მყავდა ძაღლი და კატა. კატის თვალთახედვით

კარელ ჩაპეკი

ეს ჩემი ადამიანია. მე მისი არ მეშინია.

ის ძალიან ღონიერია, რადგან ბევრს ჭამს – ის ყველაფერჭამიაა.

რას ღეჭავ? მომიტეხე ცოტა!

ის ლამაზი არ არის, რადგან ბეწვი არ აქვს. არც ნერწყვი ჰყოფნის, ამიტომ წყლით იბანს პირს. ის ძალიან ბევრს და როხროხი ხმით ჩხავის. ხანდახან ძილში კრუტუნებს.

გამიღე კარი!

არ ვიცი, პატრონად როგორ იქცა – ალბათ, რაღაც უცხო რამ შეჭამა.

Continue reading “მყავდა ძაღლი და კატა. კატის თვალთახედვით”

მყავდა ძაღლი და კატა. ფოქსის ამბავი

მთარგმნელის კომენტარი:
კარელ ჩაპეკს ძალიან უყვარდა ცხოველები და კატებსა და ძაღლებს ბევრი ნაწარმოები მიუძღვნა. ფოტოებსაც ხშირად უღებდა და ხატავდა ხოლმე. დაშენკა ჩაპეკის საყვარელი ფოქსტერიერის, ირისის (აირისის) ლეკვი იყო და (როგორც ფოქსტერიერს ეკადრება) ძალიან მოუსვენარი და ანცი ვინმე. ადგილზე ვერ დაიჭერდი. თუმცა ფოქსტერიერი იყო, მაგრამ ჯერ ლეკვი იყო და, როგორც ყველა პატარას, ზღაპრების მოსმენა ძალიან უყვარდა. ასე შეიკრა მოთხრობების ეს ციკლი.

ზღაპრები დაშენკასთვის, წყნარად რომ იჯდეს და არ იცელქოს


კარელ ჩაპეკი

პირველად იყო ფოქსი და ფოქსი იყო თეთრი, მის ბეწვზე ლაქას კიარა, შავ წერტილს ვერ იპოვიდი. რატომ შექმნა შემოქმედმა ფოქსი ასეთი ქათქათა? იმიტომ რომ ის სამოთხის ბინადარი იყო და ანგელოზთა სპეტაკ კალთაში კოხტად მოკალათება უყვარდა. გაინტერესებს, რას ჭამდა ფოქსი სამოთხეში? ნაღებსა და ყველს – სამოთხეში ხორცი არ არის, რადგან ანგელოზები ვეგეტარიანელები არიან. ფოქსი ანცი და დაუდეგარი იყო, როგორც ყველა ფოქსტერიერია და როცა სამოთხის გარეთ გავიდა, სასეირნოდ და თავისი საქმეებისთვის… რა საქმეებისთვის? ნუ გგონია, სამოთხეში პატარ-პატარა გუბეების გაკეთების ნებას რთავდნენ – ეს ხომ უწესო საქციელია. ასეთი რამ სახლშიც არ უნდა გააკეთო! დაიხსომე კარგად და მიბაძე ფოქსს, რომელიც სამოთხის კარზე აფხაჭუნებდა, რომ ეთქვა – გარეთ გასვლა მინდაო… მაგრამ სიტყვა გამექცა, რას ვამბობდი? ჰო… ფოქსი დღეში რამდენჯერმე ტოვებდა სამოთხეს და გადიოდა გარეთ. და რაკი იქაც ცელქობის ხასიათზე იყო, ეშმაკებთან დაიწყო თამაში. ისინიც, უთუოდ, ძაღლები ეგონა, რაკი ეშმაკებს კუდები ებათ, ანგელოზებს კი მხოლოდ ფრთები აქვთ. ამიტომ ფოქსი ეშმაკუნებთან თამაშით ერთობოდა. როგორ? მდელოზე დარბოდნენ, ერთმანეთის კუდებს დასდევდნენ და, ზოგჯერ, კბენდნენ კიდეც. კოტრიალობდნენ ქორფა ბალახზე და ყირაზე გადადიოდნენ. როდესაც ფოქსი ყეფით მიადგებოდა სამოთხის კარს, მოვამთავრე და შემომიშვითო, ბეწვზე ლაქები ეყარა – ყავისფერი, მიწაზე გორაობისგან და შავი – სადაც ეშმაკებს გაეხახუნა. ამიტომ აქვთ დღეს ფოქსტერიერებს შავი და ყავისფერი ლაქები, არ იცოდი?

