საბჭოთა ცენზურასთან მებრძოლი კატა ასპიდი

კვირადღის პოსტი

იყო და არა იყო რა, ძაღლზე უკეთესი ვინ იქნებოდა, მაგრამ ცხოვრობდა კატა ასპიდი (მოფერებით – ასია) და მისი კნუტი ტოლსტი კისი.

Yuri Knorozovs Aspid

ასპიდი იური კნოროზოვის კატა იყო. კნოროზოვი უკრაინის სოფელ იუჟნიში (ხარკოვის მახლობლად) დაბადებული ლინგვისტი, ეთნოლოგი, მაიას ცივილიზაციის და დამწერლობის მკვლევარი და ამ სკოლის დამფუძნებელია საბჭოთა კავშირში. მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი. იმდენად ნიჭიერი, რომ სტალინმაც კი დაინდო და ბრძანა – მაგას ხელი არ ახლოთო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მოშურნე ჰყავდა და “დანოსს” “დანოსზე” წერდნენ, თან, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელების მიერ ოკუპირებულ ხარკივისა და ჩერნიჰივის ოლქებში ცხოვრობდა.

კნოროზოვი ამბობდა, მაიას დამწერლობის გასაღები ჩემმა კატამ მაპოვნინაო, როდესაც კნუტთან მის კომუნიკაციას ვაკვირდებოდიო.

თავისი კვლევის თანაავტორადაც გამოაცხადა, თუმცა საბჭოთა ცენზურამ, ცხადია, არ გაუშვა და ასპიდის სახელი ამოაშლევინეს.

ეგეთი უკუღმართი ქვეყანა იყო ის საბჭოთა კავშირი – არც ადამიანებს ინდობდა, არც – კატებს (ზოგს კიდევ ენატრება).

Continue reading “საბჭოთა ცენზურასთან მებრძოლი კატა ასპიდი”

ანასტასია ტიხა

რა ხანია, არაფერი დამიწერია. ომზე მინდა დავწერო, უკრაინელებზე და ერთ არაჩვეულებრივ, მამაც გოგოზე.

ამ ომს უთვალავი გმირი ჰყავს. ზოგი ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის, სხვა – ზურგში. მაგრამ, სამხედროების გარდა, ბევრია, ვინც სხვა, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ჩრდილში რჩება. ენერგეტიკოსები, ვინც ეს ზამთარი უკრაინას გადაატანინა, მეხანძრეები, რომელთა როლის გადაფასებაც ძნელია, ექიმები, ვინც უამრავი სიცოცხლე იხსნა, მაშველები, ვინც მრავალი გამოიყვანა ნანგრევებიდან. უკრაინის საგანგებო სამსახურის მიერ გადარჩენილთა შორის არიან ცხოველებიც, იმიტომ რომ, როგორც ეგზიუპერი ამბობდა – “პასუხს აგებ მათზე, ვინც მოიშინაურე” ან, როგორც უკრაინელები ამბობენ, кожне життя – важливе! – თითოეული სიცოცხლე ფასეულია.

ეს ფოტო, უთუოდ, ნანახი გექნებათ.

Continue reading “ანასტასია ტიხა”

მემკვიდრეები

ანდრიი დმიტრუკი

ახლახან ცხოვრებაში პირველად მივედი ფსიქიატრთან.

გრძნობა, რომელიც მისი კაბინეტის შესასვლელთან დამეუფლა, სულაც არა ჰგავდა იმ შფოთვას, ექიმთა მოსაცდელები რომ არის სავსე. ვეებერთელა გვიმრის ფოთლებიდან ასხლეტილი მწვანე შუქი ფაფუკ სავარძლებზე და თავად ექიმი, თვით ვალენტინ ვიშნევსკი, რომელიც ნათელ, ტროპიკულ კუთხეში იჯდა და საოცრად „ჩემიანი“ ჩანდა. ახალგაზრდა ასაკისა, თბილი მზერით, პირთხელი, ცხვირა, გრძელი კისერი, თეთრი პერანგშეხსნილი საყელო… საიდან იცის ძირისძირამდე ადამიანის სულის მაღაროები? მოგანდომებს, ვალიკი დაუძახო და დაპატიჟო სტუმრად, ვერანდაზე ჩაის დასალევად ღამის ტყის სიმღერის ფონზე…

– გამარჯობა, ჯირი მიხოვიჩი ბრძანდებით, ხომ?

