“პალიტრის” წმინდა ქართული 50-ეული

არასაკონკურსო პოსტი

50-booksინგლისელ დეტექტივისტს, ჰეიერს ასეთი რომანი აქვს – “წმინდად ინგლისური მკვლელობა” – დანაშაულზე, რომელიც მხოლოდ ინგლისში შეიძლება, მომხდარიყო. “მედიასახლ პალიტრის” პროექტის “სანამ ცოცხალი ხარ წასაკითხი 50 წიგნის” მონაწილეთა მიერ შედგენილი სიაც ძალიან ქართულია… კარგია მერე – ასეც უნდა იყოსო, მეტყვით. მართალია, ასეც უნდა იყოს, მაგრამ არ მომწონს მე ეს სია და არც ის საზოგადოება მომწონს, ეს სია რომ შეადგინა. და საკუთარი თავიც არ მომწონს – მეც ხომ ამ საზოგადოების წევრი ვარ.

სია ძალიან ქართულია არა იმიტომ, რომ იქ არის რუსთაველი, დუმბაძე ან ტურაშვილი, სია ძალიან ქართულია იმიტომ, რომ იქ არ არის ასტრიდ ლინდგრენი, არ არის ლუის ქერალი, არ არის სელმა ლაგერლოვი… არ არის “ვინი პუჰი” – წიგნი, რომლის მხოლოდ ინგლისურენოვანი გამოცემის ტირაჟმა 70 მილიონს გადააბიჯა და რომელიც მსოფლიოს ხალხთა ყველა ენაზეა ლამის ნათარგმნი, ასე განსაჯეთ – ლათინურზეც კი.

გუშინ მეც გახლდით პრეზენტაციაზე. სერიის პირველი წიგნი, ბალზაკის “შაგრენის ტყავიც” გადავფურცლე და (მიუხედავად იმისა, რომ მომავალი, იმჰო :), ელექტრონული წიგნისაა), გამოცემის ხარისხით და გაფორმებით მოვიხიბლე, მაგრამ ეს სერია ბიბლიოფილებზე უფრო, მგონი, ფსიქოლოგებს  დააინტერესებთ. იქნებ, მათ მაინც გამცენ პასუხი – რატომაა, რომ ჩვენთან დიდებს აღარ გვახსოვს, რომ ოდესღაც პატარები ვიყავით? ოდესღაც ვერ ვცნობდით ასოებს და ბებიები გვიკითხავდნენ ერთი უცნაური გრძელწინდა გოგონას ამბავს? ოდესღაც ვჩქარობდით, გვესწავლა ანბანი, რათა გაგვეგო, თუ ვინ იყო ის პატარა, ცეროდენა ბიჭი, ბატს რომ შემოჯდომოდა კისერზე და სადღაც მიფრინავდა. ოდესღაც წავედით სკოლაში და ჯადოსნურ ტყეში დავტოვეთ ჩვენი მეგობრები – ნახერხით თავგამოტენილი დათუნია, პატარა გოჭი, სევდიანი ჩოჩორი და კიდევ სხვები. ნუთუ, ეს ყველაფერი არ ყოფილა? ნუთუ, ყველამ ჯოისის “ულისეთი” დავიწყეთ კითხვა?

პირველი წიგნი პირველი კოცნასავითაა – ის არასდროს გავიწყდება. არც უნდა დაგავიწყდეს. არ დავიწყნიათ ამერიკელებს. არ დავიწყნიათ ინგლისელებს. არ დავიწყნიათ ავსტრალიელებს (დაგუგლეთ ჩემსავით 50 books you should read before you die და დარწმუნდებით). ქართველებს კი დაგვავიწყდა.

კარგი ფილმია ერთი – “სწორედ ის მიუნჰაუზენი” – სადაც ბარონი მიუნჰაუზენი ასე ამბობს: “გეყოთ ჭკვიანური იერის მიღება, ყველაზე დიდ სისულელეებს ადამიანები სწორედ ამგვარი იერით სჩადიან!”-ო. კი იყო ცნობილი ცრუპენტელა, მაგრამ ამ ერთხელ, ვფიქრობ, ნამდვილად დაეჯერება.

ჰოდა, ქართველო მკითხველნო და მწიგნობარნო, გვეყო ამ სერიოზული როჟების კერვა, გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობის ფურცლებგაყვითლებული, აქა-იქ დაფლეთილი და, ეგებ, ფლომასტერითაც გვერდგათხაპნილი წიგნები და თავიდან გადავწეროთ ეს 50-ეული.

***

P.S.

ახლა მკითხველობას გვერდზე გადავდებ და ორიოდ სიტყვას დავწერ, როგორც მარკეტოლოგი.

წიგნები ბიზნესია. ბიზნესი რომ ხანგრძელი იყოს, ხვალინდელ დღეზე უნდა ვიზრუნოთ. “პალიტრის” სია ამგვარია იმიტომაც, რომ გამოკითხვაში, ალბათ, მხოლოდ უფროსები მონაწილეობენ. ეს გუშინდელ პრეზენტაციაზე შეკრებილთა ასაკიდანაც ნათლად ჩანდა. მიაწვდინეთ ხმა ბავშვებს – მათ უნდა შემოაღონ ხვალ “ბიბლუსის” კარი!

