფოტოზე.

იაფი.

სამწუხაროდ, სასწაული არ ხდება. იაფ უსადენო ყურსასმენს ხარისხიან ჟღერადობას ვერ მოვთხოვთ. აკუმულატორიც სუსტი აქვს და კონტაქტიც ყოველთვის ვერაა სტაბილური.

Continue reading “მურვან-მელომან-ყრუ”

დაკლიპული ფილმები

ახალს და ორიგინალურს არაფერს ვიტყვი – კინომუსიკა ამოუწურავი თემაა. ამიტომ აქ მხოლოდ ფილმებში ჩართულ მუსიკალურ ეპიზოდებზე დავწერ. მუსიკა როგორც ფილმი-ფილმში. გაკლიპული კინომუსიკა.

დავიწყოთ, როგორც წესი და რიგია, კინოკლასიკით. და ქრონოლოგიაც ხელს გვიწყობს.


ფილმი: Some Like It Hot by Billy Wilder, 1959
მუსიკა: I Wanna Be Loved By You by Marilyn Monroe

ესაა ჩემი კომენტარი.


ფილმი: The Jungle Book by Wolfgang Reitherman, 1967
მუსიკა: I Wanna Be Like You by Louis Prima and Phil Harris 

ანიმაციაა, მაგრამ ამის გამოტოვება არ შემეძლო. ფილმი ყველასთვის ცნობილი წიგნის მოტივებზე. პროდიუსერი უოლთ დიზნია და ეს მისი ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა – გადაღების დროს გარდაიცვალა.
Continue reading “დაკლიპული ფილმები”

…სჯობსო

ასჯერ მოსმენილს – ერთხელ ნანახიო. ამბობენ.

ამიტომაა, ალბათ, რომ მუსიკალური კლიპის გადაღებას მუსიკოსები უდიდეს რეჟისორებსა და ხელოვანებს ანდობენ ხოლმე. აქ ისეთ სახელებს გადაეყრებით, ისეთი ადამიანების ნამუშევარს ნახავთ, რომ – თქვენი მოსაწონი. თუმცა, ხშირად კლიპი მოგვწონს, ავტორი კი, სამწუხაროდ, არ ვიცით. მუსიკა მიირთვი ბატონო, რეჟისორს რას კითხულობო…

ახლა მოვიკითხავ.


Grace Jones – I’ve Seen That Face Before (Libertango), 1981
Directed by Jean-Paul Goude

(აი, ჯენელ მონეის კლიპი Cold War ვისი ინსპირაციაა).

გრეის ჯოუნსზე პოსტი დაწერილი მაქვს, მაგრამ დადრაფტულია ჯერ. მალე გამოვაქვეყნებ. იმიტომ რომ (არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ) განსაცვიფრებელი და აღმაფრთოვანებელი ქალია.

კლიპის რეჟისორი ჟან-პოლ გუდი კი ფრანგი დიზაინერი, ილუსტრატორი, რეჟისორი, ქორეოგრაფი და სცენარისტია. ჟურნალ Esquire-ის სამხატვრო დირექტორი იყო წლების განმავლობაში.

Continue reading “…სჯობსო”

დიდების ხუთი წუთი

ხშირად ხდება ასე. სიმღერა გეცნობა, მომღერალს – ვერ იხსენებ. რადიოს ფენომენს ვეძახი ამ ამბავს. რადიოს ნონ-სტოპის ბრალია. თან ამ მუსიკოსთაგან ბევრის დიდების წუთებმა უკვე ჩაიარა და ისინი თითო სიმღერითღა შემორჩნენ ფლეილისტებს.

მოდი, ექსპერიმენტი ჩავატაროთ. მე ასეთ სიმღერებს შეგახსენებთ, თქვენ კი შემსრულებლის სხვა პოპულარული სიმღერ(ები)ა გაიხსენეთ. ::

დავიწყებ – ამით.

