განწყობა (რომელიც კოვიდმა მოიპარა)

რამდენიმე დღეში შობა დგება (ახლით). შეფ-მზარეულები ცდას არ აკლებენ სადღესასწაულო განწყობა, რომელიც კოვიდმა მოიპარა, შეძლებისდაგვარად დაგვიბრუნონ. ჩვენთანაც და – სხვაგანაც. და საუკეთესო კონდიტერთა ქვეყანაშიც.

იან კუვღოს პოლარული მელაკუდა

Polar fox by Yann Couvreur

Continue reading “განწყობა (რომელიც კოვიდმა მოიპარა)”

ნაყინი და ესკიმოსი

ჩემ ბავშვობაში ნაყინი იყო სულ ორი სახის – ვაფლის ჭიქაში და ჯოხზე ჩამოცმული პლომბირი (რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო პლომბირი) შოკოლადის გარსში – ესკიმო (თუმცა, სინამდვილეში სულაც არ იყო ნამდვილი “ესკიმო”). მაგრამ ნამდვილი იყო თუ – არა ვაფლის ჭიქაზე უფრო გემრიელი კი იყო. ან – გვეგემრიელებოდა.

ნამდვილი “ესკიმო” რეგისტრირებული დასახელებაა და საუკუნის წინ ამერიკაში შექმნა დანიელმა ემიგრანტმა კრისტიან ნელსონმა (Christian Kent Nelson). ნელსონს აიოვას შტატის ქალაქ ოიავაში ტკბილეულის მაღაზია ჰქონდა. ერთ მშვენიერ, მზიან და ცხელ დღეს შენიშნა ბიჭუნა, რომელიც დახლის წინ იდგა და ფეხიდან ფეხზე გადადიოდა. ცქმუტავდა. დიდხანს იდგა. ისე დიდხანს, რომ ნელსონი მივიდა და ჰკითხა, რამით ხომ არ დაგეხმაროთო… ბიჭუნა გამოუტყდა, რომ ვერ გადაეწყვიტა, შოკოლადის ფილა ეყიდა თუ ნაყინი. ნელსონს ამ ორის შერწყმა მოაფიქრდა და ასე დაიბადა “ესკიმო”.

Continue reading “ნაყინი და ესკიმოსი”

შოკოლადი კორონავირუსის წინააღმდეგ

შაბათის პოსტი

სანამ ვირუსოლოგები ვაქცინას ეძებენ და სხვები კი ძმრით, ნიორით, ჭაჭით თუ მდუღარე წყლით მკურნალობენ,
ფრანგმა კონდიტერმა ჟან-ფრანსუა პრემ (Jean-François Pré) კორონავირუსის საწინააღმდეგო შოკოლადის კორონავირუსი შექმნა. ძველთაძველ წესს მიყვა: შიში რომ დაძლიო – თვალებში უნდა ჩახედო. ვირუსი რომ დაამარცხო – უნდა შეჭამო.

Jean-François Pré with his viral chocolates (1)

პრეს დაეჯერება – შოკოლადისა და ვირუსების ამბავი ორთავ კარგად იცის. შოკოლადს 12 წლიდან აკეთებს, ვირუსები კი… ვინ უნდა იცოდეს ვირუსების ავან-ჩავანი უკეთ, თუარა კაცმა, ვისი ბუტიკი-ატელიეც ლუი პასტერის ქუჩაზეა. 🙂

Continue reading “შოკოლადი კორონავირუსის წინააღმდეგ”

მისი გასტრონომია

გზას რომ გასწავლის, გაკვალავს. კვალში ჩამდგარნი მიყვებიან უკან. გაივლიან და გადაასწრებენ. იმ პირველის გაკვალული კი აღარც ჩანს, თითქოს.

საწყენია ხოლმე.

ფერნან პუა (Fernand Point) გენიალური შეფი იყო. მისი კვალი და სახელი დაიკარგაო, არ ითქმის, მაგრამ თავად გენიოსი შეგირდების ჩრდილში დგას. თანამედროვე ფრანგული კონდიტერია კი – მის მონაფიქრზე.

Fernand Point

კლასიკური და ყველაზე ცნობილი ფრანგული ტკბილეული – ეკლერი, პროფიტროლი (შუ), ტარტი “მარტივი” ნამცხვრებია. ფერნან პუამ მულტიკომპონენტიანი ცხობა მოიფიქრა. ამ ნახელოვნებს დაქუაზს (Dacquoise) უძახიან. ფრანგულ კულინარიაში დღეს ბევრი დაქუაზია – ნამცხვრები, რომელთა არაჩვეულებრივი და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული გემო დგას რამდენიმე შემადგენლის პროპორციასა და ვარიაციაზე. ფენებად. ეს ფენებია: ბისკვიტი, მერინგი (მერენგა), ორი სახის კრემი (ნაღების და კარაქის), ნუში და/ან თხილი.