საქართველოში ბავშვები მიჩვეულნი არიან, რომ ჩვენ, უფროსები დღენიადაგ მხოლოდ ჭკუას ვარიგებთ. უთხარით, რომ მათი აზრი გვაინტერესებს. უჩვენეთ, რომ მათი ხმაა სწორედ გადამწყვეტი. დაურიგეთ ფლაერები. მიაწოდეთ კითხვარი შესავსებად. სკოლებში. კინოთეატრებში საბავშვო სეანსების დროს. “მაქდონალდსში”…

  • “მაქდონალდსი” კრიტიკის მუდმივ ქარ-ცეცხლშია, აქაოდა ბავშვების ჭარბი წონა მხოლოდ ბურგერის დამსახურება იყოს, ამიტომ, ის ზრუნავს თავის იმიჯზე და მრავალ აქციაში მონაწილეობს – აფინანსებს ბავშვთა სპორტულ სანახაობებს, საბავშვო კლინიკებს… მომავალ თაობაში წიგნის პროპაგანდა წაადგება მის იმიჯს და ამ აქციაშიც, ალბათ, სიამოვნებით ჩაებმეოდა…

არ გასწავლით. არც სხვის საქმეში ვყოფ ცხვირს, მაგრამ უფროსების მიერ ჭკვიანი იერით შედგენილი “100-ზე მეტი დაწინაურებული წიგნის სია”, რომელიც “კვირის პალიტრამ” გამოაქვეყნა, არ ვარგა.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

22 thoughts on ““პალიტრის” წმინდა ქართული 50-ეული”

  1. შარზე ხარ ახლა შენ. 🙂
    ვნახე ეგ სია და “სამი მუშკეტერი” იქ არის. მშვენიერი საკითხავია ბავშვისთვის. კიდევ არის სხვა საბავშვო ნაწარმოებები.

    Like

    1. ნუ ინტრიგნობ!
      მე ვგულისხმობ ნაწარმოებებს, რომლებიც დაიწერა საგანგებოდ ბავშვებისთვის. დიუმა ყველა ასაკისთვის წერდა.
      თან, ადამიანმა ბიჭუნას ასაკში როა, კარსლონი თუ არ წაიკითხა და პეპის ასაკში – პეპი, დიუმას ასაკისა რომ გახდება “სამ მუშკეტერს” წაიკითხავს? 🙂

      Like

  2. გეთანხმები. ისე, ასტრიდ ლინდგრენი რომ არ იყო სიაში და ვერ შევამჩნიე, ამისთვის თავში უნდა მირტყა :დ

    ბარონი მიუნჰაუზენი, ღმერთო ჩემო, ისე მიყვარდა კითხვაში შემომეფლითა დიდი ხნის წინ. ისე, ქართული გამოცემა აღარ შემხვედრია 😦
    “სამი მუშკეტერი” საბავშვო არაა 🙂

    აუ. ლორდ, არის საბავშვო ბიბლიოთეკის სერიები, სახლში მაქვს რამდენიმე წიგნი ამ სერიიდან. ნეტა კიდე გამოდის?

    Like

    1. “სამი მუშკეტერი” საბავშვო არაა

      ეგ შენთვის და ჩემთვის არაა, მაგრამ ეგ კომენტარი ვინც დატოვა – ვუნდერკინდია.
      3 წლისამ ვინი პუჰი წაიკითხა. 6-სამ “სამი მუშკეტერი”. 12-სამ “ულისე” და 25-ისთვის უკვე ყველაფერი წაკითხული ქონდა რაც დაწერილა.
      ახლა ზის და ჩემს ბლოგს კითხულობს. :):)

      Like

  3. ბავშვებისთვის ცალკეც შეიძლება სიის გაკეთება. ჩემს დიშვილს ზღაპრები უყვარს და ჯერ მაგას გვაკითხებს ხოლმე. რომ გაიზრდება მერე პეპისაც წაიკითხავს.

    Like

  4. ბავშვს 50 წიგნი სულ არ ექნება წაკითხული, ამიტომაა ალბათ რომ ძირითადად მშობლებმა შეავსეს.
    დანარჩენში გეთანხმები. კარლსონის, ვინი პუხის გარეშე არ გამოვა სია სრული.

    Like

    1. ჰო მაგრამ რამდენიც აქვს. მაინცადამაინც 50 კი არ უნდა ჩამოაწიკწიკო. 🙂
      მე გუშინ სულ ერთი წიგნი ჩავწერე. 🙂

      Like

  5. მიყვარს, როდესაც წიგნებზე წერ. 🙂
    ვინი პუხი რატომ დაგვიჩაგრეს? 🙂
    მე კიდე ჩიპოლინო მიყვარდა ბავშვობაში ძალიან.

    Like

    1. და ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში. კიდევ ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები. ეს განსაკუთრებით მიყვარდა. იუმორითაა დაწერილი.

