სტილიაგები

ამბოხის თეორია

“საბჭოთა ქალიშვილებო, გახსოვდეთ, ვინც დღეს ჯაზის მოსმენას გთავაზობთ,
ის ხვალ ორალურ სექსს მოგთხოვთ!”
გაზეთი “კომსომოლსკაია პრავდა”, 1956 წელი

Stilyagi-posterაი, ისიც – მწვანესახელოებიან ნარინჯისფერ კურტაკში, ზურმუხტისფერ ფართო შარვალსა და წითელ-შავ ფერებში გაწყობილ ფეხსაცმელებში. რაფაზე შემოჯდა და ფეხი-ფეხზე გადაიდო – მისი წინდების ფერმა ყველას თვალი მოსჭრა… – ასე გამოიყურებოდნენ ახალგაზრდები, რომელთაც 1949 წელს ჟურნალმა “კროკოდილმა” დაცინვით “სტილიაგები” უწოდა. ეგ სადაური დაცინვააო, გაიფიქრებთ. სადაური და საბჭოური, სადაც “სტილი”, დასაცინს ვინ ჩივის, კოდექსში გაწერილი სტატია იყო. თუმცა, თუ ზემოთმოყვანილ აღწერილობას ვენდობით, იმდროინდელი სტილიაგები მაინცადამაინც სტილიაგურად ვერ გამოიყურებოდნენ – უფრო ეკლექტიკურად და ეპატაჟურად, მაგრამ ეს ხომ ჯერმხოლოდ 40-იანი წლების ბოლოა – ომი ახლადდამთავრებულია, გაჭირვებაა, ახალი ოკეანესგაღმური “შმოტკები” სანთლით საძებარია, ცოცხალი უცხოელის ნახვის შანსი ქუჩაში იგივეა, რაც მფრინავი თეფშისა – ცაში. არც საზღვარგარეთული მოდის ჟურნალებია და არც ტელეგადაცემები, სამაგიეროდ არის ე.წ. “ტროფეინი” ფილმები – ეს ფილმები წითელმა არმიამ როგორც სამხედრო ალაფი ისე ჩაიგდო ხელთ, როდესაც გერმანიის უდიდესი კინოსტუდია “უფა” დაიკავა. მათი ნაწილი გერმანული იყო, თუმცა ბევრი იყო ევროპული და ჰოლივუდური ნაწარმიც. საბჭოელმა კინონომენკლატურამ ეს ფილმები გამოხშირა, იდეოლოგიურად “ნაკლებმავნეები” გადაარჩია და 40-იანების ბოლოს საბჭოურ ეკრანებზე გაუშვა.

სწორედ ისინი იქცა იმ ახალგაზრდების შთაგონების წყაროდ, თავს რომ ჩუვაკებსა და ჩუვიხებს, ან შტატნიკებს (რაკი ყველაფერ ამერიკულს ანიჭებდნენ უპირატესობას) უწოდებდნენ, ყველა დანარჩენს კი – ჟლობებს. განსაკუთრებული პოპულარობით “მზიური ველის სერენადა” სარგებლობდა – “ჩუჩა” (Chattanooga Choo Choo) შტატნიკების ჰიმნად იქცა, ხოლო ირმებიანი ნაქსოვი სკანდინავიური სვიტერი (“სერენადის” მთავარ გმირს რომ აცვია) ყველაზე სასურველ ზამთრის “პრიკიდად”. ჩუვაკებისა და ჩუვიხების სტილი დაიხვეწა, ისინი მართლა გასტილიაგდნენ. კვლავ იოლად გამოარჩევდით ხალისიანი ფერადოვნებით, თუმცა, ფერთა შეხამება უფრო ჰარმონიული და გემოვნებიანი გახდა – ღია ჰალსტუხები, ფერადი პერანგები და ტვიდის ქურთუკები, კოჭებთან მოკლე და ვიწრო შარვლები, ფეხსაცმელები მაღალ თეთრ ძირებზე, Stilyagiბრიოლინიანი ვარცხნილობა (ე.წ. კოკი) – ასეთი იყო ტიპური სტილიაგა, ვისაც გვერდს უმშვენებდა გოგონა წითელი ფერის პომადითა და მაკიაჟით, ურცხვად (მაშინ ასე ეგონათ – დღეს მათი ჩაცმულობა ერთობ მოკრძალებულად გამოჩნდებოდა) დეკოლტირებულ და წელში გამოყვანილ კაბაში. თუკი ტოდოროვსკის ფილმი “სტილიაგები” (Стиляги) გაქვთ ნანახი, იოლად წარმოიდგენთ, რას ვამბობ.

