ვერჩარეცხილები

ერთხელ ერთი კაცი ერთ ებრაელ თერძთან მივიდა და კოსტიუმის შეკერვა სთხოვა.
თერძმა ზომები აუღო და სამ კვირაში გამოიარეო – უთხრა.
კლიენტი აღშფოთდა – სამი კვირა რა ამბავია, უფალმა ეს სამყარო სულ ექვს დღეში შექმნაო.
მერედა, მოგწონთ განა მისი ნახელავიო? – ჰკითხა თერძმა.

Expendables-2იყო მარტოხელა მგელი მაქქუეიდი. იყო რემბო. იყო კომანდოსი მეთრიქსი. იყო პოლიციელი მაქლეინი. მერე ეს ხალხი დაგვიბერდა. დამბაჩები ლურსმნებზე ჩამოკიდეს, თბილი წინდები და ფლოსტები ამოიცვეს, მიუსხდნენ ბუხარს და სამყაროს გადარჩენა-გაწმენდის მისია ახალგაზრდებს მიანდეს, მაგრამ ბებერი ხარის რქაც ხნავს და ახალგაზრდა ხარს კი გუთნის გაწევაც უჭირსო. მოგწონთ განა ის “ბოევიკები” ახალგაზრდები რომ თამაშობენ? მე, იმ ებრაელი თერძისა არ იყოს, არც – მაინცადამაინც. იმ ძველებთან შედარებაც არაა. კიდევ კარგი, რომ მაგარი ბიჭები ბერდებიან, მაგრამ არ კვდებიან. და უბრუნდებიან ეკრანს.

რაკი “საზარბაზნე ხორცის” (The Expendables) პირველი ნაწილი კარგი გამოვიდა (და ყოველი დახარჯული დოლარი 80-მილიონიანი ბიუჯეტიდან ოთხმაგად ამოიღო), მეორე ნაწილს კინოგაქირავებისკენ არაფერი ედგა წინ.

სილვესთერ სთალონეს, როგორც იდეისა და სცენარის ავტორს, სიუჟეტზე ბევრი არ უფიქრია – ჰოლივუდური კოქტეილი გაურკვეველ-სლავური წარმოშობის ბანდიტებისგან (ლუდ “სტარი მელნიკს” რომ სვამენ), ტერორისტებისგან, ბირთვული იარაღისგან, კარგი ბიჭებისგან, სპეც-აგენტებისგან, ცოტა რამ “გატეხილი ისრიდან” გემოვნებისთვის, ცოტა რამ “შესანიშნავი შვიდეულიდან” დრამატიზმისთვის, ამას დაუმატა ცოტა იუმორი  და თვითირონია და არაჩვეულებრივი, სახალისო, არმოსაწყენი და ეკრანთან კარგადდროისგასატარებელი ფილმი შემოგვთავაზა.

ჯეისონ სთეთჰემი: აბა, რა გეგმა გვაქვს?
სილვესთერ სთალონე: დავედევნოთ. მივაგნოთ. გავანადგუროთ.

“საზარბაზნე ხორცი – 2”

ფილმი გადაიღო საიმონ უესთმა, რომელსაც მძაფრსიუჟეტიანი და სათავგადასავლო ფილმების გადაღების კარგი გამოცდილება აქვს (“საჰაერო ციხე”, “ლარა ქროფთი: სამარხების მძარცველი” “შავი ქორის დაცემა”) და “საზარბაზნე ხორცშიც” საბრძოლო ეპიზოდები უნაკლოდაა გადაღებული. მსახიობებიც შესანიშნავები არიან – სლაი, შვარცენეგერი, უილისი და კომპანია ერთმანეთსაც “კბენენ” და საკუთარ კინოსახეებსაც გაჰკრავენ ხოლმე კბილს – EXPENDABLES 2არათინეიჯერ მაყურებელს ამ (თვით)ირონიული კინოციტირების ამოცნობა არ გაუჭირდება და ნამდვილად იხალისებს. შეუდარებელია ის ეპიზოდები, სადაც ჩაქ ნორისი მონაწილეობს და განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია ფილმის კულმინაცია, როდესაც ექშენ-მუვის ოთხი ვეტერანი – ნორისი, შვარცენეგერი, უილისი და სთალონე მხარდამხარ იბრძვის. კინოგმირების მთავარი მოწინააღმდეგის როლში ამჯერად ვან დამია, რომელმაც პირველ ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა, ამიტომ მეორე ფილმის ბოლოს მაგრად გაილახა. და ღირსიც იყო.

სილვესთერ სთალონე: ასე მითხრეს, რომ კობრამ გიკბინა.
ჩაქ ნორისი: კი, ეგრე იყო – ხუთი დღე იტანჯებოდა ტკივილისგან და მოკვდა.

“საზარბაზნე ხორცი – 2”

მეორე “საზარბაზნე ხორცმა” 100-მილიონიანი დანახარჯი მხოლოდ კინოგაქირავებიდან უკვე სამმაგად ამოიღო (ჯერ DVD-ზე არც გამოსულა) და ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს, რომ მესამე ნაწილსაც არ დაუგვიანდება. თუ ხმებს ვენდობით, მასში ჯონ თრავოლთასა და ნიქოლას ქეიჯსაც ვიხილავთ. მიწვევა მიიღეს სთივენ სიგალმა, უესლი სნაიფსმა, ქლინთ ისთვუდმა და ჰარისონ ფორდმა.

არნოლდ შვარცენეგერი: მე დავბრუნდები.
ბრიუს უილისი: შენ უკვე საკმარისად ბევრჯერ დაბრუნდი. მოდი, ამჯერად მე დავბრუნდები.

