And what about business suit…

თანამედროვე მოდა ნაკლებად ფორმალური და ძალიან დემოკრატიულია. გასული საუკუნის დასაწყისის აუცილებელი ატრიბუტი – საქმიანი (ბიზნეს) კოსტიუმი, დღეს შეიძლება, 360 დღე გარდერობში ეკიდოს და მშვენივრად ჩანაცვლდეს არა-წყვილი ქურთუკითა და შრავლით, მაგრამ, ეგებ, წელიწადში 5 დღე მაინც შეგხვდეთ ისეთი, როდესაც მისი ჩაცმა დაგჭირდეთ – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიზნეს-შეხვედრები, მოლაპარაკებები, ოფიციალური ღონისძიებები და საღამოები, რომელთა დროსაც კოსტიუმის ჩაცმა აუცილებელია, ასევე გასაუბრება (ე.წ. ინტერვიუ) სამსახურის დასაწყებად, როცა კოსტიუმი ყველაზე სანდო და წაუგებელი ვარიანტია.

თუკი კოსტიუმი იშვიათად გჭირდებათ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გიწევთ მისი ჩაცმა, სჯობს, ერთბორტიან და 2 ან 3 ღილიან  ვარიანტს მიანიჭოთ უპირატესობა – ის უფრო ნეიტრალური, ნაკლებ პრეტენზიული და უნივერსალურია.

შალის კოსტიუმი

საუკეთესო ქსოვილი კოსტიუმისთვის – არის მაღალი ხარისხის წმინდა შალი. ასეთი მატერია საკმარისად თბილია, ზამთარში რომ არ შეგცივდეთ და საკმარისად გრილი იმისთვის, რომ ზაფხულშიც არ დაიღვაროთ ოფლად.

შალის ხარისხს ასევე განსაზღვრავს ძაფის ძახვის (ანუ გრეხვის) რაოდენობა – რაც მეტად გრეხილია შალის ძაფი, უფრო მაღალია ხარისხი. მაღალი ხარისხის შალის ქსოვილისთვის მინიმალური სტანდარტი არის 100. შესაბამისი აღნიშნვა კოსტიუმის იარლიყზე შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც “twisted wool 100 ”, “twisted 100”, “high-twist 100”, “super 100”… ცხადია, კიდევ უკეთესია “super 110”, “super 120” ქსოვილი.

მსოფლიოში საუკეთესო შალის, ქაშმირის ქსოვილის მწარმოებლები ინგლისსა და იტალიაში არიან, მათგან კი Loro Piana-ს ოჯახია ერთ-ერთი უპირველესი. Loro Piana-ს შალისგან იკერება Brooks Brothers-ის შესანიშნავი კოსტიუმებიც.

რაც შეეხება ფერს:

ნაცრისფერი – ყველაზე ნეიტრალური ფერია. მას ფერთა შვეიცარიასაც კი უწოდებენ. 🙂 ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი კომფორტულად გრძნობს თავს, პრაქტიკულად, ნებისმიერ ვითარებაში – იქნება ეს ინტერვიუ, მოლაპარაკება თუ საქმიანი სადილი.

მუქი ლურჯი კოსტიუმიც უნივერსალურია. გამოდგება როგორც საქმიანი, აგრეთვე, არაფორმალური შეხვედრებისთვის. თუ რაიმე ღონისძიებისას ლენტის გაჭრა ან სიტყვით გამოსვლა მოგიწიათ – მუქი ლურჯი კოსტიუმი კვლავ იდეალურია. 🙂

შავი კოსტიუმი – იყო დრო, შავი ფერის კოსტიუმი შეუცვლელი იყო. დღეს მის მიმართ დამოკიდებულება ერთგვაროვანი არაა. ერთნი, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – ოფიციალურ საღამოებსა და მიღებებზე ან გასვენებებში თუ იცვამენ, მეორენი (როგორიცაა, მაგალითად ქენეთ ქოლი) მას კვლავ ყველაზე მოდურად და მამაკაცის გარდერობის ფუძედ მიიჩნევენ.

