თვალ-კენარი

მახსოვს, ზაფხული იყო. ივლისი. ბორჯომში ვისვენებდი. იქ ერთი ბიჭი იყო. მე ძალიან დიდი მეგონა, თუმცა, პატარა რომ ხარ, ყველა უფროსი ძალიან დიდი გგონია, მერეა რომ ასაკში ზღვარი იშლება ხოლმე. ჰოდა, ის ბიჭი, ალბათ, ჯერ ისევ თინეიჯერი იყო, მაგრამ მე, სკოლის მოწაფეს ძალიან დიდი მეჩვენებოდა. სათვალეს ატარებდა და თან ძალიან უცნაურ სათვალეს – მზეში სათვალის შუშები ფერადი იყო და ჩრდილში კი თეთრდებოდა. შურიანი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, ღმერთმანი (მხოლოდ – ზომიერად :)), მაგრამ იმ ბიჭისა ძალიან მშურდა – მეც მინდოდა ეგეთი ჯადოსნური სათვალე. მახსოვს, ხმამაღლა ვთქვი, ნეტა ასეთი სათვალე მეც მქონდეს-მეთქი და მამაჩემმა მითხრა – მაგას ეგ სათვალე იმიტომ აქვს, რომ თვალს აკლიაო, შენ კიდე ჭკუას, მაგას რომ შეჰნატრიო. 🙂 ჰოდა, გავიდა დრო და იმ ბიჭის ასაკისა გავხდი და ამიხდა კიდეც ის ნატვრა… ვინ იცის, რამდენი რამე მინატრია ბავშვობაში და მარტო ორი ამიხდა – ერთი თვალს დამაკლდა და მეორე დისნეილენდში მოვხვდი. თან ჯერ ცუდი ამიხდა და მერე კარგი. 🙂 ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილიო – დავითის მცნების თანახმად.

Continue reading “თვალ-კენარი”

სათვალიანი პოსტი

ერთი სათვალიანი პოსტი უკვე დავწერე ადრე (ჩამიპაჭუნე თვალი, ილარიონ). ეს პოსტიც სათვალიანი იქნება და ბლოგის სათვალიან მკითხველებს უფრო დააინტერესებს ან იმ მკითხველებს, რომლებსაც სურთ, გახდნენ სათვალიანები. 😉

მეორე სათვალიანი პოსტიც პირველის მსგავსად უნდა დამეწყო –  ახლაც, როგორც მაშინ, ინტერნეტ-მაღაზიაში ვიყიდე “ლაკოსტის” სათვალის ჩარჩო, ახლაც, როგორც მაშინ, ჩამოვატანინე USA2GEO-ს, ახლაც, როგორც მაშინ, წავედი “რონიკოში” და… მსგავსებაც ამით დასრულდა. “რონიკოში” შორს დაიჭირეს – ასეთ ჩარჩოში, –3-ზე მაღალნომრიან ლინზას ვერ ჩავსვამთო. არაფერი გამოვაო…

ჩემი ახალი ჩარჩო ე.წ. rimless/drill-mount ანუ უფერსო ტიპისაა. ლინზა უნდა მოიჭრას, ირგვლივ კიდეები გაპრიალდეს (რომ ყოველი მხრიდან გამჭვირვალე გახდეს), გაიხვრიტოს და საგანგებო პლასტმასის კავებით (საჭერებით) სათვალის “ყურები” და ცხვირის ძგიდე ზედ დამაგრდეს –  შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ტიპის ჩარჩო კი არ იჭერს ლინზებს, არამედ ლინზები იჭერს ჩარჩოს… რა თქმა უნდა, ეს ყველა გაწაფულ ხელს, ცოდნასა და შესაფერის დანადგარებს მოითხოვს. იოლი არაა, მაგრამ არც შეუძლებელია.

Continue reading “სათვალიანი პოსტი”

ჩამიპაჭუნე თვალი, ილარიონ

ჩამიპაჭუნე აბა თვალი, თუ შეგიძლია.
ნოდარ დუმბაძე. “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”

ბევრი-ბევრი წლის წინ ავტობუსში ვიდექი უკანა ფანჯარასთან, ხელში სასკოლო ჩანთა მეჭირა, ერთ ჯიბეში “პრაეზდნოი” მედო, მეორეში – საკორჟიკე 40 კაპიკი და სუფთა სინდისით, წრფელი გულითა და მახვილი მზერით გავცქეროდი მანქანებს ქუჩაში… უცებ მივხვდი, რომ ნომრებს ვერ ვხედავ… აი, იმწამს მშვენივრად ვარჩევდი და ამწამს უკვე ვეღარ ვარჩევ, ორიანია… ხუთიანია… სამიანია, თუ რა ჯანდაბაა… ასე დამეცა, მეცნიერულის ენით რომ ვთქვათ, მიოპია და მდაბიურ ენაზე რომ ვთქვათ – ახლომხედველობა (მოგვიანებით ექიმი დაჟინებით მიმტკიცებდა – ეგრე არა ხდება, ალბათ ნელ-ნელა გაგიუარესდა და ვერ შენიშნეო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ზუსტად ისე, ერთბაშად მოხდა, როგორც ახლა მოვყევი).

ბებიაჩემმა თქვა, რატომ არ დამეფსა თვალები, სადილობის დროს რომ კითხულობ აი, სულ მაგის ბრალიაო (მაგის ბრალი ის იქნებოდა, კუჭი რომ ამშლოდა, თვალი რა შუაშია?), არადა, შესაცხადებელი რა ჰქონდა – რაც თავი მახოვს, სწორედ მის სახლში, მის საწერ მაგიდაზე ვათვალიერებდი ატელიეში გადაღებულ ერთ ძველ ფოტოს. ფოტოზე კოხტად, ევროპულ მოდაზე გამოწყობილი წყვილი იყო – ჩემი დიდი ბებია და ბაბუა – მამაკაცი კოსტიუმში, ბაფთითა და პენსნეთი.

Continue reading “ჩამიპაჭუნე თვალი, ილარიონ”