ყველა საქმის წესი ასეთია, გამორჩეულად კი, სამზარეულოს წესი – მზარეული მთელი მისი ცხოვრება მოწაფეა.
ფერნან პუა. Ma Gastronomie

Continue reading “მისი გასტრონომია”

კარგი ამბები გურმანებისთვის

ადელაიდის Flinders University-ს მკვლევრებმა სიმსუქნის გენი აღმოაჩინეს. გენი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში RCAN1-ად (Regulator of Calcineurin 1 კალცინეურინის რეგულატორი) არის სახელდებული, პასუხს აგებს, თურმე, ჩვენს სიმსუქნეზე. იმაზე კიარა, რომ არ გავსუქდეთ – პირიქით! ვინ შემოაგზავნა ეს გენი არ ვიცი, მაგრამ ავსტრალიელი მკვლევრები ასე ამბობენ – ამ ბოროტ RCAN1-ს სხვა საქმე არ აქვს, ზის და ელოდება რამე გემრიელს თუ შევჭამთ რომ ნამცეც-ნამცეც და მისხალ-მისხალ უკლებლივ გადაიყვანოს ქონებში. რომელიმე პაწია კალორიაც თუ დაუსხლტა და სადმე კუჭის ყველაზე ბნელ კუნჭულში მიიმალა, იქაც მიაგნებს, გამოათრევს და ღიპებში და ცელულიტში გადაიყვანსო. 😦

Continue reading “კარგი ამბები გურმანებისთვის”

ანაშა და განაში

გასტრონომიული ლეგენდა ამბობს, რომ 1920 წლის ერთ საღამოს,Truffles რესტორნის სამზარეულოში მოფუსფუსე სახელგანთქმული ფრანგი შეფის და კონდიტერის, ჟორჟ ოგიუსტ ესკოფიეს ფეხმრუდ შეგირდს აუსხლტა ფეხი და მთელი თუნგი ნაღები მოთუხთუხე შოკოლადის ქვაბში ჩაეღვარა. ჰაიტ, შე თუნგო, შენო! – შესძახა თურმე განრისხებულმა ესკოფიემ და კინკრიხოზეც უთუოდ წამოარტყამდა… მაგრამ, რომ გასინჯა, ნახა ეს ნაღებშერეული შოკოლადი კარგი რამ იყო, ადგა და ბურთულებად დააგუნდა – ასე დაიბადა ტრიუფელი. ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი შოკოლადის ტკბილეული, რაც მოუგონიათ. ნაღებიანი ცხელი შოკოლადის მასას, რომელიც ტრიუფელის დასამზადებლად გამოიყენება განაში ქვია, ალბათ, იმ შეგირდის საპატივცემულოდ Smile (ganache – ფრანგულად ბრიყვს, ხეპრეს ნიშნავს). Continue reading “ანაშა და განაში”

პარიზი, ბევრი სიტყვით მთავარზე (ნაწილი 4)

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

როდესაც დიეტაზე მყოფი ადამიანი კვდება – მისი სული პარიზში მიდის.
უცნობი კულინარი

გაფრთხილება: ეს არის პოსტი, რომლის წაკითხვისას 2,5 კილოს აკრეფთ!

ძნელია პარიზზე დაწერო. ძნელია დავწერო პარიზზე უკეთ, ვიდრე ჰემინგუეი დაწერს. ძნელია მოგიყვე პარიზზე უკეთესად, ვიდრე ვუდი ალენი დაგანახებს. მაგრამ ყველას თავისი პარიზი ყავს. პარიზი ისეთია, როგორზეც ოცნებობ და სულაც არ არის საჭირო, შენი პარიზი სხვისას ჰგავდეს. და არც ისაა ლამაზი, მიხვიდე და შენი პარიზით სხვის პარიზში ჩაეკვეხო. ამიტომ მე ჩემ პარიზზე ვწერ და ჩემი პარიზი იწყება (და მთავრდება) პიერ ეღმეთი. 🙂

Pierre Herme Paris

არა, პირველად რომ ჩავედი პარიზში ის ტრიუმფალური თაღით, ეიფელის კოშკით, ლუვრით და დისნეილენდით დაიწყო. მაგრამ ამ ჯერზე, როცა ეს ყველაფერი უკვე ნანახი მქონდა, გზიდან პარიზში “გადახვევა” სწორედ ეღმეს გამო გადავწყვიტე.