  • სხვათა შორის, ნოსოვის ნეზნაიკა თავისი ღია ფერის ჰალსტუხით, პერანგითა და შარვლით, სტილიაგის პაროდია იყო. უვიცი და უსწავლელი (აბა, როდის უნდა ისწავლოს, თუ “შმოტკებსაა” გადაყოლილი) განათლებული, ზრდილი და გონიერი ზნაიკას ანტიპოდია… მაგრამ ერთი ბავშვიც არ მეგულება, ვისაც ზნაიკა უფრო მოსწონს. 🙂

50-იანების სტილიაგების საყვარელი მუსიკა იყო ჯაზი. უმრავლესობა მეინსტრიმულ მელოდიურ და “საცეკვაო” ჯაზს ეტანებოდა, მეტადრე – სვინგს, თუმცა იყვნენ ბოპერი სტილიაგებიც. უსმენდნენ ჯაზის სხვა მიმდინარეობებსაც. ცდილობდნენ თავადაც დაეკრათ რამე.

ე.წ. ჯაზეიჯი (ჯაზის ეპოქა), რომელიც აშშ-სა და ევროპაში (მეტადრე – საფრანგეთში) სსრკ-ზე ბევრად ადრე დადგა, ყველგან თავისფულების ხანად აღიქმებოდა. მან ჩაანაცვლა კონსერვატიზმი, დაამსხვრია დადგენილი ჩარჩოები და გადალახა ზღვრები. ეს გამოწვევა იყო. თავად სიტყვაც – “ჯაზი” ტყუილად ხომ არ წარმოსდგება სიტყვიდან Jism, რაც სპერმას ნიშნავს.

თუმცაკი ვეჭვობ, სუსუსრუკუში ჯაზის ეტიმოლოგია სცოდნოდათ, ეს მუსიკალური მიმდინარეობა სულ მალე მოხვდა იდეოლოგიურად მავნებლურ რამე-რუმეების ვრცელ სიაში და მასთან ერთად – სტილიაგების ჩაცმულობაც. სტილიაგებს მილიციელები, “დრუჟინიკები” და კომკავშირული ბრიგადები იჭერდნენ, კოკს პარსავდნენ, ჰალსტუხებსა და შარვლებს უჭრიდნენ, კოლჰოტებს ახევდნენ და პომადას უდღაბნიდნენ სახეზე, მაგრამ ისინი მაინც არ ნებდებოდნენ, კვლავ უსმენდნენ ამერიკის ხმის “ჯაზის საათს” ლეგენდარულ უილის ქანოვერთან ერთად და კუსტარულ ფირფიტების ჩამწერ დანადგარებზე ფირფიტებადქცეულ რენტგენის სურათებზე ჩაწერილ ჯაზურ მუსიკას, იკრიბებოდნენ “ბროდზე” (ბროიდვეიზე – ქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე), საღამოებს ატარებდნენ Stylyagi-ussr“კოქტეილ-ბარში” და ეწეოდნენ აღვირახსნილ ცხოვრებას. პაპიროსსაც.

50-იანების შუახანს, სსრკ-ში მოტვინეს, რომ ზოგჯერ ჩათრევას ჩაყოლა სჯობს და ჯაზი დაუშვეს. 1953 წელს ეს ჩვენი ფოლადის სოსო გადაბრუნდა და სული ეშმაკს მიაწია, 1954 წელს კი მოსესტრადამ “იდეოლგიურად გამართული” “საბჭოთა” ჯაზბანდა შექმნა ედი როზნერის ხელმძღვანელობით. როზნერი სტილიაგებმა მიიღეს და მოიწონეს, მაგრამ არც დიუქ ელინგთონი გადაუგდიათ, თანაც ამასობაში სუსურუკუში უკვე როკენროლმაც შემოაღწია და საბჭოთა ცენზორებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. ელვისის აშშ-ში გამოშვებული ფირფიტის გამო (ასეთის შოვნა კი უკვე შეიძლებოდა სსრკ-ში), სულ იოლი იყო პატიმრობის გაჩალიჩება.

