Bitcoin

Bitcoin “მე ვარ ბანგულზი ბაბანგიდა, პრეზიდენტ ბაბანგინდას შვილიშვილი 5 მილიარდიანი მემკვიდრეობა მერგება, სასწრაფოდ მომწერე შენი ანგარიშის ნომერი სადაც ამ ფულს ჩამირიცხავენ და ნახევარ მილიონს დაგიტოვებ საკომისიოს სახით…”

მსგავსი ი-მეილი, უთუოდ, მიგიღიათ. ამბავი, ახლა რომ უნდა მოგიყვეთ, ამას ჰგავს, მაგრამ სრული სიმართლეა: ერთმა ღარიბმა სტუდენტმა 2009 წელს 25 დოლარის ღირებულების ვირტუალური მონეტები შეიძინა. სამი წლის შემდეგ ჩახედა მის ვირტუალურ საფულეს და იქ 5’000 მონეტა აღმოაჩინა, რომლის საერთო ფასი სრულიადაც არავირტუალური მილიონი აშშ დოლარი იყო. და მილიონზე მეტიც. ამ მონეტას ჰქვია ბითქოინი. 2009 წლის 3 იანვარს გამოჩნდა პირველად და თავისუფალ მიმოქცევაში მყოფი ვირტუალური ვალუტაა (უფრო ხშირად გამოიყენება დასახელება კრიპტო-ვალუტა, მაგრამ სიმარტივისთვის ვირტუალურს დავუძახებ) – აინსტალირებ სპეციალურ პროგრამას, ხსნი ბითქოინ-საფულეს და ვაჭრობას იწყებ. შეგიძლია ერთ დღეს შეიძინო ბითქოინები, მეორე დღეს – გაყიდო ან კიდევ იყიდო ან არაფერი ქნა და შეინახო. ეყაროს თავისთვის. ბითქოინის შენახვისთვის საკომისიოს არვინ გთხოვს, მაგრამ მისი კურსი იცვლება. როგორც ნებისმიერი სხვა ვალუტისა. არის ჟამი ბითქოინის ყიდვისა და არის ჟამი გაყიდვისა.

თუმცა, მისი ყიდვის ყველაზე კარგი ჟამი აწ უკვე ჩავლილია. 😦

 

Bitcoin-price-chart

2013 წლის განმავლობაში 1 ბითქოინის ფასმა ზრდა 13 დოლარიდან დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში 1’000 დოლარს ასცდა.  დღეს, როდესაც ამ პოსტის წერა დავიწყე (2014 წლის 8 აპრილს) 1 ბითქონი 452 აშშ დოლარი ღირს. როგორი კურსია ამ წამს, როცა ამ პოსტს კითხულობ, აგერ გადაამოწმებ.

ბითქოინის გამოყენება შეგიძლია ისე, როგორც ყველა სხვა ვალუტისა – შეგიძლია გადარიცხო, შეგიძლია დახარჯო, Nederland-Cafe-Bitcoinშეგიძლია იყიდო რამე ბითქოინით, შეგიძლია შენ თავად გაყიდო რამე… რა თქმა უნდა, ბითქოინს საგადამხდელო საშუალებად  ბევრგან არ ცნობენ, თუმცა ნელ-ნელა იზრდება იმ მაღაზიათა, საკვებ ობიექტთა, გასართობ დაწესებულებათა რიცხვი, სადაც ბითქოინით გადახდა შესაძლებელია. გამოჩნდნენ ბიზნესმენი-ენთუზიასტები, რომლებიც ენთუზიასტ თანამშრომლებს ხალფასის ბითქოინით გასტუმრებას სთავაზობენ.

ბითქოინის დამახასიათებელი ნიშანი სრული ანონიმურობაა. მფლობელი დაშიფრულია… სხვათა შორის, ისიც უცნობია თუ ვინ მოიგონა ბითქოინი. ვიცით მხოლოდ სახელი და გვარი – სატოში ნაკამოტო, მაგრამ ეს სატოში სატოშია თუ არა, ერთი ადამიანია,  ადამიანთა ჯგუფია სადაურია და ვინაურია – არვინ იცის… მაგრამ ეს იქეთ იყოს. ბითქოინ-საფულის მფლობელის ანონიმურობაზე ვამბობდი. ბითქოინ-საფულის მფლობელის ვინაობა, საფულეში ფულის (ბითქოინის) რაოდენობა დაშიფრულია და გასაიდუმლოებული. თუ ბითქოინს გადარიცხავთ, კვალი არ რჩება და არსად ინახება. ამ ტრანზაქციას ვეღარ გააუქმებთ. ბითქოინის გადარიცხვა ერთი ბითქოინ-საფულიდან მეორეში ხდება პირდაპირ, შუამავლების გარეშე. ბითქოინს არ სჭირდება რაღაც და ვიღაც ბანკის მაგვარი. ანგარიშსწორება ხდება თითქმის ისევე, როგორც ნაღდი ფულით – ხელიდან-ხელში. უფრო ზუსტად – ბითქოინ-საფულიდან ბითქოინ-საფულეში. კვალისა და ნაკვალევის დაურჩენლად. ყველა ბითქოინ-საფულე ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ქმნის ერთიან სისტემას, სადაც თავისუფლად მოძრაობს ბითქოინი. როგორც ი-მეილი. ერთი საფოსტო ყუთიდან – მეორე საფოსტო ყუთში. ფოსტალიონისა და მარკის გარეშე.