Continue reading “მყავდა ძაღლი და კატა. ფოქსის ამბავი”

საბჭოთა ცენზურასთან მებრძოლი კატა ასპიდი

კვირადღის პოსტი

იყო და არა იყო რა, ძაღლზე უკეთესი ვინ იქნებოდა, მაგრამ ცხოვრობდა კატა ასპიდი (მოფერებით – ასია) და მისი კნუტი ტოლსტი კისი.

Yuri Knorozovs Aspid

ასპიდი იური კნოროზოვის კატა იყო. კნოროზოვი უკრაინის სოფელ იუჟნიში (ხარკოვის მახლობლად) დაბადებული ლინგვისტი, ეთნოლოგი, მაიას ცივილიზაციის და დამწერლობის მკვლევარი და ამ სკოლის დამფუძნებელია საბჭოთა კავშირში. მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი. იმდენად ნიჭიერი, რომ სტალინმაც კი დაინდო და ბრძანა – მაგას ხელი არ ახლოთო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მოშურნე ჰყავდა და “დანოსს” “დანოსზე” წერდნენ, თან, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელების მიერ ოკუპირებულ ხარკივისა და ჩერნიჰივის ოლქებში ცხოვრობდა.

კნოროზოვი ამბობდა, მაიას დამწერლობის გასაღები ჩემმა კატამ მაპოვნინაო, როდესაც კნუტთან მის კომუნიკაციას ვაკვირდებოდიო.

თავისი კვლევის თანაავტორადაც გამოაცხადა, თუმცა საბჭოთა ცენზურამ, ცხადია, არ გაუშვა და ასპიდის სახელი ამოაშლევინეს.

ეგეთი უკუღმართი ქვეყანა იყო ის საბჭოთა კავშირი – არც ადამიანებს ინდობდა, არც – კატებს (ზოგს კიდევ ენატრება).

Continue reading “საბჭოთა ცენზურასთან მებრძოლი კატა ასპიდი”

ანასტასია ტიხა

რა ხანია, არაფერი დამიწერია. ომზე მინდა დავწერო, უკრაინელებზე და ერთ არაჩვეულებრივ, მამაც გოგოზე.

ამ ომს უთვალავი გმირი ჰყავს. ზოგი ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის, სხვა – ზურგში. მაგრამ, სამხედროების გარდა, ბევრია, ვინც სხვა, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ჩრდილში რჩება. ენერგეტიკოსები, ვინც ეს ზამთარი უკრაინას გადაატანინა, მეხანძრეები, რომელთა როლის გადაფასებაც ძნელია, ექიმები, ვინც უამრავი სიცოცხლე იხსნა, მაშველები, ვინც მრავალი გამოიყვანა ნანგრევებიდან. უკრაინის საგანგებო სამსახურის მიერ გადარჩენილთა შორის არიან ცხოველებიც, იმიტომ რომ, როგორც ეგზიუპერი ამბობდა – “პასუხს აგებ მათზე, ვინც მოიშინაურე” ან, როგორც უკრაინელები ამბობენ, кожне життя – важливе! – თითოეული სიცოცხლე ფასეულია.

ეს ფოტო, უთუოდ, ნანახი გექნებათ.

Continue reading “ანასტასია ტიხა”

აეროპორტში – სტრესის მოსახსნელად

კვირადღის პოსტი

ვისაც საშობაო დღეებში ლოს ანჯელესში მოუწია ფრენა, აი, ასეთი სურათის მოწმე გახდა:

LAXPUPs (1)

მია, მეისონი, ელი და სერიჯო მგზავრებს ეგებებიან და მათი დარდის განქარვებასა და კარგ განწყობაზე ზრუნავენ.