“საზარბაზნე ხორცი – 2”

The-Expendables-2.-threeმეორე ნაწილის ბოლოს არნოლდ შვარცენეგერი ამბობს – “ჩვენ სამუზეუმო ექსპონატები ვართო”… მაგრამ – ნურას უკაცრავად! აკი, ფილმის წარმატებამაც დაადასტურა, რომ ამ “ბებრუხანების” ჩარეცხვა ჯერ ადრეა და არც ეგეთი იოლი საქმეა.

და ყველა ალმოდოვარის თავზეც გავიარე. 🙂

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

მაგარი ბიჭები არ კვდებიან

*** პატარა თხოვნა მაქვს. სხვა ბლოგზე დაწერილ პოსტებს აქ ნუ დამიკომენტებთ, მხოლოდ იმის გამო, რომ იქ კომენტარები გათიშული მაქვს.
ეს ბოლო ათი დღე ამის გამო სრული ბარდაკი მქონდა და აქაც კომენტარების გათიშვა მომიწია ბოლოს.
სულ ესაა.
მადლობა, რომ არსებობთ. 🙂

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

17 thoughts on “ვერჩარეცხილები”

  1. კი მაგარი ფილმია. პირველს ეს ჯობია.
    ჩაკ ნორისზე გეთანხმები. რემბო გვაკლიაო, რომ ამბობენ კიდევ… 🙂
    მოკლედ სტალონე მაგარი კაცია ძაან.

    მე რუსტაველში ვნახე და ეგ ფილმი გადიოდა შეუჩერებელნის სახელით. მაგრამ საზარბაზნე ხორცი უფრო ზუსტია,
    +1

    Like

    1. Dave

      მე რუსტაველში ვნახე და ეგ ფილმი გადიოდა შეუჩერებელნის სახელით.

      მანდ ვნახე მეც. პირველი ნაწილი არ შემოვიდა ჩვენს კინო გაქირავებაში და მეორე რახან გვაღირსეს, მაგას ვერ გავმაზავდი.
      მას შემდეგ, რაც Knight and Day დღე და ღამედ თარგმნა რუსთაველმა, მაგათ თარგმანებას ჩემი მტერი ენდო. 🙂

      Like

  2. პირველიც კარგი იყო, მაგრამ ვეთანხმები რომ ეს მეორე ჯობს. ჩაკ ნორისის გამო. უილისს და შვარცენეგერს მეტი დრო აქვთ. და უფრო მეტი კომედიური მომენტებია.
    ძალიან ვისიამოვნე.
    ისტვუდი და ჰარისონ ფორდი თუ დაემატება მაგრად გაასწორებს. მაგარმ უმაგრესი იქნება თუ შონ კონერიც დააბრუნეს. სნაიფსი სტალონეს ძველი ძმაკაცია და უარს არ ეტყვის ალბათ. კიდევ ბევრი ვინმე მახსენდება. 🙂
    იმედია, კიდევ 2-3 ნაწილს გადაიღებენ რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ძველი გვარდიიდან. 🙂

    Like

  3. ნიკა, ისტვუდმა სასტიკი უარი უთხრათ! თითქმის დასცინათ კიდევაც!
    ჰარისონ ფორდი შესაძლოა, თუმცა არა მგონია, სნაიპსი თიტქმის გადაწყვეტილია, უბრალოდ მის ციხიდან გამოსვლას ელიან და ეგრევე ჩასვამენ, სიგალს კიდევ დაითანხმებენ როგორმე რა! შონ კონერი კინოდან წავიდა, ისეთია ეხლა ვეღარც იცნობ კაცი 😦

    Like

    1. ეგ როგორაა ხო იცი – ნევე სეი ნევერ 🙂 პირველ ნაწილზე რომ ვწერდი პოსტს იქ ვან დამის ვიდეოც დავლინკე, სადაც აშაყირებს ამათ და აგე მეორე ნაწილში კი გაიჩითა მაინც 🙂

      ისე, ჰარისონ ფორდი უფრო თემაშია. თუ ამ ორს შორისაა არჩევანი – ფორდი 10 თავით სჯობს, თუნდაც ჰან სოლოს გამო 🙂

      ქონერი დაემშვიდობა კინოს. უკვე 80-ზე მეტისაა მგონი. 🙂 ისე, ნორისიც კაი ბაბუაა უკვე მარა ამ ფილმში ვერ იტყვი. დრო გააჩერა თუ რა ჯანდაბაა. 🙂

      Like

  4. ნორისზე უფრო უფროსი კიდე ბრონსონია მარა ცოცხალი აღარაა.
    ახლა ვნახე და ჩაკ ნორისი 72 წლის ყოფილა. გრიმი რამე კია გასაგები, მაგრამ მართლა მაგრადაა შენახული.

    Like

  5. პირველი მაგრად მევასება, მახსოვს გაღიმებულები ვუყურებდით მე და ჩემი ქმარი. მეორე ჯერ არ მინახავს. ისე კონერი ვინმე მხცოვან მაფიოზს ვერ გაქაჩავდა ვითომ? საყვარელი… და ვააბშე საყვარელი ბებრები არიან ❤

    Like

  6. რა მაგარია, მეც კი მომინდა ამ ფილმის ნახვა. ახალგაზრდა ბოევიკებს რომ ძველი ჯობია, ჩვენი ანძა და ეიფელისა არ იყოს, წყალი არ გაუვა.

    Like

  7. აი ეს უკვე ბებერი ხარები ჯერ ახალგაზრდები რომ იყვნენ და ძალიან მოდურები, მე კი შესაბამისად პატარა, მაშინ ვუყურებდი ხოლმე ბოევიკებს და ახლა თუ კიდევ თამაშობდნენ, არც მიფიქრია 🙂 ძალიან კარგი, თუ მათი რქები უფრო ძლიერია.

    თერძის პასუხი მომეწონა.

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.