ჩაკეტილი ოთახი

რობერთ შექლი

ბრიტანელი მეცნიერი, სერ თრევორ მელანბი ერთი შექანებული მოხუცი იყო, ქენთის საგრაფოში, მის საკუთარ მამულში მომცრო ლაბორატორია ჰქონდა მოწყობილი. სწორედ ამ ლაბორატორიის კარი შეაღო 17 ივნისს დილით. როცა მესამე დღე მიილია და პატივცემული პერი არ გამოჩენილა, ოჯახის წევრებმა მოიკითხეს. ლაბორატორიის კარ-ფანჯარა ჩაკეტილი დახვდათ, ამიტომ პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციელებმა მუხის სქელი კარი შეამტვრიეს. შიგნით დახვდათ სერ თრევორი, რომელიც ბეტონის იატაკზე გაშოტილიყო და სიცოცხლის ნიშან-წყალი არა ჰქონდა. ცნობილ მეცნიერს ყელი გამოღადრეს. მკვლელობის იარაღიც იქვე ეგდო – ბაღის სამთითა ფოცხი. ლაბორატორიიდან მოიპარეს ხელით ნაქსოვი ავღანური ხალიჩა. კარი და ყველა ფანჯარა შიგნიდან იყო დაკეტილი.

შეუძლებელი მკვლელობა და შეუძლებელი ქურდობა – თუმცა, ვიღაცამ ეს შეძლო. ამ საიდუმლოს გამოსაცნობად სასწრაფოდ უხმეს მთავარ ინსპექტორ მორთონს, რომელიც დაუყოვნებლივ გამოცხადდა და დოქტორი ქრაჩიც თან ახლდა – კარგად ცნობილი მოყვარული კრიმინალისტი.

Continue reading “ჩაკეტილი ოთახი”

ფიქრის სურნელი

რობერთ შექლი

დაუსახლებელი სირგონის კლასტერის გავლისას, ლეროი ქლივის ნამდვილი უბედურება დაატყდა თავს. ცხადია, არც მანამდე ულხინდა: ძველისძველი საფოსტო ხომალდი ნომერი 243, მონჯღრეული მილები და არეული ასტრონავიგაცია, მაგრამ ახლა, სანამ მარშრუტს აზუსტებდა, შენიშნა – ბორტზე მეტისმეტად დათბა.

მძიმედ ამოიოხრა, გაგრილება ჩართო და ფოსტის უფროსს დაუკავშირდა. სადგურს უკვე საკმარისად იყო დაშორებული და რადიო ტალღები ძლივს სწვდებოდა, მაგრამ შიშინსა და ჭახანს შორის მაინც მოახერხა ფოსტმაისტერის ხმის გარჩევა.

– ახლა რა გჭირს, ქლივი? – ჰკითხა მრისხანედ. ფოსტმაისტერი ის კაცი იყო, ვისაც საკუთარი ხელით შედგენილი გრაფიკის სჯეროდა, როგორც წმინდა წერილის.

– არც კი ვიცი, რით გაგახაროთ, – უდარდელად უპასუხა ქლივიმ, – თბოიზოლაციას, მილებს, ასტრონავიგაციას და გაგრილების სისტემას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, სხვა დანარჩენი გენიალურადაა.

Continue reading “ფიქრის სურნელი”

სამაია შეფ-მზარეულის, მიმტანისა და კლიენტის შესრულებით

რობერთ შექლი

pic-197108-three-sinners

ამბავი პირველი – შეფ-მზარეულის მონაყოლი

უფალო!

ამბავი, რომლის შესახებაც მინდა, მოგითხრო, რამდენიმე წლის წინ მოხდა. ის-ის იყო ინდონეზიური სამზარეულოს საუკეთესო რესტორანი გავხსენი ბალეარის კუნძულებზე.

სანტა ეულალია დელ რიოში, ივისაზე გავხსენი ის რესტორანი და, მიუხედავად იმისა, რომ კუნძულებზე სხვა ორი ინდონეზიური რესტორანიც იყო, ერთი – ნავსადგურთან, მეორე კი – პალმა დე მაიორკაში, ყველანი მეუბნებოდნენ, რომ ჩემსას ბადალი არა ჰქონდა.

მაგრამ ბიზნესი კოჭლობდა ჯაგლაგი ცხენივით.