არადა, როგორც რუსი სტილიაგა და ჯაზმენი, საქსოფონისტი ალექსეი კოზლოვი იგონებს, სტილიაგები არასდროს ყოფილან პოლიტიკურად აქტიურნი, სტილიაგობა არ იყო საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლა, ის უბრალოდ იყო შვილების ამბოხი მამების ცხოვრების სტილის წინააღმდეგ – ამბოხი სრულიად ბუნებრივი, გასაგები და აუცილებელიც კი (სხვათა შორის, სტილიაგებს შორის ბევრი მოიძებნებოდა საბჭოთა ელიტის – პარტაქტივის, პროფესურის, აკადემიკოსების, დიპლომატების შვილები), მაგრამ ძალიან იშვიათია მამა, შვილის ამბოხი რომ უხაროდეს. საბჭოთა მამა კი სამგზის მამა იყო. ვასილი აკსიონოვი კრემლის იდეოლოგებზე წერდა – “ამათ 70 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ მიმხვდარიყვნენ – “კოკა-კოლა” მხოლოდ ლიმონათიაო”… მაგრამ, რომ ვუფიქრდები, ვერც კოზლოვს ვეთანხმები და ვერც აკსიონოვს. საბჭოთა წეს-წყობილება იდგა საყოველთაო “ურავნილოვკაზე”, სადაც ნაბიჯი მარცხნივ, ნაბიჯი მარჯვნივ – ღალატია. ღია ფერის ჰალსტუხის გამოკვანძვა, როდესაც ყველას ნაცრისფერი უკეთია, პირველი ნაბიჯი იყო დისიდენტობისკენ და “კოკა-კოლას” დალევა, როდესაც ყველა 3-კაპიკიან “გაზიროვკას” სვამს, გასტრონომიული დივერსია.

  • ფილმში “სტილიაგები” სტილიგა ბობი ეუბნება კომკავშირელ მელსს: “მნიშვნელობა არ აქვს, ვინ უფრო მაღლაა, ძლიერია და სწრაფი, მთავარი დრაივია, რომელიც გულიდან მოდისო” – ქვეყანაში, რომელსაც თავი მუდამ ფრონტის ხაზზე წარმოედგინა და ყოველწუთიერ და ყოველწამიერ შეჯიბრში იყო ჩაბმული დასავლეთთან, მხოლოდ ამ სიტყვებისთვის შეიძლებოდა ადამიანის გაციმბირება.

სტილიაგებს, ზემოთაც ვთქვი, სდევნიდნენ – ბევრი უმაღლესიდანაც გარიცხეს, გამორჩეულად აქტიურებმა “კაპეზეებიც” გამოიარეს, მაგრამ ისინი გაქრნენ არა საბჭოთა რეჟიმთან უთანასწორო (ბრძოლას მაინც ვერ დავარქმევ) პაექრობაში, არამედ მოდის ცვალებადობის გამო – სტილიაგობა ჩუვაკური აღარ იყო, დადგა ბიტლომანთა ეპოქა. მათ შორის  – სუსურუკუშიც.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S.

სტილიაგები ჩვენთანაც იყვნენ. ბევრნი – არა, მაგრამ გამიგონია, რომ ნიაზ დიასამიძე (უფროსი) იყო თბილისში ცნობილი სტილიაგა.
მინდა, ეს პოსტი მას და ყველა იმ სტილიაგას მივუძღვნა, რომელთა გარეშეც საბჭოთა რეალობა ბევრად იმაზე უარესი იქნებოდა, ვიდრე იყო.