  • 2013 წლის 20 ნოემბერს ონლაინ-მაღაზია Sheep Marketplace-ის მფლობელები დატყდნენ და თან საიტის მომხმარებელთა ბითქოინებიც გაიყოლეს, სულ 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. სადაც ფულია, თუნდაც ვირტუალური იყოს, იქ ქურდი და მომპარავიც არ დაილევა.

ბითქოინის ბეჭდვის (ემისიის) პროცესს ტორენტების მუშაობას ადარებენ. თუ ტორენტ-საიტიდან რომელიმე ფილმის ჩამოქაჩვას გადაწყვეტთ – ამ ფილმს თქვენ სხვა თქვენი მსგავსი მიმხმარებლის კომპიუტერიდან წამოიღებთ. კომპიუტერები დაუკავშირდება ერთმანეთს და თითოეული მომწოდებელი (ტორენტ-ქსელის ენაზე – სიდერი) ფილმის ნაწილს მოგაწვდით. ასე უფრო სწრაფია და მოსახერხებელი. ბითქოინის ემისიაც ასე, ერთ ქსელში მოქცეული მრავალი პროგრამის (ბითქოინ-საფულის) მიერ ხდება. პროგრამა ახდენს ინფორმაციის გადამუშავებას. ყველა იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. აქ არ არის ცენტრალური ბანკი – თითოეული კომპიუტერი (ტაბლეტი, სმართფონი) ბითქოინ-საფულით კოლექტიურად წარმოადგენს ზარაფხანას. პროცესი ავტომატიზირებულია. წესები – გაწერილი. რამდენადაც ამ ზარაფხანას არ ყავს ადმინისტრატორი, წესების საკუთარ თავზე მორგება შეუძლებელია. ყველაფერი თავისი გზით მიდის. ყველა თანაბარი უფლებებით სარგებლობს. არაფრის შეცვლა შეიძლება.

Bitcoin-net რაკი ბითქოინს არ სჭირდება ბანკები და არ ყავს ცენტალური ბანკი, ფულის უკონტროლოდ დაბეჭდვა უბრალოდ შეუძლებელია. სისტემურადაა შეზღუდული. ყოველ მე-4 წელს მიმოქცევაში არსებული ბითქოინების რაოდენობა ნახევრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ მოთხოვნა ბითქოინზე მზარდია მისი რაოდენობა კი შეზღუდული (და, როგორც ვთქვი, 4-წლიან ციკლში ერთხელ პროგრამულად მცირდება) – მისი ფასი აღმავალია. მარტივად რომ ვთქვა – ერთ აშშ დოლარად მომავალში იყიდით ნაკლებ ბითქოინს, ვიდრე მანამდე. შესაბამისად თქვენს ბითქოინ-საფულეში არსებულ ბითქოინებს გაყიდით მეტ ფასად. რაოდენობის განახევრების შემდეგ ბითქოინის ფასი იწევს. ეს დეფლაციური ვალუტაა. 2040 წელს ბითქოინების რაოდენობა მიაღწევს 20,999,999.9769-ს “ცალს” და აღარ შეიცვლება. შეწყდება ახალი ბითქოინების “ბეჭდვა”. მაგრამ თუკი მოთხოვნა მასზე კვლავ იარსებებს და იქნება მზარდი – ბითქოინის ფასი სულ უფრო და უფრო გაიზრდება.

ბითქონი არ არის ამ ტიპის ერთადერთი ვირტუალური ვალუტა. მას კლონი-კონკურენტებიც გამოუჩნდა, იგივე ლაითქოინი (Litecoin). თუმცა, თავად ლაითქოინის შემქმნელი (გუგლის ყოფილი პროგრამისტი) აცხადებს, რომ ლაითქოინი უბრალოდ ბითქოინის დამატებაა. კიდევ არის ნეიმქოინი (Namecoin). მაგრამ პრინციპი მეტ-ნაკლებად მსგავსია. ისეთი, რაც ამ პოსტში აღვწერე.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

დაინტერესდი? დაიწყე აქედან:

https://bitcoin.org/en/about-us

https://bitcoin.org/en/choose-your-wallet

ბითქოინ-ბირჟები.

იყიდე და გაყიდე ბითქოინი.