იმპერატორთან, იმპერატორის ქუჩაზე

Smile

პიერ ეღმეზე ვრცელი პოსტი მაქვს, ამიტომ აქ აღარ განვავრცობ. მოკლედ ვიტყვი – ეღმე ყველაზე პატივდებული ფრანგი კონდიტერია. ტკბილეულის პიკასო და დესერტის დიორი. საკმარისზე წონიანი მიზეზია, პარიზს ეწვიო.

Continue reading “პარიზი, ბევრი სიტყვით მთავარზე (ნაწილი 4)”

კონდიტერიის პიკასო

პოსტი ეძღვნება ადამიანს,
ვინც ეღმეს ნამცხვრები დააგემოვნა. 🙂
და ყველა მისალოცს, ეს ბედნიერება რომ წინ ელის.

Pierre Herme Pastryმისი გვარი მოდის ცნობილ პარიზულ სახლს ჩამოგავს, თუმცა პიერ ეღმე (Pierre Hermé) არც მოდელიორია, არც – დიზაინერი. და არც ნატიფ მოდასთან აქვს კავშირი… თუმცა, კაცმა რომ თქვას – აქვს. როგორ არ აქვს. მოდასთანაც. დიზაინთანაც. ხელოვნებასთანაც. ის ფრანგული ნატიფი კულინარიის წარმომადგენელია და ჟურნალ Vogue-ს შეფასებით, “ტკბილეულის პიკასო” და “დესერტის დიორი”. პიერ ეღმე თავის საქმეში მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, მე პირადად, მათგან გამორჩეულად “მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერის” წოდება მომწონს, 2016 წელს რომ მიანიჭეს. კარგი მიზეზია, ეწვიო პარიზს და მისი რესტორანი მოინახულო (მითუფრო, თუ სხვა ყველაფერი – ლუვრი, ეიფელის კოშკი, მულენ რუჟი და დისნეილენდიც უკვე მონახულებული გაქვს Smile).

Continue reading “კონდიტერიის პიკასო”

ბრიუგეში

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ჰარი: რაო? მის გემოვნებაში არ ჯდებაო?? ეს ზღაპრული ქალაქია! როგორ შეიძლება, ზღაპრული ქალაქი ვინმეს გემოვნებაში არ ჯდებოდეს? როგორ შეიძლება, ეს არხები და ხიდები და ქუჩები ქვაფენილით და ეს ეკლესიები… ეს ზღაპრული სილამაზე ვინმეს დედამოტყნულ გემოვნებაში არ ჯდებოდეს??
ქენი: მე ვფიქრობ… იმის თქმა მინდოდა…
ჰარი: გედები დაცურავენ?
ქენი: კი… გედები აქ არიან… დაცურავენ…
ჰარი: როგორ შეიძლება, გედები ვინმეს გემოვნებაში არ ჯდებოდეს? სულ გამოყლევდით??
მართინ მაქდონაჰი. “ბრიუგეში”.

პირველად რომ თქვეს, საქართველოს მოქალაქეებს მალე ვიზები უნდა გაგვიუქმონო, ეს “მალე” არ მჯეროდა, მაგრამ კი ჩავუთქვი – ამ უვიზოს იმ ევროპულ ქალაქში აღვნიშნავ, ჯერ რომ არ ვყოფილვარ-მეთქი. არჩევანი ბრიუგეზე გადავწყვიტე.

Belfort (4)

მადლობა მართინ მაქდონაჰს – მისი ფილმი რომარა, ბრიუგეში წასვლა, ეგებ, აზრადაც არ მომსვლოდა. ახლა რომ ვთქვა, მსგავსი სილამაზის ქალაქში არასდროს ვყოფილვარ-თქო, ეს ფრაზა არაფერს გეტყვით – უნდა ჩამოვთვალო, სად ვყოფილვარ და რას ვადარებ და სად არ ვყოფილვარ და რას ვერ ვადარებ… მაგრამ მსგავსი სილამაზის ქალაქში მართლა არასდროს ვყოფილვარ.

Continue reading “ბრიუგეში”

ჯელატო და ჯელატიერე

რატომ იყო რომაელი ბავშვი გაჩხინკული? მას არ ჰქონდა ნაყინი.