– დიახ, ექიმო.

– უბრალოდ ვალიკი დამიძახეთ… რას შეყოვნდით? თამამად… ლიმონათი? კოლა?

– გავკადნიერდები და… ჭიქა კონიაკი შეიძლება?

Continue reading “მემკვიდრეები”

მე მოვედი

იულია ოსტაპენკო

ხმაური ჯერ მაშინ შემომესმა, სანამ ქორედის კარს მივადგებოდი. ყვირილი, ტკაცუნით გაწნული სილა, კიდევ ერთი შეკივლება და ყრუ ტირილი. შევყოვნდი წუთით, ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი – ბოლოს და ბოლოს, ვინ ვარ მე მისთვის?.. კვლავ თქვა რაღაც. ამ ჯერზე უფრო ჩუმად და ქალი ატირდა ისევ. მოახლეს სცემს? არა მგონია. ცოლია, ალბათ, ან – ქალიშვილი.

მივუახლოვდი კარს, დავაკაკუნე, და ნაჩუმათევად ჩავახველე.

ხმა მიიკარგა.

– ვინ არის?

ძარღვებაფოფრილი ჩანდა. მე ისევ შემრცხვა. მინდოდა, ზურგი მექცია და წავსულიყავი, თუმცა, ყოველთვის ასე მინდა ხოლმე. არაფერი – ახალი. ასეთი მშიშარა ვარ.

– მე.

– ვინ – მე?!

მართებული კითხვაა, რა თქმა უნდა, მაგრამ პასუხი არ მაქვს. მისთვის – არ მაქვს.

Continue reading “მე მოვედი”

რბილი სათამაშოების სადგური

ვოლოდიმირ არენევი (ვოლოდიმირ პუზიი)

(კიევური ამბები)

…როგორ იყო? – ვიყავი, დავისვენე, შთაბეჭდილებების გუდა მოვკარი… ისე, როგორც ყველა აკეთებს. არაფერი განსაკუთრებული.

ამბობენ, შვებულება იმდენ ხანს გრძელდება, სანამ დასვენებით არ დაიღლებიო. ალბათ, სისხლში გვაქვს – არ ვართ დასვენებას ჩვეული. გვაკლია ყოველ დღე ჩხუბი, დილიდან მოყოლებული. ლიფტის კარიდან დაწყებული, რომელიც ყველა სართულზე კი ადის, მაგრამ მხოლოდ ლუწ სართულებზე გამოიძახებ, ავტობუსში შეტენვა, უფროსობასთან კამათი… რა გითხრათ, თავადაც კარგად იცით… აკვნიდან ბრძოლას ვსწავლობთ, დასვენებას – მხოლოდ სიბერეში… ვინც სიბერემდე მიაღწევს.

… რა ხანია, ბავშვებთან არ ვყოფილვართ. იმათ საკუთარი ცხოვრება აქვთ, ჩვენ – ჩვენი. გეგონება, სხვადასხვა კონტინენტზე ვცხოვრობთ… ასეც უნდა იყოს, ალბათ. სევდა კი გეუფლება ხოლმე, მაგრამ, ასე სჯობია…

Continue reading “რბილი სათამაშოების სადგური”

ხუთი წუთი ნისიად

ჰენრი ლაიონ ოლდი

გზად ავად გავხდი.
გარბის სიზმარი, თავს ევლება
მზით დამწვარ მინდვრებს…
ბასიო

ცხონებული ილია არკადიევიჩი ჩვენი ქალაქის სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთა კლუბის ბოლო შეხვედრაზე გავიცანი, როდესაც კიდევ ერთი გულუბრყვილო დამწყები ავტორის ჩაქოლვის ჟინს აეტაცა ყველა. ახალგაზრდას ის-ის იყო დაესრულებინა საჯარო კითხვა და სათნო მაზოხისტური ღიმილით ყურს უგდებდა კრიტიკოსებს.

მორიგი პროკურატორი გზას რომ მიიკვლევდა ტრიბუნისკენ, დრო ვიხელთე, სიგარეტი გამოვემათხოვრე და დარბაზიდან გავედი. გამოგიტყდებით, არ ვეწევი, მაგრამ დეფიციტური წიგნები უნდა დაერიგებინათ და მერჩივნა, კიბესთან დავლოდებოდი და არა – განკითხვის დარბაზში.

