მწერალი, რომელიც აღიარეს

პიერ ლემეტრი.

ფრანგმა აკადემიკოსებმა.

2013 წელს.

აღიარების ნიშანი – გონკურების პრემია.

Pierre Lemaitreლემეტრი (Pierre Lemaitre) ჩვენში (ასე მგონია) ნაკლებადაა ცნობილი. მე არ ვიცოდი. გონკურების პრემიის ლაურეატი რომ გახდა, მისი სახელი მაშინ გავიგე – ჩავხედე ბიბლიოგრაფიას და, თურმე, დეტექტივების ავტორია.

ეს უკვე საინტერესოდ მეჩვენა.

ჯერ “პატარძლის კაბა” (Robe de marié) წავიკითხე. ფსიქოლოგიური თრილერის, დეტექტივისა და ნუარის კოქტეილი, რომელიც უთუოდ ძალიან მოეწონებოდა ალფრედ ჰიჩქოქს. ამ რომანს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს: სოფი – სერიული მკვლელი, რომელიც პოლიციას გაურბის და ფრანცი – ვუაიერისტი, რომელიც სოფის დასდევს კუდში და უთვალთვალებს… თუ ახლა ფიქრობ, რომ ჯერ პოსტი არ დამიწყია და უკვე დაგასფოილერე – ნუ აჩქარდები. რომც იცოდე სიუჟეტი, ინტერესი მაინც არ გაგიქრება. თანაც, ლემეტრის წიგნებში ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მეტიც – არც ისეა, როგორც მეორე შეხედვით მოგეჩვენება. და საერთოდ – რა არის რეალობა ლემეტრის რომანებში? რეალობა მხოლოდ პირობითია.

აი, მაგალითად – ალექსი (Alex, ამავე სახელწოდების ნაწარმოების გმირი), ახალგაზრდა, მომხიბლველი ქალი, ლამაზი ფეხებითა და მკერდით, მწვანე თვალებით. ქუჩაში რომ მიდის, მამაკაცები თვალს აყოლებენ. ახლა კი რკინის ვიწრო გალიაში ზის რომელიღაც სარდაფსა თუ ავტოფარეხში, მისი სისხლის, ოფლისა და სხეულის სუნზე  ვირთხები მოსულან, გარს უვლიან და თავიანთ დროს ელოდებიან… წარმოიდგენ ამ სურათს და გსურს, ქალმა ტყვეობას თავი დააღწიოს – არ იმსახურებს ამ ყველასგან მიტოვებულ შენობაში დალიოს სული და მღრღნელების ლუკმად იქცეს… მაგრამ კითხულობ წიგნს და სურათი იცვლება, ხვდები, რომ შემთხვევით არ აღმოჩენილა იქ და ახლა ფიქრობ, რომ სწორედაც ღირსია ვირთხებმა შეჭამონ… მაგრამ წაიკითხავ კიდევ და, ეგებ, ხელახლა შეგეცვალოს აზრი… და ასე – ბოლო გვერდამდე.

კრიმინალურ რომანებში “ცუდი” და “კარგი” პერსონაჟები, ხშირად, გამიჯნულია. კარგი თრილერების პოპულარობაც, ხშირად, ამ გამარტივებული ქარგის დამსახურებაცაა, მაგრამ ჩვენ ერთდროულად კარგებიც ვართ და ცუდებიც – როდის რა თვისებებს ვავლენთ, ხშირად, გარემოებებს გააჩნია.
პიერ ლემეტრი. ინტერვიუ Waterstones.com, 2013 წ. აგვისტო.

ლემეტრის რომანები მოცულობით დიდი არაა, მაგრამ ყოველთვის რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ეს მოზაიკის ქვებია და ყოველი ახალი ქვა, ხშირად, სრულად ცვლის ნახატს. ერთსა და იმავე ამბავს სხვადასხვა პერსონაჟის თვალით ხედავ ხოლმე. და ასე, ნელ-ნელა ივსება ტილო. და წერტილი ლემეტრის წიგნებში არ არის დასასრული. თეთრი/შავი აქ არ არსებობს. ყველა – რუხია. როგორც იტყვიან, ყველას საკუთარი ჩონჩხი აქვს გარდერობში გადამალული და ვისი საიდუმლოებები უფრო ყარს – ეს შენი გადასაწყვეტია.

ჯორჯ მართინზე წერდა ერთი – საკმარისია ვინმე მოგეწონოს, რომ აუცილებლად მოკლავსო. ლემეტრთან უარესია – არც ერთი გმირის მიმართ უნდა გაგიჩნდეს სიმპათიები, თორემ სულ მალე შეგაძულებს. კითხულობ და ხვდები, რომ პიერ ლემეტრის წიგნების მთავარი გმირი მისი პერსონაჟები კიარა – მკითხველია. სწორედ მკითხველის გრძნობებით თამაშობს მწერალი.

