ქარიშხალა და მეოცნებე

ჯეი ჯი ბალარდი

მკვდარი ფრინველების სხეულებით ჭანჭრობი თეთრად იყო ხოლმე მოფენილი. მათი ბუმბული განთიადის მქრქალ შუქზე ნება-ნება ლივლივებდა მდორე წყალში და ცას მოწყვეტილ ღრუბლებსა ჰგავდა. ყოველ დილით, როდესაც ქრისფინი საგუშაგო კარჭაპის გემბანზე გამოვიდოდა, ხედავდა მდინარეებსა და წყალსატევებს და ორი თვის წინ დახოცილ ფრინველებს – სისხლისგან დაცლილი იარები ახლა უკვე თითქმის სრულად გაეწმინდა წყალს და კიდევ იყო ქალი, რომელიც მიუყვებოდა ხოლმე ნაპირს და ვერცხლისფერ დალალებს უწეწავდა ქარი. ქალი ცხოვრობდა მარტო, სახლში კლდის პირას. დააბიჯებდა ფრინველთა ნეშტებს შორის. დიდი ზომის ფრინველები იყო, სვავზე უფრო დიდი. გემბანიდან მაცქერალი ქრისფინი ხედავდა ქალს, ვინც დროდადრო შეჩერდებოდა, ჩაიმუხლავდა და ფრთებიდან გლეჯდა ბუმბულს. როდესაც სეირნობით იჯერებდა გულს, ბრუნდებოდა ცვრიანი მდელოთი, ცარიელ სახლში და თან მიჰქონდა ბღუჯა-ბღუჯა გრძელი თეთრი ბუმბულები.

პირველ ჯერზე ქრისფინი გაცხარდა კიდეც, როდესაც დაინახა, ეს უცხო ქალი როგორ პუტავდა მკვდარ ფრინველებს მდინარის პირას. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ, წყალსატევებსა და ჭანჭრობში მრავალი და მრავალი ათასი სხეული ეგდო, ქრისფინს, მგონი, ერთიც არ ეთმობოდა. უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს, როდესაც ჩრდილოეთის ზღვის მხრიდან მოფრინდნენ ფრინველები და თავს დაესხნენ საგუშაგო კარჭაპს. ქრისფინს პრაქტიკულად მარტოს მოუწია ბრძოლაში ჩაბმა და ყველას – თოლია იყო, თევზიყლაპია, მეთოვლია თუ ქარიშხალა – ყველა მათგანს გულ-მკერდი დაუფლითა მისმა, ქრისფინის ზუსტად გასროლილმა ტყვიამ.

Continue reading “ქარიშხალა და მეოცნებე”

მინუს ერთი

ჯეი ჯი ბალარდი

– სად არის? სად დაიკარგა, ღმერთო ჩემო? – აღმოხდა Green Hill Asylum-ის, სულით ავადმყოფთა თავშესაფრის, Green Hill Asylum-ის დირექტორს, დოქტორ მელინგერს. ადგილზე ვერ ჩერდებოდა, გაუთავებლად ბოლთას სცემდა მაგიდიდან ფანჯრამდე და – უკან.

დუმდნენ, მაგრამ მსგავს სასოწარკვეთას შეეპყრო სხვა თანამშრომლებიც. ხუმრობა ამბავია? პაციენტი გაუჩინარდა და თორმეტი საათი ისე შემოეფცქვნათ თვალსა და ხელს შუა, კვალს ვერ მიაგნეს.

ჯერ ვერ დაიჯერეს. შემდეგ – გაოცდნენ. შემდეგ – აღელდნენ. ბოლოს იმგვარმა ქვეცნობიერმა აღტყინებამ შეიპყრო ყველა, თავად ფსიქიატრები რომ ეიფორიულ უნდობლობას უძახიან.

ჯეიმს ჰინთონი პირველი და ერთადერთი პაციენტი იყო, ვინც თავშესაფრიდან გაპარვა მოახერხა. ისე, რომ, თითქოს მიწამ უყო პირი, კვალიც არ დარჩენია.

დოქტორმა მელინგერმა და მისმა ხელქვეითებმა ლამის დააჯერეს თავი, რომ ჰინთონი არსად გაქცეულა და იქვე, თავშესაფარში იმალებოდა სადღაც. ან – უბრალოდ აორთქლდა, თუკი აორთქლებას გაქცევად მოვნათლავთ.
Continue reading “მინუს ერთი”