ასევე:

რევოლუცია “ფრეფი”- სნობები სნობების წინააღმდეგ

Алексей Козлов. Козел на саксе

სტილიაგები (Hipsters) IMDb-ზე

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

23 thoughts on “სტილიაგები”

  1. სტილიაგები კი გამიგია, მაგრამ მეგონა უფრო გვიან იყვნენ 60-იანებში. 49 წელს ჯერ სტალინი და ბერია ცოცხლები არიან და კარგად გადაარჩენილან კიდე.
    ეს ფილმი კიდე არ მინახავს. მოვძებნი აუცილებლად.
    საინტერესო პოსტი იყო!

    Like

  2. დილა მშვიდობისა. 🙂

    ეგ ფილმი ფესტივალზე იყო ჩამოტანილი და შენ არ წამოხვედი როგორც მახსოვს და სად ნახე? ინტერნეტში? 🙂 კარგი, მხიარული ფილმია კაი მუსიკით.
    მთავარი გმირი წაუშტერებს ცოტათი. 🙂

    Like

  3. “საბჭოთა ქალიშვილებო, გახსოვდეთ, ვინც დღეს ჯაზის მოსმენას გთავაზობთ,
    ის ხვალ ორალურ სექსს მოგთხოვთ!”
    გაზეთი “კომსომოლსკაია პრავდა”, 1956 წელი

    ჰა???? შენი მოგონილი იქნებ ეს. 🙂

    Like

  4. сегодня слушает он джаз
    а завтра родину продаст

    ეს უფრო კანონიკურია. ორალს აშკარად შენი ხელი ეტყობა. ეპიგრაფებს მეც ვკითხულობ ხოლმე.

    “სტილიაგები” უნდა ვნახო. დიდი ხანია ვაპირებ, მაგრამ თავისუფალი უიკენდი ვერ მოვიხელთე.

    რა მაგის პასუხია და პუსის ამბების კვალდაკვალ მოსკოვში (ალბათ, სხვა ქალაქებშიც) მართლმადიდებელი რაზმეულები შექმნეს, დადიან და თუ ვინმე არასათანადოდ ჩაცმული ნახეს, ხდიან 🙂 ერთი ორს წაუთაქებენ კიდეც.

    Козел на саксе-სთვის მადლობა, პირველად ეს წიგნი ლისტევის “ჩას პიკ”-იდან გავიგე. ფილიპენკო ჰყავდა სტუმრად. ძველი ამბავია და გადამავიწყდა. დღესვე გავაქინდლებ.

    Like

    1. მაგ ფილმშიცაა ეგეთი ლოზუნგები.
      არაა ცუდი ფილმი. კარგადაა სტილიზებული და იანკოვსკია მაგარი ეპიზოდურ როლში. 🙂

      ჰო მართლმადიდებლური დრუჟინები შექმნეს. მადონას ფოტოებიც დაწვეს.
      ჩორნაია სოტნია.

      Like

  5. ძალიან მოდურად ეცვათ. მშვენივრად.

    და სტილიაგებმა საბჭოთა მოდელიორებზე დიდი გავლენა მოახდინეს. ვასილიევი თუ იცი მოდის ისტორიკოსი როა, იმას აქვს წიგნი საბჭოთა მოდაზე. საინტერესო პასაჟებია.

    კარგი თემაა ❤

    Like

  6. ნეზნაიკა თუ სტილიაგა იყო არ დავფიქრებულვარ. 🙂 მაგრამ მართალი ხარ. 🙂

    სტილიაგები მე თბილისში ვნახე რუსული ფილმების ფესტივალზე. მანამდე ბევრი არ ვიცოდი, მერე დამაინტერესა და მოვძებნე რაღაცეები. წავიკითხე ასეთი რაღაც, რომ სტილიაგები ერთადერთი მიმდინარეობა იყო საბჭოთა კავშირში, რომელიც იქ დაიბადაო. ხიპები, პანკები პირდაპირ დაგმოიღეს ამერიკიდან, სტილიაგები კი ბუნებრივად გაჩნდა.

    თუმცა, ძველი ამერიკული ფილმია ბრიოლინი ტრავოლტა თამაშობს. ეგეც მაგ სტილშია 50-იანების ამერიკელ ახალგაზრდებზეა და ჩაცმულობითაც გვანან სტილიაგებს.