იუმორი, მიუხედავად იმისა მწერალი ხარ თუ არა, არ არის რაღაც, რასაც ირჩევ ან არ ირჩევ. იუმორი შენი პიროვნების ნაწილია – ან გაქვს, ან – არა. მაგრამ კრიმინალურ რომანებში იუმორი სხვა ჟანრის ნაწარმოებებისგან განსხვავებულ ეფექტს ქმნის, რაკი დანაშაულის გარემოებებთანაა კონტრასტული. იუმორი შეუცვლელია იმ ეფექტის მისაღწევად, სადაც ვერც ერთი სხვა ინსტრუმენტი ვერ გამოდგება.
პიერ ლემეტრი. ინტერვიუ ოფიციალურ საიტს.

ლემეტრი განათლებით ლიტერატურათმცოდნეა. მშობლიური ფრანგულის გარდა ამერიკული ლიტერატურის კარგი მცოდნე და დამფასებელია. ყოველი წიგნის ბოლოს მადლობას უხდის მწერლებს, რომლებმაც მასზე გავლენა მოახდინეს. მათ შორის ბრეთ ისთონ ელისს, რომელზედაც პოსტიც მაქვს დაწერილი.

გავრცელებული აზრი, რომ თრილერი ეს ამერიკული ჟანრია და მათ უკეთ გამოსდით, არ უნდა იყოს ასეთი შეუვალი ჭეშმარიტება. კიბატონო, ფრანგული თრილერის დიდოსტატები: გრანჟე, ფრენკ ტილიე ან პიერ ლემეტრი ძალიან პოპულარულები არიან შინ, მაგრამ ნაკლებ პოპულარულნი საფრანგეთს გარეთ, სადაც ფრედ ვარგასს ამჯობინებენ… არადა, სად ვარგასი და სად გრანჟე ან ლემეტრი! როცა საქმე ლიტერატურას ეხება, აქ ფრანგების გემოვნება ნამდვილად საუკეთესოა – დანარჩენებმა კი ვარგასი იკითხონ. ნუ დაემსგავსებით დანარჩენთ! Smile

  • ბოლოს და ბოლოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგიური თრილერი, ტიერი ჟონკეს “ტარანტული” განა ფრანგის დაწერილი არაა? შესანიშნავი წიგნი, რომელიც ვერ გაიგო და დაუნანებლად გააფუჭა ალმოდოვარმა მისეულ ეკრანიზაციაში.

პიერ ლემეტრი ამბობს, რომ ყოველი წიგნი, რომელიც წაუკითხავს გავლენას ახდენს მწერალზე და მის ნაწარმოებებშიც ილექება, მაგრამ, როდესაც ყველაზე მთავარზე ეკითხებიან, სულ სხვა ჟანრის მწერალს ასახელებს. დიდ მწერალს. შეიძლება, ყველაზე დიდსაც, ვინც არსებულა.

ახალგაზრდობაში კრიმინალური რომანები არ მიზიდავდა. ალექსანდრ დიუმას ვკითხულობდი. ის ჩემს დიდ მასწავლებლად რჩება.
პიერ ლემეტრი. ინტერვიუ Pop.Edit.Lit, 2014 წლის 30 მაისი.

მსხვერპლშეწირვა” (Sacrifices) მესამეა ფრანგული კრიმინალური პოლიციის მაიორ კამილ ვერჰოვენის საქმეებიდან. ასეთი საქმეები სულ სამია და ეს მესამე ყველაზე ნაკლებად მომეწონა. აქაც, რომ იტყვიან, რამდენიმე ფსკერია – წიგნის ნახევარი ფიქრობ, რომ საიუველირო მაღაზიის ძარცვის გამოძიებას ადევნებ თვალს, მაგრამ შემდეგ სულ სხვა ამბები ამოდის წინა  პლანზე. ლემეტრთან ეს ჩვეული ამბავია, მაგრამ არ ვიცი, იმის გამო რომ ამ წიგნში თხრობის ტემპია განსხვავებული, თუ იმის გამო, რომ წერის მანერაა სხვა – არ მომეწონა.

გულმოდგინე სამუშაო” (Travail soigné) არის ამბავი ლიტერატურის მოყვარულ სერიულ მკვლელზე, რომელიც ცნობილ დეტექტურ რომანებში აღწერილი მკვლელობების ინსტალაციას ახდენს. აქ ვხვდებით ბრეთ ისთონ ელისის “ამერიკელ ფსიქოპათს”, ჯეიმზ ელროის “შავ გეორგინას” (რომელიც, რაღაც ეშმაკად, რუსებმა “შავ ორქიდეად” თარგმნეს და ჩვენებიც ჯიუტად იმეორებენ. :/) და კიდევ რამდენიმე ნაწარმოებს, მე რომ არ წამიკითხავს ისეთს.

ახლა კი, ისეთი რამ უნდა დავწერო, რაც წაისფოილერებს, ამიტომ ვინც ლემეტრის ამ რომანის წაკითხვას აპირებს, ჩემი პოსტის კითხვა აქ უნდა შეწყვიტოს!