Local Bitcoins

http://bitcoincharts.com/markets

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

26 thoughts on “Bitcoin”

    1. ბითქოინი არ დაუჰაკავთ.
      ონლაინ აუქციონი იყო იბეის პონტში, სადაც ვაჭრობდნენ ბითქოინებზე. ჰოდა არ იყო დაცული კლიენტების საფულეები ამ კონკრეტულ საიტზე. სპეციალურად გააკეთეს ეგრე და მერე დატყდნენ ფულებით.
      მაგრამ თავისთავად ეგ საიტი იყო არალეგალური ფაქტიურად ვაჭრობდა ნარკოტიკით 🙂 ჰოდა ახლა იბეის ან ამაზონის მსგავსი რამე ჩინური მაიმუნობა რომ იყოს (და არის კიდეც) სადაც კონტრაბანდული და ფეიქი საქონლით ვაჭრობენ – აი მანდაც შეიძლება ბარათიდან აგახიონ ფული.

      არც მანდ იქნება ვთქვათ მასთერქარდის ან ბანკის ბრალი და არც იქ იყო ბითქოინის ბრალი რაც მოხდა.

      Like

  1. თუ მაქვს 100 ცალი ბითქოინი და ხელს არ ვახლებ, 4 წლის მერე 50 დამრჩება?
    ეგ რა წესია 😦

    Like

    1. კი ტექნიკური მხარე ეგაა, ფინანსურია სხვა.
      დღევანდელი 100 ლარი რაოდენობრივად იგივეა 4 წლის წინანდელ 100 ლარზე, მაგრამ მსყიდველობითი უნარი ნაკლები აქვს. ინფლაციის გამო.
      ბითქოინის შემთხვევაში რაოდენობის განახევრება ჩადებულია დეფლაციურ მექანიზმად. იდეაში გექნება 50 ბითქოინი 100 ნაცვლად, მაგრამ იმ 50-ის ღირებულება იქნება მეტი, ვიდრე 100-ის.
      In an ideal world. 🙂
      რეალობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რისკი არის რასაკვირველია.
      მაგრამ პარადოქსი ისაა რომ ვიღაცა სატოში ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე ჩვენი ლევაცკური მთავრობის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. :))) :(((

      Like

  2. მე მაინც დოლარი მირჩევნია <3. 100 დოლარიანს საოცარი სიმშვიდე მოაქვს. რომ დახედავ, თიტქოს ფრანკლინი გეუბნებ–ნუ გეშინია, მე აქ ვარ

    პ.ს ეხლა შევედი მანდ კონვერტერზეე და 2 წუთში ფასი 5ჯერ შეიცვალა 499.5 დან 498.1 არეში

    Like

  3. ჩემთვის არასდროს მოუწერიათ მსგავსი, შესაბამისად, არც დავინტერესებულვარ და ახლა მეცოდინება, რა იცი, როდის დამჭირდეს 🙂

    კომენტატორ ბექას ვეთანხმები: “100 დოლარიანს საოცარი სიმშვიდე მოაქვს. რომ დახედავ, თიტქოს ფრანკლინი გეუბნებ–ნუ გეშინია, მე აქ ვარ” :)))

    Like

  4. ეხლა არის 455. ასე რომ ძვირფასო რისკიანო ბლოგის მკითხველებო. თუ 11 ბიტკოინს იყიდით (5000 დოლარეი დაჯდება) დიდი შანსია სულ რრაც 10 დღეში 800 დოლარამდე მოიგოთ (თუ 528-ს დაუბრუნდა კურსი) თუმცა ასევე შეგიძლიათ წააგოთ. მოკლედ, თუ აზარტულები ხართ სცადეთ კვირაში 15% მაგარია საკმაოდ

    Like

    1. მაგრად ჩაგითრია, როგორც ვატყობ 🙂

      ფინანსთა სამინისტროში უნდა იყო შენ. ბიუჯეტი გასვეს სარზე და ესე მაინც შეავსებდნენ 🙂

      Like

  5. ბლოგს რა ჭირს? გადაატრიალე? 🙂 ტელეფონით შემოვედი გუშინ და ვიფიქრე ეტყობა “წყეულმა სამსუნგმა” რაღაც აურია, აბა “ნოკია ლუმია რომ ყოფილიყო ეგ ხომ არ მოუვიდოდა მეტქი”…
    და საერთოდაც, სად დაიკარგე, ხომ კარგად ხარ?
    ბექა, დამიმატე რა ფბ-ზე, მე ვერ გიპოვე

    Like

    1. რავი, თითქოს არაფერი სჭირს და რას გულისხმობ ვერ გავიგე. 🙂
      არ დავიკარგე. ეს კვირა ჩავაგდე უბრალოდ. ვერ მოვასწარი პოსტის დამთავრება მომავალ ორშაბათს დავპოსტავ ალბათ.

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.