ეს ოთხი და კიდევ სხვები (70-ზე მეტნი არიან) PUP (Pets Unstressing Passengers – შინაური ცხოველები მგზავრთა დასამშვიდებლად) პროგრამის წევრია, რომელიც ლოს ანჯელესის აეროპორტში 8 წელია უკვე მოქმედებს. ძაღლები საგანგებო წითელ ჟილეტებში არიან გამოწყობილნი წარწერით Pet Me – “მომეფერე” – იოლად რომ გაარჩიო აეროპორტში მომსახურე სხვა (საბაჟოს, პოლიციის) ძაღლებისგან, რომელთაც, როგორც წესი, “არ მომეფერო, ვმუშოაობ”-ო აწერიათ ჟილეტებზე.
Continue reading “აეროპორტში – სტრესის მოსახსნელად”

ნიკო და როკო

ოთარ იოასელიანის ფილმია “გიორგობისთვე”. ნანახი გექნება. ასეთი პერსონაჟია, ნიკო, ღვინის ტექნოლოგი. უხარისხო და ფალსიფიცირებული ღვინის გამო, ქარხნის დირექტორთან კონფლიქტი აქვს. იმათ საწარმოო გეგმა აინტერესებთ, ნიკოს – ხარისხი. ნიკოსგან განსხვავებით, როკოს უფროსებში გაუმართლა. ერთი მიზანი აქვთ – უხარისხო სასმელი ბოთლში არ უნდა მოხვდეს და გასაყიდად არ გავიდეს. ამ საქმეს როკო რამდენიმე საათს ანდომებს – ყოველ დილით შედის სარდაფში და კასრებს ყნოსავს. როკო არ სვამს. ავსა და კარგს არომატით არჩევს. ინგლისური კოკერ-სპანიელია შოტლანდიური ვისკის სახდელ Girvan Distillery-ს მთავარი მყნოსავია – ვისკი-სნიფერი. ეს ვისკის სახდელი William Grant & Sons ეკუთვნის.

Rocco the Whisky Dog on duty

Continue reading “ნიკო და როკო”

კატები და გეომეტრია

კატებს ყუთები უყვართ. ჩაძვრებიან და სხედან. ვინ იცის, როდის დაიწყო ეს სიყვარული. პირველი კატისა და პირველი ყუთის შეხვედრიდან, უთუოდ და არასდროს მთავრდება. მიზეზს ბევრი იკვლევს. პასუხი – არვის აქვს. კატებმა იციან, მაგრამ არ ამხელენ. შესაძლოა, ყუთში უფრო დაცულად გრძნობენ თავს, როგორც ციხე-სიმაგრეში. როგორც – აბჯარში. შეიძლება, ჩელენჯია – ვინ ჩაეკატება უფრო პატარა ყუთში.

მაგრამ ცხოველთა ფსიქოლოგიის სამმა მკვლევარმა: გაბრიელა სმითმა (Gabriella Smith) და სერა-ელიზბეთ ბაიოსერიამ (Sarah-Elizabeth Byosierea) ნიუ იორქის Hunter College-დან და ფილიფ შუინარდმა (Philippe A. Chouinard) მელბურნის La Trobe University-დან გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც ადასტურებს – კატებს უყვართ გეომეტრიული ფიგურები და გამორჩეულად – მართკუთხედები. სულ არ არის აუცილებელი ყუთი იყოს და კედლები ჰქონდეს. თუ კედლები არ აქვს, კატები თავად აგებენ მათ – საკუთარ წარმოსახვაში.

Continue reading “კატები და გეომეტრია”

მირიამ მარტინჩიჩის მხატვრობა და ძაღლები

სიმაკის “ქალაქი” თუ წაგიკითხავთ?

ადამიანები რომ დედამიწას ტოვებენ და ქალაქი და ქვეყანა ძაღლებს რჩებათ? Urbi et Orbi.

ამასწინ თვითერზე ერთი ნახატი შემომეფეთა – ვუდის ცნობილი “გოთიკა”. ასეთი იქნებოდა, უთუოდ, სიმაკის იმ რომანში.

Gothic by Miriam Martincic

და როგორც სულძაღლიანს, ხელოვნებისა და ფერწერის დამფასებელს და კიდევ სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის შემოქმედებს შორის დიალოგი რომ შედგება ხოლმე, მაგ ამბის დიდ მოყვარულს, როგორ იქნებოდა, ავტორის ამბავი არ გამომეკითხა და მისი სხვა ნამუშევრები არ მომეძებნა.

