მყავდა ძაღლი და კატა. კატის თვალთახედვით

კარელ ჩაპეკი

ეს ჩემი ადამიანია. მე მისი არ მეშინია.

ის ძალიან ღონიერია, რადგან ბევრს ჭამს – ის ყველაფერჭამიაა.

რას ღეჭავ? მომიტეხე ცოტა!

ის ლამაზი არ არის, რადგან ბეწვი არ აქვს. არც ნერწყვი ჰყოფნის, ამიტომ წყლით იბანს პირს. ის ძალიან ბევრს და როხროხი ხმით ჩხავის. ხანდახან ძილში კრუტუნებს.

გამიღე კარი!

არ ვიცი, პატრონად როგორ იქცა – ალბათ, რაღაც უცხო რამ შეჭამა.

Continue reading “მყავდა ძაღლი და კატა. კატის თვალთახედვით”

მყავდა ძაღლი და კატა. ფოქსის ამბავი

მთარგმნელის კომენტარი:
კარელ ჩაპეკს ძალიან უყვარდა ცხოველები და კატებსა და ძაღლებს ბევრი ნაწარმოები მიუძღვნა. ფოტოებსაც ხშირად უღებდა და ხატავდა ხოლმე. დაშენკა ჩაპეკის საყვარელი ფოქსტერიერის, ირისის (აირისის) ლეკვი იყო და (როგორც ფოქსტერიერს ეკადრება) ძალიან მოუსვენარი და ანცი ვინმე. ადგილზე ვერ დაიჭერდი. თუმცა ფოქსტერიერი იყო, მაგრამ ჯერ ლეკვი იყო და, როგორც ყველა პატარას, ზღაპრების მოსმენა ძალიან უყვარდა. ასე შეიკრა მოთხრობების ეს ციკლი.

ზღაპრები დაშენკასთვის, წყნარად რომ იჯდეს და არ იცელქოს


კარელ ჩაპეკი

პირველად იყო ფოქსი და ფოქსი იყო თეთრი, მის ბეწვზე ლაქას კიარა, შავ წერტილს ვერ იპოვიდი. რატომ შექმნა შემოქმედმა ფოქსი ასეთი ქათქათა? იმიტომ რომ ის სამოთხის ბინადარი იყო და ანგელოზთა სპეტაკ კალთაში კოხტად მოკალათება უყვარდა. გაინტერესებს, რას ჭამდა ფოქსი სამოთხეში? ნაღებსა და ყველს – სამოთხეში ხორცი არ არის, რადგან ანგელოზები ვეგეტარიანელები არიან. ფოქსი ანცი და დაუდეგარი იყო, როგორც ყველა ფოქსტერიერია და როცა სამოთხის გარეთ გავიდა, სასეირნოდ და თავისი საქმეებისთვის… რა საქმეებისთვის? ნუ გგონია, სამოთხეში პატარ-პატარა გუბეების გაკეთების ნებას რთავდნენ – ეს ხომ უწესო საქციელია. ასეთი რამ სახლშიც არ უნდა გააკეთო! დაიხსომე კარგად და მიბაძე ფოქსს, რომელიც სამოთხის კარზე აფხაჭუნებდა, რომ ეთქვა – გარეთ გასვლა მინდაო… მაგრამ სიტყვა გამექცა, რას ვამბობდი? ჰო… ფოქსი დღეში რამდენჯერმე ტოვებდა სამოთხეს და გადიოდა გარეთ. და რაკი იქაც ცელქობის ხასიათზე იყო, ეშმაკებთან დაიწყო თამაში. ისინიც, უთუოდ, ძაღლები ეგონა, რაკი ეშმაკებს კუდები ებათ, ანგელოზებს კი მხოლოდ ფრთები აქვთ. ამიტომ ფოქსი ეშმაკუნებთან თამაშით ერთობოდა. როგორ? მდელოზე დარბოდნენ, ერთმანეთის კუდებს დასდევდნენ და, ზოგჯერ, კბენდნენ კიდეც. კოტრიალობდნენ ქორფა ბალახზე და ყირაზე გადადიოდნენ. როდესაც ფოქსი ყეფით მიადგებოდა სამოთხის კარს, მოვამთავრე და შემომიშვითო, ბეწვზე ლაქები ეყარა – ყავისფერი, მიწაზე გორაობისგან და შავი – სადაც ეშმაკებს გაეხახუნა. ამიტომ აქვთ დღეს ფოქსტერიერებს შავი და ყავისფერი ლაქები, არ იცოდი?

Continue reading “მყავდა ძაღლი და კატა. ფოქსის ამბავი”