ადამიანად დაბადებული

Joy and Elsaლაღად შობილი” (Born Free, 1960) ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ლომის ბოკვრის, ელზას ამბავს მოგვითხრობს. ნამდვილი ამბავია. ინგლისელმა რეინჯერმა ჯორჯ ადამსონმა (George Adamson) კენიაში ახალგაზრდა ძუ ლომი მოკლა. ლომს სამი პატარა ბოკვერი ჰყავდა. ადამსონმა ბოკვრები შინ წამოიყვანა. მან და მისმა მეუღლემ, ჯოიმ (Joy Adamson) ლომები გამოზარდეს. მოგვიანებით ორი როტერდამის ზოოპარკს გადასცეს, მესამე კი, სახელად ლიზა, დაიტოვეს. ჯოი ადამსონმა გადაწყვიტა, ლომი ველურ ბუნებაში დაებრუნებინა. ყველა, მათ შორის მეუღლეც, უმტკიცებდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რომ დედის გარეშე დარჩენილი ბოკვერი ვერ შეძლებდა ნადირობას, ან მშიერი მოკვდებოდა, ან სხვა ლომები დაგლეჯდნენ, ან მონადირეთა წერა გახდებოდა, მაგრამ ჯოიმ არ დაიშალა. სამი თვის განმავლობაში სწავლობდა ლომის ბოკვერი ლიზა დედობილისგან, თუ რას ნიშნავს იყო ლომი. ჯოი არც ზოოლოგი იყო განათლებით, არც – ბიოლოგი, არც – ვეტერინარი. კენიიდან შორს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში დაიბადა. ებრაული ოჯახიდან იყო – გვარად გესნერი. მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდა და პიანისტის კარიერაზეც ოცნებობდა. შემდეგ სწავლობდა ფსიქოანალიზს. ხატავდა. ბოლოს არჩევანი მედიცინაზე შეაჩერა, მაგრამ არ დასცალდა. ავსტრია ნაცისტებმა დაიპყრეს. ევროპაში დიდი ომი ახლოვდებოდა. თავი შორს, აფრიკას შეაფარა. ცოლად რეინჯერს გაჰყვა და ახლა ძუ ლომად გარდასახვაც მოუწია.

Adamsonsკითხულობდა წიგნებს, სწავლობდა, მეუღლე და მეგობრებიც ეხმარებოდნენ და მაინც მიაღწია, რისიც არვის სჯეროდა. არვის, მისა და ლიზას გარდა – ტყვეობაში გაზრდილი ლომის ბოკვერი თავისუფლებაში დაბრუნდა. ადამსონები კი – ინგლისში. ერთი წლის შემდეგ მათ “შვილობილის” მოძებნა გადაწყვიტეს, კენიაში ჩავიდნენ და მართლაც მიაგნეს ლიზას. ის უკვე პრაიდის წევრი იყო და თავისი ბოკვრები ჰყავდა. სამი. მაგრამ არც ადამსონები დავიწყებია. იცნო და გამოეგება. ვისთვის, როგორც შინაური კატა, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ტოლი  – ტოლს.

მას შემდეგ ადამსონებმა ცხოვრება ველური ბუნების შესწავლასა და გადარჩენას მოანდომეს.  რამდენიმე წიგნის ავტორები არიან. რადიოგადაცემის. დოკუმენტალური ფილმების. ჯოი ადამსონი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ცხოველთა სამყაროსთან ადამიანის მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია, თუკი თავად ადამიანი პატივს სცემს და არ დაარღვევს თამაშის წესებს. ის ცხოველთა კონსერვაციის ერთ-ერთი პიონერია. მისი ღვაწლი და გავლენა უდიდესია ყველა იმ მეცნიერსა თუ ენთუზიასტზე, ვინც ამ მიმართულებით იღწვის. ადამსონის მაგალითით იყო შთაგონებული დეივ სალმონი, რომელმაც რამდენიმე თვე გაატარა ლომების პრაიდის მეზობლად. მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის ავსტრიის სახელმწიფომ ჯოი ადამსონი ღირსების ჯვრით დააჯილდოვა.

ბევრს მოგზაურობდა, კითხულობდა ლექციებს. სიცოცხლის ბოლო წლები კვლავ კენიაში გაატარა. სწორედ იქ, შაბას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე იპოვეს მკვდარი 1980 წლის 3 იანვარს. სისხლისგან იყო დაცლილი და ორი ღრმა ჭრილობა ეტყობოდა. პირველადი დათვალიერების შედეგად პოლიციამ ასე დაასკვნა – ლომის ეშვებიაო. პრესამაც აიტაცა. ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ლომების გადარჩენისთვის იღწვოდა თავად ლომებმა დაგლიჯესო. ვიღაცამ, ალბათ, ასე თქვა – მაგას ადამიანებზე მეტად ლომები ეცოდებოდა და ღირსიაო. არ ვიცი, ვინ თქვა, თუმცა ნამდვილად იტყოდა ვინმე.

მაგრამ როდესაც ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა შეისწავლეს, ლომის ეშვების კვალი ხანჯლის ნაიარევი აღმოჩნდა. მკვლელი კი – იმავე პარკის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ცხოველების მიმართ უსულგულო დამოკიდებულების გამო ჯოი ადამსონმა სამსახურიდან დაითხოვა…

იმ კაცს სახლში ცოლი და შვილები ელოდებოდა. ან მეგობრები უბანში. ან საყვარელი მეზობლად. სამსახურის დაკარგვა, აბა, როგორია? თან – ცხოველების გამო. გაბრაზდა და შური იძია. ლომს ვერ მოერია და ქალი მოკლა…

George Adamson and Elsaტრაგიკულად დაიღუპა ჯორჯ ადამსონიც – კენიაში სომალელმა ბრაკონიერებმა მოკლეს. დასაფლავებულია იქვე, კორას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ძმის გვერდით, რომელიც ასევე ნატურალისტი და ცხოველთა უფლებების დამცველი იყო. მათი საფლავების მახლობლად კი ორი ლომის საფლავია. ეს ლომები ბრაკონიერებისგან იხსნეს კენიის პარკის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

რა ჯანდაბად გვინდა ეს ზოოპარკი?

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad