ბელგიური თეთრი სპილო

OlifantTervuren-1935გინახავთ თეთრი სპილო? ბელგიური? თუ ჯერ არ გინახავთ, წინ დიდი ამბები გელით. დღე, როცა ბელგიურ თეთრ სპილოს გადაეყრებით, ერთ-ერთი დაუვიწყარი იქნება თქვენს ცხოვრებაში. ბელგიური თეთრი სპილო ხომ ბელგიური შოკოლადის ბრენდის, Côte d’Or-ის სავჭრო ნიშანია. შარლ ნეუსის (ნოიჰაუსის) (Charles Neuhaus) მიერ დაარსებული კომპანია კი აგერ უკვე საუკუნეზე მეტია, მსოფლიოში უგემრიელეს შოკოლადს აწარმოებს…

ნოიჰაუსები წარმოშობით შვეიცარელი გერმანელები არიან, აფთიაქრები (ამ გვარის წარმომადგენლებმა შოკოლადის მწარმოებელი ორი კომპანია დააფუძნეს, მაგრამ მეორეზე – სხვა დროს), შარლმა 1870 წელს დაიწყო თავისი შოკოლადის წარმოება, 1883 წელს კი კომპანია Côte d’Or ოფიციალურად დაარეგისტრირა… მგონი, კარლსონიც ამ აფთიაქრების ჩამომავალია, აბა, საიდან იცოდა განა, რომ შოკოლადი საუკეთესო წამალია?

არ ვიცი, რატომაა ეს შოკოლადი ასეთი გამორჩეული. ეგებ იმიტომ, რომ მხოლოდ ოქროს ნაპირზე, ატლანტის ოკეანეს ჰაერით გაჯერებულ და  მზის ოქროს სხივებით გამთბარი კაკაოს მარცვლებისგან მზადდება. ეგებ იმიტომ, რომ ბელგიის სამეფო ოჯახის საყვარელი შოკოლადია. ეგებ, ცხრაკლიტულში დაცულ ფორმულაშია დამარხული საიდუმლო. ეგებ – ეს ყველა ერთად. მე კი ვფიქრობ, რომ თავი და თავი ის სინდის-ნამუსია, რითიც ამ კომპანიის თანამშრომლები საკუთარ საქმეს უდგებიან. და კიდევ უდიდესი სიამაყე და პასუხუსმგებლობის გრძნობა – ხუმრობა საქმე ხომ არაა, შენი შოკოლადი ყველგან იწონებდეს თავს – სამეფო ტაბლიდან ბლოგერულ პოსტებამდე.

cote-d-or-miniბელგიაში შოკოლადს ყველგან ნახავთ. შოკოლადის მუზეუმები. შოკოლადის რესტორნები. ასე განსაჯეთ, ბარში ბელგიური ლუდიც შეიძლება ბელგიური შოკოლადის კათხით მოგართვან… ბელგია ერთ სულ მოსახლეზე 22 კილოგრამ შოკოლადს აწარმოებს და აქედან ნახევარზე მეტს თავად მიირთმევს, ჰოდა, აბა რა გასაკვირია, რომ ცნობილი ბრიუსელური ბიჭუნაც კი შოკოლადს შარდავს (კოკასა შიგან რაცა სდგასო, ამაზე უთქვამს შოთას).

ბელგიური შოკოლადი არაჩვეულებრივად არომატულია. მდიდრული გემო აქვს. ოდნავ მომწარო. შვეიცარლებისგან განსხვავებით, ბელგიელ კონდიტრებს შოკოლადის ნაწარმში რძის დამატება არ უყვართ – გემოს უკარგავსო, ამბობენ. თხილის და ნუშის – კიბატონო. პრალინე ხომ ბელგიური სიამაყეა (და ისიც ნოიჰაუსმა მოიგონა, ოღონდ – ჟანმა). ნამდვილი, ხარისხიანი შოკოლადი ისე საგულდაგულოდაა შეფუთული, ბანკის სეფი გეგონება. იმიტომ კი არა, რომ გაწვალდე, იმად, რომ არომატი არ დაიკარგოს. ვერცხლით დაფერილი ქაღალდის სისქითაც ხვდები, რაღაც განსაკუთრებული იმალება იქ. ბელგიური შოკოლადის მწარმოებელ კომპანიებში შრომის მესამედი მაინც ხელით სრულდება. რა თქმა უნდა, ეს პროდუქციას აძვირებს, მაგრამ კაკაოს მარცვლები, ბელგიელთა რწმენით, ცოცხალია და კონდიტერი მათ საკუთარი აურის ნაწილს გადასცემს. მიუხედავად იმისა, რომ  Côte d’Or დღეს ამერიკული გიგანტის Кraft Foods-ის ნაწილია, შარლ ნოიჰაუსის დაბარებულს ძველებური რუდუნებით მიყვებიან. სწორედ ამიტომ, თუკი ოდესმე ბელგიის მეფის კარზე მოხვდით, cote-d-or-classicშემოთავაზებული ტკბილეულიდან, პირველ ყოვლისა, სწორედ თეთრ სპილოს სტაცეთ ხელი. არ ინანებთ…

ისეკი, სამეფო მიწვევის ლოდინიც არაა საჭირო – ეს შოკოლადი თბილისის სუპერმარკეტებშიც იყიდება. 175 გრამი 9 ლარი ღირს ხორთუმით. 🙂

მარცხნივ სურათზე კლასიკაა. 2×75 გრამის ფირფიტა ერთ შეფუთვაში, ისეთში, როგორშიც 1911 წლიდან იწარმოება.

რა თქმა უნდა, Côte d’Or ქარხნული შოკოლადია. ის ვერ შეედრება შოკოლადს, რომელსაც სპეციალიზირებულ ბუტიკში მოგართმევენ – იქვე რომ მზადდება, თანაც, თავიდან ბოლომდე – ხელით… მაგრამ ფასიც სხვაა. თან, ამ მეორის გასასინჯად ბელგიაში ჩაბრძანება მოგიწევთ. გურმანები იმასაც ამბობენ, უბრალოდ ბელგიაში კი არა – მაინცადამაინც ბრიუგეში უნდა ჩახვიდეთო – ეს ქალაქი შოკოლადის მსოფლიო დედაქალაქია. მე კი ნამყოფი არ ვარ. 😦 ბელგიური თეთრი სპილო კი თავად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო. Bienvenue!

ფაქტების კორიანტელი:

1870 – შარლ ნოიჰაუსმა შოკოლადის პატარა მანუფაქტურა გახსნა ქალაქ სკარბეკში.
1883 – 24 აპრილს ნოიჰაუსმა ბრენდი Côte d’Or-ს დაარეგისტრირა.
1889 – ნოიჰაუსმა კომპანია მეწარმე ლეოპოლდ ბისვოლს (Léopold Bieswal) მიჰყიდა. კომპანიას ახალი მფლობელის ვაჟი, იოზეფი და მეწარმე ლამბერ მიშელი (Lambert Michiels) ჩაუდგნენ სათავეში.
1906 – ბისვოლმა და მიშელმა განახორციელეს რებრენდინგი – ასე დაიბადა ბელგიური თეთრი სპილო, რომელიც დღემდე კომპანიის უცვლელი ლოგოა.
1911 – კომპანიამ ბაზარს წარუდგინა ეკონომიური “პაკეტი” – ორი 75 გრამიანი ფირფიტა ერთ შეფუთვაში.
1930 – ბელგიურმა თეთრმა სპილომ ოკეანე გადაცურა და ამერიკის მიწაზე შეაბოტა.
1932 – ნუში ნუგაში – კომპანიის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც დღემდე პოპულარულია.
11940/1946 – ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის გამო კომერციული ნაოსნობა შეწყვეტილია და განიდან კაკაოს მარცვლების შემოტანა ჭირს, კომპანია დროებით უარს ამბობს თეთრ სპილოზე და Congobar-ის დასახელებით აწარმოებს პროდუქციას.
1947 – ომი დასრულდა, ზღვებზე სიმშვიდეა და ბელგიური თეთრი სპილო დახლებს უბრუნდება.
1965 – ბელგიური თეთრი სპილო სამეფო მიწვევას იღებს და Côte d’Or ბელგიის სამეფო კარის ოფიციალური მიმწოდებელი ხდება. ამ სტატუსს კომპანია დღემდე ინარჩუნებს.
1989 – შვეიცარელი შოკოლადის მწარმოებელი Jacobs Suchard ბისვოლისა და მიშელის ოჯახებისგან ყიდულობს კომპანიას.
1990 – Jacobs Suchard-ს ამერიკული Philip Morris ყიდულობს.
1993 – Philip Morris მის მფლობელობაში მყოფ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს და Kraft Jacobs Suchard-Côte d’Or-ს ქმნის.
2007 – Philip Morris-მა Kraft-ის აქციები გაყიდა. ბელგიური თეთრი სპილო Kraft Foods Inc.-ის მფლობელობაში რჩება და წარმატებით აგრძელებს ბაზრების დაპყრობას.
2008 – Côte d’Or თავის 125-ე დაბადების დღეს ზეიმობს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

