სამი პატარა ბუ

არაკი

ფრედრიქ ბრაუნი

მთარგმნელის კომენტარი:
ამ ჯერზე კომენტარს წინ წავუმძღვარებ. ეს ტექსტი არც საიფაია, არც ფენტეზი, საბავშვო ზღაპარია (თავად ბრაუნი არაკს ეძახის) საბავშვო ჰორორითურთ. ვინც გამოტოვებს – ეგებ, ბევრი არც არაფერი დაკარგოს. მეორე მხრივ, ხელის გულზე რომ ეტევა ისეთი ნოველაა (ბრაუნი ხომ მინიატიურების ოსტატია) და ვინც წაიკითხავს, ბევრი დრო არ დაეხარჯება.
შემდეგი ტექსტი ბევრად რთული და ვრცელი იქნება და – სხვა ავტორის. ეს, ასე ვთქვათ, Pit Stop-ია.

***

იყო და არა იყო რა, უღრან ტყეში, ხის ფუღუროში დედა ბუსთან ერთად ცხოვრობდა სამი ღლაპი.

– დაიხსომეთ, შვილებო, – ეტყოდა ხოლმე დედა, – არასოდეს, არაფრის დიდებით ნისკარტიც არ გაყოთ დღისით გარეთ. პატარა ბუებისთვის გარეთ ნავარდის დრო ყოველთვის არის კუნაპეტი ღამე და არასდროს – დღე, როცა მზე ანათებს.

– გავიგეთ, დედა, – უპასუხებდა სამი პატარა ბუ ერთხმად.

ამას ჰპირდებოდნენ, მაგრამ, თავისთვის, თითოეული ღლაპი ფიქრობდა ასე: ერთხელ იქნება, დღისითაც უნდა ვცადო გასვლა, რომ გავიგო, რატომ მეკრძალება.

სანამ დედა თავზე ადგათ და მთელი დღის განმავლობაში გაფაციცებული იყო, ურჩობას ვერ ბედავდნენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დედას ცოტა ხნით მათი მარტო დატოვება მოუწია.

პირველმა პატარა ბუმ შეხედა მეორე პატარა ბუს და უთხრა:

– ხომ არ გვეცადა?

და მესამე პატარა ბუმ შეხედა ორივეს და უთხრა:

– რაღას ველოდებით?
Continue reading “სამი პატარა ბუ”

დროის დასასრული

ფრედრიქ ბრაუნი

პროფესორი ჯონსი მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა დროის თეორიას.

– როგორც იქნა, მივაგენი მთავარ განტოლებას, – ერთ მშვენიერ დღეს უთხრა ქალიშვილს, – დრო არის ველი. ჩემს მიერ შექმნილ მანქანას ამ ველის მართვა შეუძლია, თუნდაც – მისი პირუკუ დატრიალება.

ამ ლაპარაკში რომ იყო, დააჭირა ღილაკს და თქვა:

– ეს, ახლა, დროს შემოაბრუნებს…
Continue reading “დროის დასასრული”

საზღვაო არაკი

ფრედრიქ ბრაუნი

იმ შუაღამეს, ოკეანის პირას, სადღაც ქეიფ ქოდსა და მაიამის შორის რობერთ ფალმერი შეხვდა ქალთევზას. რობერთი მეგობრებს სტუმრობდა და ჯერ ისევ ფხიზლად იყო, როდესაც სხვები უკვე დასაძინებლად წავიდნენ. გავიდა სასეირნოდ და სანაპიროზე დაფენილ მთვარის შუქს აედევნა. მორკალულ ყურეს რომ მიადგა, იქ დაინახა: ქვიშაში დაგდებულ მორზე იჯდა. გრძელ, გიშრისფერ, ლამაზ თმას ივარცხნიდა.

ქალთევზები რომ არ არსებობენ კი იცოდა, მაგრამ თუ გინდა ნუ დაუჯერებ თვალებს – ნამდვილად ის იყო. რობერთი მიუახლოვდა, ორიოდ ნაბიჯში გაჩერდა და ფრთხილად ჩაახველა.

ქალთევზა შეირხა, დალალები უკან გადაიგდო, სახე და მკერდი გამოუჩნდა. კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენა. ყველაზე ლამაზი, თუ რამ არსებობს დუნიაზე.
Continue reading “საზღვაო არაკი”

თოჯინების თეატრი

ფრედრიქ ბრაუნი

აგვისტოს თვე იყო. ცხელი დღე. შუადღის ჟამი. ჩერიბელს ჭირმა მიაკითხა.

თუმცა, ჩერიბელში აგვისტოს ყველა დღე აუტანლად ცხელია. არიზონას შტატში, 89-ე გზატკეცილზე მდებარეობს თუსონიდან სამოცი კილომეტრით სამხრეთით და მექსიკის საზღვრიდან ჩრდილოეთით, ასე 50 კილომეტრში. ორი ბენზინგასამართი სადგური, გზის გადაღმა და გზის გამოღმა – ერთი ავტომოგზაურიც რომ არ დაუსხლტეთ. დიდი მაღაზია, ყველაფერს რომ შეიძენ; მომცრო ტავერნა ლუდისა და ღვინის ლიცენზიით – ტურისტისთვის, ვისაც პონჩოსა და სომბრეროს შესაძენად მიეჩქარება და გზად ყელის გასველება სურს; ჰამბურგერების მიტოვებული ფარდული და გამომწვარი წითელი აგურის რამდენიმე სახლი, იმ მექსიკელ-ამერიკელებისთვის, ვინც მეტწილად სამხრეთით, ნოგალესში მუშაობენ, მაგრამ, ღმერთმა იცის, რა მიზეზით, ჩერიბელში ცხოვრება ურჩევნიათ. გზის გასწვრივ ფორდის T-მოდელებს თუ დაინახავთ – მათია. აბრა „ჩერიბელი, ფოფ. 42 ” კი გატყუებთ – ფოფ ანდერსი აღარ არის – გასულ წელს გარდაიცვალა. მისი იყო ფარდული, სადაც ჰამბურგერებს ამზადებდა.