თუმცა, კი ჰქონდა. ჩვენ რომ გვაქვს ნაყინის არჩევანი, არ იყო, მაგრამ ერთმანეთში არეულ ყინულს, თოვლსა და ხილს კი მიირთმევდნენ. და კიდევ გაყინულ ფელამუშს თუ რაღაც ეგეთს. მოკლედ, წვალობდნენ, როგორც შეეძლოთ. უცნაური კია – რომაელების მიერ დაგებულ ქვაფენილზე, რომი იქნება თუ კონსტანტინოპოლი, დღემდე დავდივართ და მათი აგებული წყალგაყვანილობის სისტემები დღესაც იმუშავებს, თუ გაჭირდა, მაგრამ ისეთი მარტივი რამის მოგონება, როგორც ნაყინია, ვერ შეძლეს. 🙂 ამიტომ ვამბობ – კულინარები დავაფასოთ-მეთქი.

Procopio dei Coltelliპირველი ევროპული სანაყინე Café Le Procope-ია, რომელიც დღემდე არსებობს და თუ პარიზში იქენით, კი უნდა ეწვიოთ. 1686 წელს გახსნა სიცილიელმა შეფმა, ფრანჩესკო პროკოპიო დი კოლტელიმ (Francesco Procopio dei Coltelli). პალერმო და იაჩი ტრიცა ერთმანეთს ეცილებიან, აქაური იყოო. მაგრამ სახელი და დიდება საფრანგეთში მოიპოვა. XVI-XVII საუკუნეები საფრანგეთში, მედიჩების წყალობით, ერთგვარი იტალიური შემოსევის ხანაა. ჯერ კატრინ და შემდეგ მარია დე მედიჩის სამი ტონა თანამემამულეები მიყვნენ უკან. ზოგი რა ხელობისა იყო და ზოგი – რა, პროკოპიომ კი მენაყინეობა ამჯობინა. ბავშვობაში ხილის წვენში არეულ თოვლს მიირთმევდა, თურმე და ჯელატოს შექმნის ბედნიერი იდეაც მაშინ დაებადა. ფრანჩესკო პროკოპიომ შერბეთის აპარატს უკირკიტა, უკირკიტა და ბოლოს ჯელატოს აპარატად გადააკეთა.

  • შერბეთი (Serbet) რძედამატებული სორბეა (Sorbet) – გაყინული ხილის პიურე (ფაფა), ალკოჰოლით და, ზოგჯერ, თაფლით შეზავებული.

Continue reading “ჯელატო და ჯელატიერე”

ფრანგი კულინარი

ერთი უცნაური რამ უნდა ვაღიარო – ბავშვობაში ეკლერი არ მიყვარდა. :/ არა, მთლად “არ მიყვარდა” არა, მაგრამ ჩემი ბავშვობის პოპულარულ საკონდიტრო სამეულში – შუ (რომელიც პროფიტროლია), ხვეულა (რომელსაც მაშინ ტრუბოჩკას ეძახდნენ) და ეკლერი – ეს ბოლო ყველაზე ნაკლებად მიყვარდა. რუსთაველზე ერთი ცნობილი საკონდიტრო იყო, ვერ ვიხსენებ ახლა, რა ერქვა, ხშირი სტუმარი ვიყავი და რომ შემეკითხებოდნენ, რას ინებებო – შუს და ტრუბოჩკას ვითხოვდი, ხოლმე. იშვიათად – ეკლერს. არ ვიცი, კომუნისტებს თუ დავაბრალო. Smile როგორც ქართული წესია – საკუთარ სიგლახეს რომ წარსულ დროს ვაბრალებთ.

დღეს ამათგან ყველაზე მეტად ეკლერი მიყვარს. კონდიტერის შედევრი, რომელიც დიდ კულინარიულ წიგნშია, როგორც ფრანგი ერის ეროვნული, კულტურული და გასტრონომიული ფასეულობა.