20 thoughts on “ბელგიური თეთრი სპილო”

  1. რას ერჩოდი თამარს?
    როგორ შეიძლება ასეთ გასტრონომიული პოსტების წერა?
    შუარღამისას მაინც რამ დაგაპოსტინა სად ვიშოვო ახლა შოკოლადი? ბელგიურს არ ვჩივი . . .~
    ისე ვინიფიქრებდა რომ უბრალო შოკოლადს ასეთი ისტორია ექნებოდა?

    Like

  2. წავედი ბელგიაში!!!
    ბრიუგეში მივდივარ-მეთქი და არაო, პარიზში წადიო 🙂 ჯერ ბრიუგეში წავალ, არ ვიცი მე…
    ერთი მაგ შოკოლადის ფასსაც უნდა შევხედო, თბილისის მაღაზიებთან შედარებით ეგეც იაფია, ასე მახსოვს 🙂

    Like

  3. 3 ფუნტი ღირს 180 გრამიანი შეკვრა ლონდონში.
    ბევრად უფრო ძვირიანი შოკოლადებიც არის, მაგრამ მაგაზე იაფებიც არის დიდი განსხვავებაა არაა გემოთი.
    ბელგიური შოკოლადის რეპუტაციაა და ბრენდის ისტორია – ამიტომაა ძვირი.

    Like

    1. ეგ რომელი?
      შოკოლატერიები კია რამდენიმე. იქვე რომ აზმადებენ ან რომ შემოაქვთ ეგეთები, მაგრამ ფრანჩაიზი არ ვიცი – აი ორიგინალი რეცეპტურა რომ იყოს და კაკაო სერტიფიცირებული პლანტაციებიდან.
      მზე ბელგიურები კი არის სუპერმარკეტებში. ქარხნული შოკოლადი. ესეც და სხვა ბრენდებისაც… შოკოლადის ბუტიკი ვერაა, მაგრამ სულ არაფრობას სჯობს. 🙂

      Like

      1. თიბისისთან ჰო მახსოვს.
        1 კორპუსის პირდაპირაც იყო რაღაც. აი სეგაფრედოს მხარეს ახლოში.

        Like

  4. 9 ლარი რა ამბავია?
    გასინჯვად კაი ღირს მაგრამ ყოველდღე მაგის ყიდვა გამყიდის. 🙂 გაუმარჯოს ალპენგოლდს. 🙂

    Like

    1. ალპენგოლდიც Kraft მაგრამ რუსეთისთვის შექმნეს. იაფი და იორღა 🙂 მარა არ ვარგა იმჰო.
      იაფებიდან ნესტლეს შოკოლადი გაცილებით სჯობს მაგას.

      Like

  5. კარგი შოკოლადია, მაგრამ მაინც სტანდარტულია. ბევრი სხვა შოკოლადია მაგის მსგავსი. ლინდტი შვეიცარული. მილკა,
    სულ სხვაა შოკოლადის ბუტიკების შოკოლადი – ნამდვილი ბელგიური შოკოლადის გემო მაგას აქვს. ყველასაგან გამორჩეული გემო. <3<3<3
    ბრიუგეში არ ვარ ნამყოფი და ბრიუსელშიც მშვენიერია. 🙂

    Like

  6. აუ, ბელგიური “ლეონიდასი” რომ არის (პატარა ბიჭი რომ შოკოლადის ფისებს აკეთებს, ის) მეეჭვება ეგეთ გემრიელი კიდევ რამე არსებობდეს, ლეონიდასის ტრუფელები არის ის, რაც შემიძლია უზომო რაოდენობით მივირთვა და სინდისმაც კი არ შემაწუხოს. ტრუფელებიდა ცხელ ვაფლზე მოსხმული ცხელი შოკოლადები ზემოდან მარწყვით, :((((

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.