ნაყინი არის MADO

 

Mado Cafeურბანული ლეგენდა ამბობს, როდესაც მიტროფანე ლაღიძეს ჰკითხეს, რა არის შენი წვენების საიდუმლოო, ენა გამოუყვია თურმე. ოსმან აღა-ს, MADO-ს მთავარ მენაყინეს თუ ჰკითხავდნენ, ისიც ასე უპასუხებდა, ალბათ. დიდი სიფრთხილით ეძებდა რძეს უგემრიელესი ნაყინისთვის. საუკეთესოდ თხის რძე გამოარჩია ხმელთაშუა ზღვის მთიანეთიდან. ამ ფერდობებზე ველური ორქიდეა იზრდებოდა და კიდევ რამდენიმე სხვა მცენარე, რომლის ქართული შესატყვისის ძებნა მეზარება ახლა და არც თქვენ გაინტერესებთ, მთავარია, ამ მცენარეებს MADO-ს თხებმა მიაგნონ. Smile თხის რძით დამზადებულ ნაყინს გამორჩეული გემო აქვს. კონსისტენციით მძიმეა და ელასტიკური. ერთგვაროვანი მასაა და იწელება ელარჯივით… აი, მეგრულ სამზარეულოში ნაყინი რომ იყოს, სწორედ MADO-ს მსგავსი იქნებოდა. ამ ნაყინს, ტრადიციულად, დანა-ჩანგლით მიირთმევდნენ, ამიტომ იმდენად მკვრივი იყო, რომ მისი დაჭრა შეიძლებოდა… რა თქმა უნდა, დრომ თავისი ვარიაციებიც მოიტანა – დღეს ადამიანები შაქარს უფრთხიან და კალორიებს ერიდებიან, ნაყინიც ცდილობს, ნაკლებ ცხიმოვანი და უფრო მსუბუქი გახდეს, მაგრამ MADO-ს ნაყინს ტრადიციულის უმთავრესი ნიშნები დღემდე შენარჩუნებულ აქვს… ბოლო-ბოლო უცხიმო, უშაქრო და არაკალორიული სტაფილოს წვენიც გვეყოფა.

MADO, პირველ ყოვლისა, ნაყინია, მაგრამ ეს ქსელი ცნობილია ბორექით (ბაქლავას Mado breakfastმსგავსი ერთგვარი რულეტია, ყველის, ხორცის ან ბოსტნეულის შიგთავსით) და ტკბილეულითაც: ბაქლავა, ჩიზქეიქი და თურქეთში(ც) ერთობ პოპულარული პროფიტროლი (ჩვენებურად – შუ). რა თქმა უნდა, დესერტის გარდა, MADO ბევრ სხვა კერძს გთავაზობთ.  დაწყებული სენდვიჩებიდან და ქებაბებითა და მრავალი სახეობის გუფთით დამთავრებული. ისევე როგორც კუნეფეს (შემწვარი ყველისგან დამზადებული კერძია), სალათებს (თბილისში ეგზომ პოპულარული “ცეზარის” ჩათვლით), სუფებს და სხვა. უხვადაა ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო და ვინც თურქეთში ყოფილა, კი იცის – MADO-ზე იაფად ლოკანტებში დანაყრდებით, როგორც წესია და რიგი MADO-ში “ბრენდული” ფასნამატია. არცაა გასაკვირი. არც უცნაურია – ეს ამბავი MADO-ს არ მოუგონია, ასეა ყველგან. მაგრამ MADO-ს ყველა სხვა ლოკანტასა თუ კაფესგან უდავოდ გამოარჩევს რამ – ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნაყინი მსოფლიოში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. MADO თურქეთში ნაყინის სინონიმადაც გამოდგება. ამ ქსელში ნაყინს თითქმის 167 წელია ამზადებენ. ნაყინის ქიციც იციან და ქიცმაცურიც.

Mado SweetsMado dondurma

მსოფლიოში სულ ორი სახეობის ნაყინიაო – ასე ამბობენ MADO-ში: იტალიური და თურქული. და თურქული ნაყინი არის MADO.

