სურვილი

როალდ დალი

ძველ ნაკაწრს მუხლზე ბიჭმა ხელისგული გადაუსვა და იგრძნო – ნაწიბური უკვე გამხმარიყო. თავი დახარა და კარგად დააკვირდა. თავმომხმარ კანს, როგორც ყოველთვის, იდუმალი ხიბლი ჰქონდა. გამომწვევადაც კი შესცქეროდა ბიჭს – ძნელია ასეთ ცდუნებას გაუძლო.

კარგი! – გაიფიქრა, – მოვგლეჯ… თუნდაც, ჯერ სრულად გამხმარი არც იყოს. ოდნავ იყოს მიკრული. ავიწიწკნი და მერე, თუნდ, მეტკინოს.

ფრჩხილი გადაატარა ფრთხილად, კიდეები მოუსინჯა. შემდეგ ქვემოდან მოსდო და ოდნავ ასწია. მეტი ძალისხმევა არ დასჭირვებია, ყავისფერი ქერქი იოლად აჰყვა, მთლიანად და კოხტად აძვრა – მხოლოდ პაწია ალისფერი რგოლი დატოვა კანზე.

რა კარგია! მშვენიერი. ბიჭმა მოისრისა და არ სტკენია. შემდეგ გამხმარი ქერქი აიღო, ბარძაყზე დაიდო, წკიპურტი კრა და ხალიჩის კიდემდე გადააფრინა. ვეებერთელა, ჭრელი ხალიჩა – წითელი, შავი და ყვითელი ფერის – დერეფანში გაეშალათ და კიბეებიდან შემოსასვლელ კარამდე იყო გადაჭიმული. ბიჭი კიბეებზე იჯდა და მოწიწებით გასცქეროდა. ჩოგბურთის მოედანზე დიდია. ბევრად დიდი. აქამდე ყურადღებასაც არ აქცევდა, მაგრამ ახლა მონუსხული შესცქეროდა. იდუმალმა ბზინვარებამ მოჭრა თვალი – სამივე ფერი ელავდა და კაშკაშებდა. შეხედე, – თქვა თავისთვის, – ვიცი, რა ამბებია: წითელი გავარვარებული ნახშირია, ამიტომ კარამდე ისე უნდა მივიდე, მათ არ შევეხო. წითელი დამწვავს. კი, მთლიანად დავნახშირდები. ხალიჩის შავი… შავი ფერი არის გველების ბუდე. შხამიანი გველებია, მეტწილად – ასპიტები და კობრები, მკლავის სიმსხო გველებია და ერთმაც თუ დამგესლა – მოვკვდები. ჩაის დალევის დრომდე ვერ მივატან, დამიძახებენ, მე კი ცოცხალი აღარ ვიქნები. მაგრამ თუ მშვიდობით გავაღწიე, დამწვრობის და ნაკბენის გარეშე, ხვალ, დაბადების დღეზე ლეკვს მაჩუქებენ. Continue reading “სურვილი”