      Like

  6. ასტრიდზე ყველაზე მეტად დამწყდა გული…გასაგიჟებელია, მარა იმედს ვიტოვებ…

    ვადერ ძალიან მაინტერესებს, სხვა ქვეყნების 50–ები. ეგრე კი დავსერჩე, მარა ვერაფერს მივაგენი… იქნებ დალინკო აქ, ან ფეისბუქზე ჩემს ვოლზე მიმილინკე რა. :))

    Like

  7. me yvela cigni miyvarda bavshvobashi
    ra agar camikitxavs

    magram shemorchenit rogorc kvelaze kvelaze tkbili mxolod astrid lingdreni da mefe mateush pirveli maxsendeba

    me vici rac unda cavakitxo chems shvils sanam is bavshvi iqneba, magram es namdvilad ar aris 3 mushketeri 🙂

    Like

  8. ჩვენთან, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურა ლიტერატურად არ მიაჩნიათ. ჯერ თვითონ ტერმინი “საბავშვოც” ძალიან საკამათოა… ასევე ამრეზით უყურებენ ფენტეზის, საი-ფაის და სხვა ჟანრებს, რომლებიც არ ჯდება რაღაც ფსევდოინტელექტუალობის ჩარჩოებში. რა სნობი ერიც ვართ, ის სიაც შევადგინეთ 😦

    Like

    1. მართალი ხარ.
      თუმცა, სნობი შეიძლება იყო… ალბათ (ხანდახან) მეც ვარ სნობი 🙂
      მაგრამ არ უნდა გეშინოდეს რომ ხანდახან არ იყო სნობი. 🙂

      ისე, ვინი პუჰზე რომ დავწერე პოსტი და მერე ქონან დოილზე იქაც დავწერე, რომ ნობელის კომიტეტიც უკიდურესო სნობია.
      ე.წ. საბავშვო ლიტერატურა პრემიის გარეშეა. დეტექტივები პრემიის გარეშეა. ფანტასტიკაც და ფენტეზიც პრემიის გარეშეა.

      დაკლიშეს ლიტერატურა და დაახარისხეს “სერიოზულ” და “არასერიოზულ” ჟანრებად.

      Like

  9. არც მე არ მომეწონა ეგ 50ეული სასტიკად თან! ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ლინდგრენი ან ვინი პუჰი არ იყო (ეგ ცალკე საკითხია კდევ), არამედ იმიტომ, რომ ახალი არაფერი ყოფილა 🙂
    ძალიან ბევრი ისეთი წიგნის წაკითხვა მინდა, რომლებიც ან ჯერ არაა თარგმნილი, ან როცა გამოიცა ძალიან მცირე ტირაჟით გამოიცა… მოკლედ მე პირადი მიზეზები მქონდა, ბეგბედერის გარდა ისეთი წიგნი არ გამოსულა ჯერ მანდ წაკითხული არ მქონდეს, გადაღეჭილი რაღცეებია. დიკენსი რა შესატანი იყო ან მაინ რიდი ნეტავი 🙂 ორივე მიყვარს მარა მაგათ წაუკითხავად ნამდვილად არ მოვკვდები.
    ხოდა კიდევ ერთი, 50 არის 50 და მეტი ვერ ჩაეტევა. თუ მაგ სიაში ლინდგრენი და ვინი პუჰი ვერ მოხვდა, არ ნიშნავს, რომ ქართველებს ცუდი გემოვნება აქვთ, შეიძლება იმას ნიშნავს, რომ ყველამ არ იცოდა სია რომ უნდა შეევსო ან სად და როგორ შეევსო 🙂 იმ ასაკის ხალხი, რომელიც მართლა კითხულობს, ინტერნეტთან და კომპთან მწყრალად არუს (თბილისელებს არ ვგულისხმობ).

    Like

  10. მე კიდევ რაღა დაგიმალოთ და ღრმად მეკიდა :))) არ მაინტერესებდა არც სია და არც არაფერი. სასწავლო რეჟიმის პერიოდში იმდენად წათიშული ვარ, რომ აზრი არ მეკითხება , შესაბამისად საკითხავის არჩევა კი არა ხანდხან ლამის ბოტასებით მძინავს. ამიტომ როცა ორმოცდაათეულის წიგნები მომდიოდა პრეტენზიას არ ვაცხადებდი, მთავარია რამე წამეკითხა.
    ოღონდ ქართველები რომ ამას წესიერად ვერ გააკეთებდნენ ის კი ვიცოდი. განსაკუთერბით იმან გამაბრაზა ბიბლიის შეტანა რომ უნდოდათ. ყველა ქრისტიანი ხომ არ არის საქართველოში? მაშინ უნდა შევიტანოთ ყურანი და ა.შ .
    მოკლედ ამ პროქტის ხელმძღვანელებმა ლოდი აიღონს და თავი ურტყან!

    Like

      1. კარგი უქნია 🙂
        გადავიკითხე და მომეწონა საკუთარი პოსტი 😉 ისე რომ არაფრის ჩასწორების სურვილი გამჩენია.

        Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.