  • “მორელისის” ნაყინი სჯობს თუ “მადოსი”? უკვე მკითხა მავანმა მზაკვრულად Smile და ბლოგზეც ვუპასუხებ. იტალიური ჯელატო და თურქული დონდურმა ნაყინის ორი განსხვავებული გემო და ტრადიციაა. მე ორივე მიყვარს, თუმცა, ჯელატო მირჩევნია. დავწერ აქვე, რომ “ლუკა პოლარეს” ნაყინის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს – მათი კონცეფცია არ მომწონს.”მორელისის” და “მადოს” ფასები შეესაბამება გემოს, სერვისს, კომფორტსა და ინტერიერს. “ლუკა პოლარესი” კი – არა. ზეთს ოლ. არაფერი – პირადი. და გთხოვთ, კომენტარში ეს თემა არ ახსენოთ, კომენტარი წავა ეგრევე გეჰენიაში. Smile

Mado Tbilisi Cafeკომპანიის სახელი ასე იკითხება MA (Maras – თურქული ქალაქია ხმელთაშუა ზღვაზე) DO (dondurma – თურქულად ნაყინს ჰქვია). პირველი სანაყინე 1850 წელს დაარსა იაშარ ქანბურმა და ოთხი თაობაა ოჯახის მფლობელობაში რჩება – მისი შთამომავლები მართავენ. წლიდან-წლამდე კომპანია ვითარდებოდა და იზრდებოდა, ერთი პატარა ქალაქის ქუჩაზე არსებული პატარა სანაყინიდან დღემდე, როდესაც მსოფლიოში 250-ზე მეტი კაფე აქვთ, აგერ უკვე – თბილისშიც.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

8 thoughts on “ნაყინი არის MADO”

  1. მე მიყვარს მადო. ჯელატოც მიყვარს და რაც მეტი ქსელი შემოვა, მით უფრო კარგია. ბასკინ რობინსი არ დაეხურათ, უკეთესი იქნებოდა. აღმაშენებელზე იყო, გემახსოვრება.
    მადოს ბათუმშიც გახსნიან მალე. ❤

    Like

  2. ისტანბულში რომ ვიყავი მაშინ გავსინჯე შენი პირადი მითითებითა და რეკომენდაციით 🙂 ახლა ფოტოს ვეძებდი, რომ აქვე დამერთო, მაგრამ ვერ ვიპოვე. მახსოვს რომნ ვანილის იყო იმდენად მსუყე, რომ ძლივს შევჭამე, აი შოკოლადის იყო რაღაცა ზღაპარი ! კიდევ რაღაცნაირი მწვანე იყო, მაგრამ ძაან უცნაური გემო ჰქონდა, ვერ დავუმუღამე. ის ლაქათლუხუმივით გემრიელობებიც მოყვებოდა პორციას. მოკლედ, ძაან კარგად მახსენდება მადოში გასეირნება ❤

    Like

    1. ფისტაშკიანია ეგ. აქაც აქვთ და ძაან პოპულარულია, როგორც ჩანს – იმიტომ რომ კარგად იყო შეჭმული როგორც შევამჩნიე. 🙂
      სამჯერ ვიყავი მე უკვე. :)) მაქეთ ხშირად ვარ ხოლმე და შევიარ

      Like

    2. ისე, მაგ უბანში რომ ვმუშაობდე ზოგიერთივით დღეში ორჯერ მივიდოდი მადოში 🙂 სამუშაო დღეს რომ ნაყინით დაიწყებ, ის დღე ნაყოფიერი იქნება და მერე რომ დაამთავრებ მადოთი სამუშაო დღით დაღლილი, ეგრევე ისევ ენერგიით დაიმუხტები ხელახლა.

      Like

  3. ერთი პატარა ქალაქის ქუჩაზე არსებული პატარა სანაყინიდან
    სანამ იყო, ალბათ ყოფნიდათ თხის რძე, მაგრამ როდესაც მსოფლიოში 250-ზე მეტი კაფე აქვთ, ძროხის რძის გარეშე არ ეყოფათ. 🙂
    აგერ უკვე – თბილისშიც – საქართველოში თხები ცოტა ყავთ ძალიან. 🙂
    მაგრამ გემრიელი ნაყინი რომ აქვთ ამაში გეტანხმებით.

    Like

      1. დონდურმას მოსამზადებლად თხის რძე არ არის აუცილებელი. მადოს ნაყინის მომზადების ტრადიცია იყო თხის რძით, მაგრამ მოთხოვნის ზრდის პარალელურად და მას შემდეგ რაც ქსელი გლობალური გახდა, დღეს მადოს ქსელშიც იყენებენ ძროხის რძეს. დონდურმას რძესთან ერთად ემატება სალეპი, ველური ირქიდეისგან დაკზადებული სასმელი და ფისტაშკის ზეთი. ჯელატო კი რძისა და ნაღებით მზადდება. ამიტომ დონდურმას უფრო მკვრივი სტრუქტურა და წებოვნება ახასიათებს. ჯელატო კი ნაკლებ ცხიმიანია. 🙂

        Liked by 1 person

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.