Continue reading “თოჯინების თეატრი”

ვუდუ

ფრედრიქ ბრაუნი

ქალბატონი დექერი ახლახანს დაბრუნდა მოგზაურობიდან. ჰაიტიზე ბრძანდებოდა. მარტო. ბატონი დექერისგან დაისვენა, ეგებ, ორთავენი დამშვიდებულიყვნენ, სანამ განქორწინების პირობების განხილვას შეუდგებოდნენ.

ვერ დამშვიდდნენ. პირიქით, თითქოს მეტადაც შესძულდათ ერთმანეთი, ვიდრე – ოდესმე.

– ნახევარი, – განაცხადა ქალბატონმა დექერმა, ისე, რომ წარბიც არ შერხევია, – ნაკლებზე არ დაგთანხმდები – ფულისა და ქონების ნახევარი!

– გამაცინე! – უთხრა ბატონმა დექერმა.

Continue reading “ვუდუ”

რასაკვირველია

ფრედრიქ ბრაუნი

Beyond Fantasy Fiction September, 1954

ჰენრი ბლოდჯეთმა მაჯის საათს დახედა – ღამის ორი საათი დამდგარიყო. სასოწარკვეთილმა აკრა ხელი მაგიდაზე გადაშლილი სახელმძღვანელოს ყდას და ხმაურით დახურა, შემდეგ თავზე შემოიკრა ხელი, მუშტები შეკრა და ზედ ნიკაპი ჩამოდო. ხვალ კიარა და უკვე დღეს გამოცდაზე უნდა გასულიყო და ამ გამოცდის ჩამბარებელი არ იყო ნამდვილად. ეს უეჭველი იცოდა. რაც მეტს სწავლობდა წყეულ გეომეტრიას, მით ნაკლები რჩებოდა თავში. ზოგადად მათემატიკაში ყოველთვის კოჭლობდა და გეომეტრია ხომ დაუძლეველ თამასად ექცა.

Continue reading “რასაკვირველია”

იყიდება ბავშვის ფეხსაცმელები. სრულიად უხმარი

მოთხრობამ, რომელსაც ჰემინგუეის მიაწერენ, თუმცა, დიდი ალბათობით, არ დაუწერია, მთელს მიმართულებას დაუდო სათავე. “ექვსსიტყვიანი ამბები”. ასე ჰქვია.

ჩემს თარგმანში 5 სიტყვაა, მაგრამ ორიგინალშია – 6
For sale: baby shoes, never worn.

მოთხრობა იყო თუ არა, ამაზეც კამათობდნენ, მაგრამ მიკროპროზის ყველა ნიშან-თვისება აქვს. ონლაინ Smith Magazine აქვეყნებს ამგვარი ლიტერატურული გაელვების ნიმუშებს და HarperCollins-ის შვილობილ Harper Perennial-თან ერთად წიგნებადაც გამოსცემს ხოლმე. მიკროპროზაულ ნაწარმოებებს დღეს ცალკე ჟანრული სახელიც აქვს – Flash fiction (სიტყვიდან “flash” – გაელვება) და ისე პოპულარულია, რომ ლიტერატურის ბევრი კრიტიკოსი კიდევ უფრო აქუცმაცებს. აქ არის 50 სიტყვისგან შემდგარი დრიბლი (“dribble” – წვეთა, წანწკარი), 100 სიტყვისგან შემდგარი დრაბლი (“drabble” – დალბობა), ოდესღაც 140 და დღესუკვე 280 სიტყვისგან შემდგარი თვიტერატურა (Twitter), 750 სიტყვიანი უცაბედი მოთხრობა (sudden fiction), 1000 სიტყვიანი ელვა ან უკვენახსენები ფლეში. კიდევ ამბობენ ხოლმე მიკრომოთხრობას, რომელიც მაქსიმუმ 300 სიტყვას მოიცავს. თვითერმა რაც ლიმიტი გაზარდა, თვიტერატურა თითქმის გაუთანაბრდა მიკროს. მე ხელისგულისოდენა მომწონს. 6 სიტყვა იქნება თუ ათასი – ხელისგულზე რომ დაიტევ[*] ისეთი მოთხრობაა.

Continue reading “იყიდება ბავშვის ფეხსაცმელები. სრულიად უხმარი”

პასუხი

ფრედრიქ ბრაუნი

Answer cover

დვარ ევმა ოქროთი მირჩილა ბოლოსთვის მოტოვებული ის სადენიც და საზეიმოდ დააცქერდა. თორმეტი ვიდეო-თვალი აკვირდებოდა და მათი საშუალებით – უკლებლივ კაცობრიობაც.

წელში გაიმართა და თავი დაუქნია დვარ რეინს, შემდეგ კი ჩამრთველს წაეტანა. უნდა შეეკრა წრე, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა ყველა გალაქტიკის ყველა კომპიუტერს განლაგებულს ყველა კუთხე-კუნჭულში. მილიარდობით რასა, ვინც სახლობდა ოთხმოცდაექვს მილიარდ დასახლებულ პლანეტაზე – მათი ცოდნა თავს მოიყრიდა ერთ კიბერნეტიკულ ტვინში.

Continue reading “პასუხი”