ფრანგი მომღერალი ფსევდონიმით დიზირლესი (Desireless) ბევრს, ალბათ ცოცხალიც აღარ ჰგონია, თუმცა კვლავ მართავს კონცერტებს და ალბომებსაც გამოსცემს. მაგრამ მეეჭვება ვინმემ, თუნდაც მის მშობლიურ საფრანგეთში გაიხსენოს, რას მღერის… იმ ერთი სიმღერის გარდა.

Voyage, Voyage 1986 წელს დაწერა დიუბუა-რივას ტანდემმა. იმ წლის დიზირლესის ალბომშია შესული და ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა (საკუთარ მუსიკალურ გემოვნებას რომ პატივს სცემს იმ) ქვეყნის ტოპ-ლისტი მოიარა. დღემდე გადასცემენ რადიოსადგურები, მათ შორის – ჩვენთანაც. ბევრი ქავერ-ვერსიაც არსებობს. ცინცხალ-ცინცხალიც. მოკლედ, სიმღერა ცოცხალია, შემსრულებლის სახელი კი ცოტას თუ ახსოვს. აწი – გეცოდინებათ. 🙂

Continue reading “დიდების ხუთი წუთი”

ბოზი, ბოზი, ბა…

არის ასეთი ფილმი “ცოფიანი ძაღლი და გლორია” რობერთ დე ნიროს, უმა თურმანისა და Louis Primaბილ მიურეის მონაწილეობით. დე ნიროს გმირი პოლიციელია, რომელიც განგსტერების ბოსს (მიურეის) გადაარჩენს, ის კი მადლიერების ნიშნად უმა თურმანს უფეშქაშებს ერთი კვირით. მეორე დილით დე ნირო გამოძახებაზე გადის. წარმოიდგინეთ ბარი, სადაც კრიმინალური გარჩევა მოხდა. ირგვლივ სისხლის გუბეები დგას. კედელზე ტვინია მისხმული. იატაკზე ვიღაცის ფილტვი აგდია. დე ნირო კი მშვიდად გადაალაჯებს, მუსიკალურ ავტომატთან მიდის, მონეტას აგდებს და იქედან წამოსული სიმღერის ჰანგებს მხიარულად აყოლებს ხმას. ბედნიერია კაცი – წინა ღამე ხომ უმასთან გაატარა.

სიმღერა, რომლის ხასიათზეც უმა თურმანთან გატარებული ღამე მოგიყვანთ, ლუი პრიმას “ბოზი ბოზი ბაა” AKA Just A Gigolo.

Continue reading “ბოზი, ბოზი, ბა…”

მომავალი ჩვენია

ჯერ მოუსმინეთ.

Tomorrow Belongs to Me (“მომავალი – ჩემია”) ესაა სიმღერა მუსიკალური სპექტაკლიდან “კაბარე”, რომლის პრემიერაც ბროდვეიზე 1966 წელს გაიმართა, მოგვიანებით კი წარმატებით გადაინაცვლა ეკრანზე, როდესაც 1972 წელს მიუზიკლი ბობ ფოსმა გააფილმა.

კომპოზიცია იმდენად კარგადაა სტილიზებული და მიმგვანებული მეორე მსოფლიო ომის წინარე პერიოდის პოპულარულ გერმანულ პატრიოტულ სიმღერებს, რომ ნეო-ნაცისტური და რასისტული დაჯგუფებების არაოფიციალურ ჰიმნადაც იქცა. პირველი, ვინც აიტაცა იყო ინგლისური “ეროვნული ფრონტის” წევრი, და როკ-ჯგუფ Skrewdriver-ის ლიდერი იენ სთუართ დონალდსონი, მაგრამ გამორჩეულად ლამაზი მაინც ე.წ. “თეთრების როკის” შვედი დედოფლის, მომღერალ საგას ვერსიაა.