საფეხურებზე დროული კაცი ჩამომჯდარიყო, საპენსიო ასაკისა, თითებს შორის გაჩხირული „პრიმით“, ასანთის გაკვრას კი, აშკარად, არ ჩქარობდა.

– ვხედავ, არც თქვენ ეწევით, – მითხრა და გამიღიმა.

Continue reading “ხუთი წუთი ნისიად”

NEVERMORE

ჰენრი ლაიონ ოლდი

იჯდა დინჯადა განრისხებული,
მეც შევცქეროდი განცვიფრებული.
მეღიმებოდა. მოვყვე ხუმრობას
შევეყბედე, ვაფიცებ ძმობას :
„თუ გწამს უფალი, პირდაპირ ჩემსა
სიდან მოჰფრინავ, მითხარი, დღესა?
რომელს მხარესა წინად სცხოვრობდი?
ან ამ ქვეყანას წინადაც სცნობდი?
თუმც არ გასხია ტანზე აბჯარი,
მაგრამ გეტყობა ძველი გაქვს გვარი,
შენი სახელი, მითხარ, რა არი?“
პასუხად მესმა მისი ყრანტალი :
„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!”
ედგარ ალან პო. “ყორანი”
(ვაჟა-ფშაველას თარგმანი)

…მკვდარი თალხი ტალღები თავს ევლებოდნენ მკვდარ, გამოღრღნილ ქვიშას და უკან გარბოდნენ ისევ. მდორედ, როგორც ქანქარა. დუჟმომდგარ ზღვას უძირო ხახა დაეფჩინა და ღრუბლებად აქოჩრილ ზეცას კოცნიდა სადღაც შორს, ჰორიზონტზე. ატმოსფერო დაღარული იყო და ორმოებად გაბნეული მორევი ელოდა ქარიშხალს.

ზეცას სდიოდა დორბლი და ხანგამოშვებით უხალისოდ აფურთხებდა დედამიწას, როგორც სანერწყვეს. დანერწყვილ ალაგს მიწას სდიოდა ოხშივარი, ეკვროდა დაკოჟრილი ქერქი. თუმცა, პლანეტა რამდენი წელია უკვე, იწვოდა ასე. ქარი ძრწოდა სანაპიროზე, რამდენიმე, ჯერ კიდევ გადარჩენილ სახლს ფანჯრებში უმზერდა სტვენით, აშრიალებდა ტურტლიანი ფერფლის სუდარას და აშიშვლებდა მათ ქვეშ დამარხულ ძვლებს. ცა გულგრილად დაჰყურებდა ნეშტებს. ისინი არად ანაღვლებდა ცას.

Continue reading “NEVERMORE”

სძინავთ თუ არა პეპლებს ფრენის დროს

ვოლოდიმირ არენევი (ვოლოდიმირ პუზიი)

(მოგზაურის წიგნაკიდან)

დედაქალაქს ვუახლოვდებოდით, როდესაც “ყველა ბუდას გზაჯვარედინთან” რაღაცამ ჭახანი გაადინა, ეტლი, თითქოს, ჩაეფლო და გაჩერდა. ჩიტივით მფრინავი „ტროიკა“[1] დადგა და ყელზე შებმული ეჟვნები დაარისხა. მეეტლე რაღაცას ხლაფორთობდა, თან ვიღაცას თუ რაღაცას ძვირი სიტყვით ამკობდა. ბოლოს კარი გამოაღო და: „ცოტა ხანს შევისვენოთო“.

უკანა თვლის ღერძი გამტყდარიყო. უკვდავების წყალი კი ჰქონდათ საპკურებლად, მაგრამ ნახევარი საათი მაინც დასჭირდებოდა, სანამ გამრთელდებოდა და ერთი მაგდენი კიდევ, სანამ გასხლავდნენ – უკვდავების წყალმა ასე იცის, მოჭრილ მორს თუ მოასხამ, გააცოცხლებს და შეფოთლავს ხოლმე.

კარის გრძნეულმა, რომელიც ჩვენთან ერთად მგზავრობდა, შემოგვთავაზა: თუ ინებებთ, ჩემსას ვცდი, ეგებ, უფრო სწრაფად ვუშველოო. გვთხოვა, მოშორებით დავმდგარიყავით და საქმეს შეუდგა.

Continue reading “სძინავთ თუ არა პეპლებს ფრენის დროს”