    Like

    1. სწორადაა შემჩნეული, ვინც შეამჩნია.
      ბრიოლინი არ მინახავს ისე ვიცი ეგ ფილმი.
      სტილიაგები გაჩნდნენ რკინის ფარდის მიღმა, იზოლირებულ სამყაროში და არ მგონია, ცოდნოდათ რა ხდებოდა ამერიკაში.
      ისე, მანდ ბოლოს რომ ეუბნება ფრედი – ამერიკაში არ არიანს სტილიაგებიო, ეგ მომენტი ფილმში კი ჩაჯდა კარგად, მაგრამ არაა სწორი და ბრიოლინზე რომ ამბობ მაქედანაც ჩანს.
      ზუსტად რა ეცვათ ამერიკაში ახაგაზრდებს ეგ სტილიაგებმა არ იცოდნენ, მაგრამ ბევრი მომენტი – კოკი თავზე, მოკლე შარვლები და ფერადი პერანგები იგივე იყო. და ტვიდის პიჯაკებიც. უბრალოდ ჯინსი გამორცათ სტილიაგებს და არც ქონდათ ჯინსები. 🙂 მაგრამ კოპირებული რომ არ იყო და მართლა სსრკში დაიბადა, როგორც რეაქცია სავოკურ ყოფაზე ეგაა ზუსტად კარგი.

      ისე, ეგ ფილმი რომ არა – ამხელა ინტერესი არ იქნებოდა სტილიაგებისადმი და ჩამივარდებოდა პოსტი :):)

      Like

      1. ჯინსები რომ არ ჰქონდათ, რა მძიმეა ეგ 🙂
        არც მე მინახავს ფილმი და ვნახავ 🙂

        Like

  7. wow, შევისრუტე.
    ძალიან საინტერესო პოსტია,
    ალბათ იმიტომ რომ ამ თემაზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ისე, როგორ ყველა ეპოქას ყავს თავისი “სტილიაგები”-პროტესტანტები… მაგარია, ესეც ხომ კულტურული თვითშეგნებაა, როცა ფიქრობ თავით და გამოხატავ არა ენით, არამედ ქცევით, მანერებით, ვიზუალით…
    დამსახურებული 10+ ქულა ამ პოსტს პირადად ჩემგან…

    Like

    1. თუ ფილმი არ გინახავს, მოძებნე.
      მოგეწონება.
      ზოგჯერ ისეა, რომ პოსტის თემა გიყვარს და კარგად გეწერინება 😉 ეს პოსტი ეგეთი იყო.
      თუ კარგადაც იკითხვინება – ამას რა სჯობს.

      Like

  8. ისე, dear lord, მაგ ეპიგრაფის ვერ-შემჩნევა ვინმეს გამოუვა?? :))) პოსტის მთავარი სკანდალური ვიტამინი მაგ ეპიგრაფში ძევს.

    Like

  9. საინტერესოა,”სტილიაგა” მე უბრალოდ ტერმინი მეგონა. მთელი მიმდინარეობა ყოფილა, მეც დავინტერესდი ფილმით – ვნახავ! მადლობა!

    Like

  10. მე ის თაობა ვარ ჰევი მეტალი რომ შემოვიდა და ჯაჭვებით, ლითონის სამაჯურებით, ბეჭდებით დავდიოდით.
    კურტკა მქონდა ზედ ჯაჭვები მეკეთა და მეტალის სამაგრები და სკოლაში არ მიშვებდა სასწავლო ნაწილი მაგით რომ დამინახავდა. 🙂 მერე ყველამ ეგრე დაიწყო სიარული გაკვეთილები გაცდებაო, მაგრამ ისიც მიხვდა და აღარ გვყრიდა გარეთ. 🙂

    Like

  11. სანახევროდ წაკითხული პოსტი დღეს ჩავამთავრე 🙂

    “1953 წელს ეს ჩვენი ფოლადის სოსო გადაბრუნდა და სული ეშმაკს მიაწია” – ამაზე მეც გადავბრუნდი, ოღონდ სიცილით 😀

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.