Continue reading “მომავალი ჩვენია”

როგორ ვიცხოვრე სიცრუეში

Mamas and Papas LPეს სიმღერა პირველად ვინილის გრამფირფიტიდან მოვისმინე. ჩემი ბიძაშვილის ფირფიტა იყო. საბჭოთა კავშირში გამოცემული. ზედ ეწერა: 20 საუკეთესო სიმღერა. ვია “მამას ენდ პაპას”. ჯონ ფილიფსი. მიშელ გილიამი. დენის დოერთი. ქეს ელიოთი.

ახლაც არ ვიცი, რა ეტაკა აწუკვე შორეული 1978 წლის იმ მშვენიერ დღეს საბჭოთა გრამჩამწერ სტუდია “მელოდიას”, მაგრამ კობზონის, ლეშჩენკოს, ზიკინასა და პუგაჩოვას ფირფიტებს შორის, რატომღაც, ამერიკული ჯგუფის The Mamas and the Papas-ის ორმაგი ალბომიც ჩააფინა.

ამ ჯგუფზე წარმოდგენაც არ მქონდა. ძალიან კი მომეწონა. მეტადრე ხომ Dream a Little. შემდეგ, ერთხელაც იყო და, რომელიღაც სოცქვეყნის (მგონი – პოლონეთის) რომელიღაც ჟურნალში სტატია და მათი ფოტოც ვნახე. წაკითხვით ენა არ მესმოდა და ვერ წავიკითხავდი, ფოტოს კი დავაკვირდი და “მამილოები და დედილოები” ბიძა კაცები და დამა ქალები კიარა, ოთხი მოჰიპო, გაბურძგნული ახალგაზრდა აღმოჩნდა. ორი ბიჭი და ორი გოგო. ერთი ძალიან ლამაზი გოგო და მეორე – ძალიან მსუქანი გოგო.

Continue reading “როგორ ვიცხოვრე სიცრუეში”

10 ქავერი, რომელმაც ყურები ამომიტრიალა

ამ პოსტში ბევრი ცნობილი ქავერი ვერ მოხვდა, მათ შორის ქავერმაისტერ ჯო ქოქერისეული “ბიტლების” With A Little Help From My Friends, – თქმა არ უნდა, ბრწყინვალე ინტერპრეტაციაა, მაგრამ უჩემოდაც ყველამ იცით, ამიტომ გვერდი ავუქციე. არც ჯენის ჯოფლინის Summer Time იქნება და არც ნინო ქათამაძის “ტურფა”. შევეცდები, ცოტა ნაკლებგაცვეთილი ქავერები გაგახსენოთ.

დავიწყებ შვედი ტრომბონისტით, ნილს ლანდგრენით (Nils Landgren), რომელმაც გლორია გეინორის I Will Survive გააქავერა და ძალიან კარგადაც გამოუვიდა.

I Will Survive გლორია გეინორმა 1978 წლის ალბომისთვის ჩაწერა, ბილბორდის სიის სათავეში მოექცა და, მგონი, მომღერლის ერთადერთ ცნობილ სიმღერად შემორჩა დღეს. ამ კომპოზიციის ქავერი ინგლისურ ჯგუფს The Puppini Sisters-საც აქვს შესრულებული, მაგრამ მე მათეულ სხვა ქავერს მოგასმენინებთ ახლა – გოგონების საუკეთესო მეგობრების შესახებ.

Continue reading “10 ქავერი, რომელმაც ყურები ამომიტრიალა”

ლონდონი. სტინგი.