Marie Antoine Caremeბევრი კულინარიული საოცრების ავტორის სახელი, სამწუხაროდ, დაკარგულია. ეკლერს გაუმართლა – პირველმა ვინ გამოაცხო, ვიცით – მარი ანტუან კარემმა (Marie Antoine Carême), კულინართა მეფემ და მეფეთა კულინარმა, როგორც უწოდებდნენ. იყო ნაპოლეონის, გეორგ მეხუთისა და ალექსანდრ პირველის მზარეული… ახლა ტალეირანზე, ბარონ ჰოუდენზე, ბანკირ როტშილდსა და სხვა წვრილფეხობაზე არაფერს ვამბობ. ნამდვილი სელებრითი იყო – ინსთაგრამი რომ ჰქონოდა, ვერც წარმოვიდგენ, რამდენი ფოლოვერი ეყოლებოდა. კარემი Haute cuisine-ის ერთ-ერთი პირველი მაგისტრია, კულინარი, ვინც დგას ამ “ნატიფი კულინარიის” ფუძეებთან. ამბობენ, რომ ფრანგული კულინარიული ხელოვნების დამსახურება მსოფლიო გამოცდილების სისტემატიზაცია და კანონების შექმნაა. ის, რაც სხვისთვის უბრალოდ საკვები იყო, ფრანგებმა ხელოვნებად, მეცნიერებად და ფასეულობად აქციეს. მათ ხიდი გადეს მსოფლიოში ცნობილ სხვადასხვა კულინარიულ ტრადიციას შორის. წმინდა ფრანგული კერძი არც იმდენია, რამდენიც ფრანგების მიერ “გაფრანგებული” და დახარისხებული. გამორჩეულად მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სწორედ ფრანგები მიხვდნენ პირველები – უნდა დამსხდარიყვნენ, რეცეპტები ჩაეწერათ და წიგნებად აეკინძათ (დიუმა სულელი კი არ იყო, იმხელა კულინარიული ენციკლოპედია რომ დაწერა და იმასაც ამბობდა, ეს ჩემი ყველაზე მთავრი წიგნიაო) კარემი ამ საქმის მოთავეა – მისი “ფრანგული კულინარიის ხელოვნება” იმ დროის ბესთსელერი იყო. კიდევ სხვა რამდენიმე წიგნის ავტორია. ფრანგული კულინარიული ენციკლოპედიები კარგი ქვეყნის კონსტიტუციას ჰგავს, სადაც ერთი კანონი მეორის თავია და სხვის – ბოლო. და ყველა ერთად თავისუფლებისა და წესრიგისCuisine Francaise - Careme ჰარმონიაა და არა – აჯაფსანდალი.

Continue reading “ფრანგი კულინარი”

რუსი ‘ვ შოკოლადე’

რუსული კომპანია “შოკოლადნიცა” საქართველოში ერთდროულად 5 ობიექტის გახსნას გეგმავს.
მოლაპარაკება ქართველ პარტნიორებთან ხელმოწერის სტადიაშია. ვინ არიან პარტნიორები არ დასახელებულა.
რუსეთსა და დსთ-ს სივრცეში კაფეების ცნობილი ბრენდი წელს სამხრეთ კავკასიაში ფრანშიზების მეშვეობით 10 ობიექტის გახსნას გეგმავს.
Allmedia.ge

შაბათის პოსტი სამშაბათს

დიდი ხნის წინ… ძალიან დიდი ხნის წინ შოკოლადის ნაკრები, ე.წ. “ბანბანერკა” მაჩუქეს. დაბადების დღე მქონდა არ მახსოვს, ახალი წელი იყო თუ რამ სხვა სტუმრიანობის დღე, რამდენი წლის ვიყავი – არც ეგ, მაგრამ ის ბონბონერი მახსოვს. დიდი, ლამაზი ყუთი იყო, ლურჯი ფერის, ზედ ეწერა Fazer და რა გინდა სულო და გულო, ისეთი შოკოლადები ეწყო – თხილით, ნუშით, მერცეპანით, რძიანი შოკოლადი, შავი შოკოლადი… მაშინ მივხვდი პირველად, თუ როგორი უნდა იყოს შოკოლადი.

ბევრი წლის მერე, როცა Fazer-ის სამშობლოში მოვხვდი, გავიგე, რომ ის სინამდვილეში “ფაზერი” კიარა, “ფაცერია” და შოკოლადის გარდა ათასგვარ სხვა ნუგბარსა და პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს.

მაგრამ “ფაცერზე” არ ვწერ ახლა. “ფაცერის” ამბავი ამ “შოკოლადნიცაზე” გამახსენდა. ჩემი ბლოგის ბევრი მკითხველისგან განსხვავებით, იმ “მოსკოვური” შოკოლადის გემოც მახსოვს და დღეს რომ გავიგონებ ხოლმე – მოსკოვის შოკოლადი (ნაყინი და კიდევ რას არ ჩამოთვლიან) იყო “სულ სხვა”, ასეთებს ყოველთვის იმ ჩემი “ფაცერით” ვპასუხობ. 🙂

Continue reading “რუსი ‘ვ შოკოლადე’”