მოკლედ, შეიძინეთ შავი კოსტიუმი. მასში ჯვარსაც იფსკვნით და მასში გაგასვენებენ კიდეც. 🙂

ზაფხულის კოსტიუმი

ზაფხულის კოსტიუმის შესაკერად, ჩვეულებრივ, კვლავ და კვლავ თხელ შალს, ბამბას და ტილოს იყენებენ. ტილო ცხელ ამინდში, მართლაც, საუკეთესო ქსოვილია, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ნაკლებად გამძლეა, ამასთან, სულ იოლად იჭმუჭნება.

საუკეთესო ხარისხის ე.წ. ირლანდიური ტილოს (Irish linen) ქსოვილია. ეგრეთ წოდებული, ვინაიდან დღეს იგი, უმეტესად, საფრანგეთში, ბალგიასა და ჰოლანდიაში იწარმოება, თუმცა, თავად მცენარის (სელის კონკრეტულ სახეობის) წარმომავლობა ირლანდიურია.

ბამბა, ზოგადად, შესანიშნავი ბუნებრივი მასალაა – ფაფუკი, გრილი, სუნთქავს და მუდამ მოდურია, მაგრამ, სამწუხაროდ, აბსოლუტურად გამოუსადეგარი, როდესაც საქმე ბიზნეს-კოსტიუმს ეხება. ბამბა იდეალურია სპორტული ქურთუკისთვის. ბამბის კოსტიუმს კი მეტისმეტად casual იერი აქვს.

იაფი კოსტიუმი

შალისა და ტილოს გარდა, კოსტიუმების შეკერვისას, აგრეთვე, იყენებენ  ხელოვნურ ქსოვილსაც.

ხელოვნური მასალა – პოლიესტერი, მიკროფიბრა და სხვ. ხშირად გამოიყენება იაფფასიანი კოსტიუმის წარმოებისთვის. მაგრამ, ვინაიდან ორი-სამი საქმიანი კოსტიუმი გარდერობში სრულიად საკმარისია და მათი ჩაცმა იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევაში  გვიწევს, ვერანაირ მიზეზს ვხედავ, ასეთ დროს იაფფასიან იმიტაციას გამოვეკიდოთ.

მაგრამ, თუკი ბუნებრივ ქსოვილზე ალერგია გაქვთ 🙂 ან იაფ და ყოველდღე ჩასაცმელ ვარიანტს ეძებთ – მიკროფიბრა, ალბათ, საუკეთესო ალტერნატივაა. ის თანამედროვე ქიმიური ტექნოლოგიის შვილია. თხელია, მსუბუქია, გამძლეა, ნაკლებად იჭმუჭნება, წყლისაც არ ეშინია და “სუნთქავს” კიდეც, თუმცა, მაღალი ხარისხის შალთან შედარებით, ნაკლებ ელეგანტურად გამოიყურება.

პოლიესტერი არ იჭმუჭნება და, ამ მხრივ, სამგზავროდ კარგი ვარიანტი უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიესტერი არ “სუნთქავს” და ამგვარ კოსტიუმში სიგრილეშიც კი დახუთვა არ აგცდებათ.

კი მაგრამ – აბრეშუმი???

აბრეშუმი – მაფიოზების, შოუმენებისა და პიჟონების საყვარელი ქსოვილია 🙂 როგორც იტყვიან, no comment.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:

ამბავი ხუთ შარვალზე

ამბავი ხუთ ქურთუკზე

 დიდი სამეული: ბლეიზერი, ქურთუკი, პიჯაკი

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

8 thoughts on “And what about business suit…”

    1. კოსტუმს გააჩნია 🙂
      და ჰალსტუხს.
      ბევრი ზედმეტად კონსერვატული, “ბაბუის გარდერობიდან” ჰალსტუხით აფუჭებს საქმეს. არადა მთავარია, open our mind!

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.