Continue reading “მირიამ მარტინჩიჩის მხატვრობა და ძაღლები”

შემპატიჟე

შაბათის პოსტი

რა ხანია, შაბათის პოსტი არ დამიწერია.

ერთ კატაზე უნდა დავწერო ახლა.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კატა.

თუმცა, რატომ იყო – არის.

არის ერთი კატა, რომელსაც ძალიან უყვარს სოსისი და ძეხვი.

თქვენ მეტყვით, სოსისი და ძეხვი რომელ კატას არ უყვარსო, მაგრამ ეს კატა მუშაობდა შემპატიჟედ – აი, დახლებთან რომ დგანან და მუშტარს ეპატიჟებიან, მოდი აქეთ, ჩვენი საქონელი შეიძინეო – იმად.

მუშაობდა კატა “ნიკორას” შემპატიჟედ, იჯდა კართან და გამვლელ-გამომვლელს მაღაზიაში უხმობდა. და გასამრჯელოდ თუ თათის ქირად “ნიკორას” ძეხვეულსა და სოსისს მიირთმევდა.

Cats of Tbilisi. Ravioli

Continue reading “შემპატიჟე”

ძაღლები კატების ქალაქიდან

ზეითინი, ნაზარი და ქართალი – ასე ქვიათ სამ მუშკეტერს ძაღლს, რომლებიც სტამბოლში ცხოვრობენ. ქუჩაში. სტამბოლელი ქუჩის ძაღლები არიან.

მათ გარდა ამ ქალაქში 100’000-ზე მეტი ქუჩის ძაღლი ცხოვრობს, მაგრამ ეს სამი დოკუმენტური ფილმის გმირებად იქცნენ. და ახლა ისინი მოგვითხრობენ საკუთარ თავზე, სხვა ძაღლებზე. და – არამხოლოდ ძაღლებზე.

Stray Poster

Continue reading “ძაღლები კატების ქალაქიდან”

საკაე კატოს კატები და ერთი ძაღლი

საკაე კატო ოკუმაში ცხოვრობს. იაპონიაში. ოკუმა პატარა ქალაქია, რომელზეც, ალბათ, იაპონიის გარეთ ბევრი არაფერი იცოდნენ 2011 წლამდე. 2011 წელს კი ქალაქს წყნარი ოკენის ფსკერზე მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ცუნამი დაატყდა თავს, ის ცუნამი, რომელმაც ფუკუშიმას ატომური სადგურის დაზიანება გამოიწვია. ოკუმა თითქმის სრულად დაიტბორა, შენობების უდიდესი ნაწილი დაინგრა. მოსახლეობა გახიზნეს.

ქალაქში დარჩნენ კატები და საკაე კატო. საკაე კატო ქალაქში დარჩენილ კატებს უვლის. სულ 41 კატა დარჩა ოკუმაში. კიდევ 23 დაიხრჩო და საკაე კატომ დაკრძალა. საკაე კატომ ერთი ძაღლიც გადაარჩინა. ძაღლების უმრავლესობა დახრჩო – ძაღლებმა ხომ ხეზე ცოცვა არ იციან.

Sakae Kato (1)

Continue reading “საკაე კატოს კატები და ერთი ძაღლი”

ქუჩის კატა, სახელად ბობი

ერთ ძველ პოსტში ვწერდი, რომ მწერლების უმრავლესობა, ალბათ, სულკატიანია. მწერლობა მშვიდ გარემოს, ფურცელთან (საბეჭდ მანქანასთან, კომპიუტერთან) დიდხანს ჯდომას ითხოვს და კატა ამ გარემოს უფრო უხდება, ვიდრე ძაღლი. ამიტომ უმართლებთ კატებს მწერალ-პატრონებში. და რამდენიმე ძალიან კარგი ლიტერატურული ნაწარმოების გმირებადაც იქცნენ. ჯანი როდარის ფეხცანცარა ციცუნია. ბულგაკოვის კატა ბეჰემოთი. ჩაპეკის ფილოსოფოსი კატა და ლუის ქერალის ჩეშირელი კატა.

ბობი ლონდონელი ქუჩის კატა იყო, სანამ ჯეიმს ბოუენს გადაეყრებოდა. ახლა რამდენიმე წიგნისა და ერთი ფილმის პერსონჟია.

Bob & Bowen (3)

Continue reading “ქუჩის კატა, სახელად ბობი”