“გულმოდგინე სამუშაო” ესაა წიგნი-წიგნში. მაგრამ მხოლოდ ბოლოში გასული მკითხველი, ათი გვერდი რომ რჩება სულ წასაკითხი, ხვდება, რომ წინა 90 გვერდი მკვლელის მიერ დაწერილ რომანს კითხულობდა… გვერდების რაოდენობა პირობითია. მე ქინდლში ვკითხულობ და რამდენი თაბახია ეგ არ ვიცი. Smile ჰოდა, ეგეც თქვენ კიდევ ერთი ციტირება, აგათა ქრისთის “როჯერ ეიქროიდის მკვლელობის”, ნაწარმოების, რომელსაც ყველა შედევრად მიიჩნევს (პიერ ლემეტრიც, ცხადია) მე კი მიანცდამაინც არ მომწონს… ოღონდ, არ დამიწყო ახლა რატომ არ მოგწონსო. Smile ლემეტრს ჩაუჯექი, ლემეტრს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

გონკურების პრემია ლემეტრს მიანიჭეს რომანისთვის “შევხვდებით ზემოთ”. არც დეტექტივია, არც თრილერი – პირველი მსოფლიო ომის თემაზეა. საიტზე ჯერ არ აუტვირთავთ, ამიტომ არ წამიკითხავს. სხვა წიგნები კი აგერაა (რუსულად).

დაკიდევ – ლემეტრი თავის რომანებს ხშირად ტაბლეტზე წერს. მე ამ ვირტუალური კლავიატურით ი-მეილს ძლივს ვკრეფ ხოლმე და ეს, თურმე, რომანებს წერს. Smile

P.P.S.

სანამ ეს პოსტი დასრულება-მოკვარახჭინების სტადიაში იყო სადრაფტეთში, თურმე, ის გონკურიანი რომანიც აუტვირთიათ. ვისაც თრილერები არ უყვარს, დააინტერესებს.

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

11 thoughts on “მწერალი, რომელიც აღიარეს”

  1. “კითხულობ და ხვდები, რომ პიერ ლემეტრის წიგნების მთავარი გმირი მისი პერსონაჟები კიარა – მკითხველია. სწორედ მკითხველის გრძნობებით თამაშობს მწერალი” – ოჰო, საინტერესოა 🙂 ტაბლეტზე რომანებიც წერაც – ასევე 🙂

    Liked by 1 person

  2. რატო იტანჯავს თავს…:(
    ტაბლეტზე რომ არ წერდეს წარმოიდგინეთ რამდენად ნაყოფიერი იქნებოდა მისი შემიქმედება -_-
    დეტექტივები არ მიყვარს, მაგრამ ეს კაცი მართლაც საინტერესო ვინმე ჩანს.

    Liked by 1 person

    1. ვარჯიშის ამბავია. 🙂 თავიდან ტაბლეტზე 2 წინადადების აკრეფვა მეზარებოდა და ახლა უკვე სმართფონიდანაც ვწერ მეილებს.

      ერთ ადამიანს გადავეყარე და სამელნე ედო მაგიდაზე და კალამი და ასე თქვა – ესო წიგნს რომ ვწერო, სანამ ჩავაწობ, სანამ რამე – ფიქრის დრო მაქვს მეტი, სანამ რამეს დავწერო. 🙂 კალმისტრით სწრაფად ვწერ და ბევრი სისულელეები გამომდისო.

      Liked by 1 person

      1. ვერ დავეთანხმები იმ ბატონს…:))
        ზედმეტი ფიქრისგან შეიძლება სულაც გადაიფიქრო რამის დაწერა, იმ სისულელეების ჯღაბნაში ბევრი კარგიც გამოერევა ხოლმე გასაფილტრად.
        ამაზე მიფიქრია ადრე….))

        Liked by 1 person

  3. მათ შორის ბრეთ ისთონ ელისს, რომელზედაც პოსტიც მაქვს დაწერილი.

    შენი პოსტი ელისზე არის არაჩვეულებრივი პოსტი. ვერც აღვწერ როგორი სიამოვნებით წავიკითხე. მერე ელისის წაკითხვა ვცადე და ძლივს ნახევრამდე დავძლიე “ინფორმატორები” და “ამერიკელი ფსიქოპატი” რამდენიმე გვერდი ძლივს წავიკითხე. :))

    Liked by 1 person

    1. :))
      ელისს თხრობის თავისი მანერა აქვს. შეიძლება, იოლი წასაკითხი არაა.
      ლემეტრი გაცილებით უფრო მეინსტრიმულია. ძალიან კარგად დაწერილი ფსიქოლოგური თრილერები აქვს. ჟანრი თუ მოგწონს – მოგეწონება, თუ არა – არა. ოღონდ ბრუტალურია.
      მაგრამ ფორმის თვალსაზრისით ტრადიციული თხრობის მანერა აქვს. მოკლედ, ფორმის და სტილის თვალსაზრისით რთული წასაკითხი არაა.

      Like

    1. ბჯოოო… ამოტელა ასოებითა ვწერ, რომ ფრთხილად, სფოილერი მოდის და რამე და ვერ გეიწევი გვერდით? უნდა შაასკდე მაინცდამაინცა? 😦

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.