პოსტის ავტორია Tinita

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

წინათქმა

Cardპოსტი სიამოვნებით მოვამზადე ლორდისთვის, რომელსაც 90-იანებიდან ვიცნობ. გვარის გარდა საერთო ბევრი გვაქვს: აშშ-ში მივლინების მოგონებები, ლიტერატურის და კინოს სიყვარული, ჰო, კიდევ რამდენიმე საყვარელი ბრენდი, მაგალითად, „ფლეშმენ ბლეშმენი“. საკონსულომ გამგზავრების წინ შეცდომით ერთმანეთის ვიზები ჩაგვიკრა. სემინარებზე მრავალმნიშვნელოვნად დუმდა, თუმცა შეუმჩნეველი არაფერი რჩებოდა, მაღაზიებში რელევანტურ რჩევებს მაძლევდა, ბროდვეიზე განმარტოებით ხეტიალისას გონებაში ბლოგის კონცეფციას ამუშავებდა. სასტუმროში, მის გვერდითა ნომერში დილით რომ პოლიციამ მკვდარი კაცი იპოვა, ეს ფაქტი სრული სიმშვიდით აღიქვა. ამერიკელებს თავი მოსმენის უნარით და განსწავლულობით დაამახსოვრა. მოკლედ, რადგან ჩვენი მეგობრობა მოგზაურობით დაიწყო, ჩემს გესთპოსტშიც ერთი მოგზაურობის ამბავს მოვყვები.

ჩემი შეხვედრა სტინგთან

Stingმაშინ სტინგი ისე მიყვარდა, sweet seventeen-ს რომ ახასიათებს: დაქალები ჟურნალებიდან ამოჭრილ ფოტოებს მჩუქნიდნენ, ტელევიზორში ხმას რომ გავიგონებდი, ის დღე ზეიმი იყო, ფირფიტებს და მეკობრულ კასეტებს ვაგროვებდი, სიმღერის სიტყვებს ბლოკნოტებში ვიწერდი… (უცნაური და სასაცილოა: no mp3, Google, YouTube…) ერთხელ, მეგობარმა მისი ორიგინალი კასეტის შიდა ფურცლიდან ამოწერილი ფანკლუბის მისამართი მომცა. სრულიად აუტანელი, რომანტიკულ–იდეალისტური წერილი მივწერე. პასუხად ნიუსლეთერი, კლუბის წევრობის პირობები და გასაყიდი სუვენირების სია მივიღე. ქუთაისის ფოსტის სერვისს არ ვენდობოდი და ჩემი უნივერსიტეტის პრორექტორის მისამართი მივეცი. პრორექტორის ცნება ალბათ უცხო იყო და ასეთწარწერიანი კონვერტები მომდიოდა: “Protector for International Relations”. სწავლასთან ერთად ერთ ბრიტანულ პროექტში ვმუშაობდი. იქ მიწვეული ექსპერტები ლონდონში ხშირად დადიოდნენ, ამიტომ ჩემს წერილებს მათ ვატანდი, საწევრო გადასახადი კონვერტში ნაღდი ფულით მედო. ვიწერდი მაისურებს, სხვადასხვა სუვენირებს, ნიუსებს ვყლაპავდი: ზეპირად ვიცოდი, როდის რომელ ქვეყანაში ჰქონდა კონცერტი. ბაინდერში სათუთად ვინახავდი ფერად–ფერად, A4 ფორმატზე დაბეჭდილ ნიუსლეთერებს. კლუბიდან მეგობრებიც გავიჩინე: თავიანთ საფოსტო მისამართს აქვეყნებდნენ და ითხოვდნენ, მეგობრობის მსურველები Card2გამოხმაურებოდნენ. სტინგის იშვიათ ჩანაწერებს უკვე კლუბელი მეგობრებისგან ვიღებდი საჩუქრად. ასეთ დღეში ვიყავი. უნივერსიტეტში სულ სტინგის მაისურით დავდიოდი. ქვემოთ მეცვა ვიწრო ჯინსი და საშინელი სქელძირიანი ფეხსაცმელი. „აი ის გოგო, სტინგი რომ უყვარს“ – ასე მახსენებდნენ. ბროში მქონდა სტინგის გამოსახულებით, შავ ჟაკეტზე მეკეთა. ერთს ჰგონებია, გარდაცვლილი ახლობლის ფოტო იყო, მოვიდა და უხერხულად მომისამძიმრა, მერე ბროშს კარგად დააკვირდა და გულზე მოეშვა.

Continue reading “ლონდონი. სტინგი.”