სანტა ეულალია ძალიან პატარაა, მაგრამ იქ და მიმდებარე სოფლებში ბევრი მწერალი და მხატვარი ცხოვრობს. თქვენ მეტყვით, მხატვარს აბა რა ფული აქვსო, მაგრამ ნამდვილად არ იყვნენ ისე ჯიბეგარეცხილები, რისტაფელის[1] თანხა არ ჰქონოდათ. მაშ, რად არ სადილობდნენ ჩემთან უფრო ხშირად? ნუთუ ხუანიტოს რესტორანს ან „სა პუნტას“ ამჯობინებდნენ? იქაური ლობსტერი მაიონეზით ან პაელია, ურიგო არ იყო, მაგრამ ჩემს სამბალ ტელორთან ან სატაი კამბინგთან სად მოვიდოდა… ბაბი კეჯაპზე აღარაფერს ვამბობ.

სოფელს თავისი ჭკუა აქვს – ხელოვანი ადამიანი ახირებული, ჟინიანი ვინმეა, დრო სჭირდება, ახალ ადგილს მიეჩვიოს და ახალ კერძს გემო ჩაატანოს.

Continue reading “სამაია შეფ-მზარეულის, მიმტანისა და კლიენტის შესრულებით”

ერთი საჭირო რამ

რობერთ შექლი

რიჩარდ გრეგორი პლანეტათშორისო დეზინფექციის სამსახურის AAA Ace-ის ოფისში, საკუთარ კაბინეტში იჯდა დამტვერილ მაგიდასთან და, არნოლდის მოლოდინში, დაღლილი თვალებით დაჰყურებდა სიას. ჩამონათვალში სულ 2,305 ნივთი იყო და გრეგორი იხსენებდა, რამე ხომ არ გამორჩა.

ანტირადიაციული მალამო? სიაშია. ვაკუუმის მაშხალები? ესეც. წყლის გამწმენდი ნაკრები? კი, არაფერი დავიწყნია.

კმაყოფილებით გაიზმორა და საათს დახედა. არნოლდი, მისი პარტნიორი სადაცაა უნდა დაბრუნებულიყო. ამ 2,305 ნივთის შესაძენად იყო წასული და იმის გადასამოწმებლად, როგორ დაასაწყობებდნენ კოსმოსურ ხომალდზე უკლებლივ. რამდენიმე საათში, AAA Ace-ის გუნდს ახალი სამუშაოს შესასრულებლად უნდა აეღო გეზი.

ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ. კოსმოსური ხომალდი თვითმომარაგებაზე მყოფ კუნძულსა ჰგავს. თუ, ვთქვათ, ლობიო დაგიმთავრდა, დემენცია II–ზე ვერ ნახავ მაღაზიას, საიდანაც მარაგს შეივსებ. ლობიოს ვინ ჩივის, მთავარი პროცესორის მიკროსქემა თუ დაიფერფლა, პლანეტათშორისო სანაპირო დაცვა როდი გამოექანება მის შესაცვლელად. სათადარიგო მარაგ-ნაწილებიც ბორტზე უნდა გქონდეს და მათ შესაცვლელად საჭირო ხელსაწყოებიც. და კიდევ – სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა შეაკეთო. კოსმოსი სივრცეში მეტისმეტად განფენილია და უკიდეგანო იმისთვის, რომ სამაშველო ოპერაციის იმედად იყო.

ჟანგბადის დანადგარიდან სიგარეტებამდე – კოსმოსური ხომალდი კიარა ნამდვილი ჰიპერმარკეტია…
Continue reading “ერთი საჭირო რამ”

საბოლოო იარაღი

რობერთ შექლი

ედსელს მოთმინების ფიალა გადავსებოდა. ასეთ დროს, ჯობდა, არ დანახვებოდი. ცხელ გულზე, შეიძლება, მოეკლა ვიღაც. ის, ფარქი და ფაქსონი მესამე კვირაა დაეხეტებოდნენ ამ ღვთისგან მიტოვებულ მიწაზე. ერთიმეორის მიყოლებით გათხარეს ყველა ნამარხი და მიწაყრილი, რაც გზად შემოხვდათ, წელში გაწყდნენ. მაგრამ ფასეული ვერაფერი ნახეს. ყოველი დღე წინაზე გრილი[*] იყო. მარსის ზაფხული თვალსა და ხელს შუა დნებოდა და მასთან ერთად – ედსელის ნერვებიც. მშვიდი არც სხვა დროს ეთქმოდა. სულ სხვა იყო ფაქსონი. მუდამ მხიარული. ოცნებობდა, როგორ სარფიანად გაყიდდნენ იმ იარაღს, მარსიდან რომ ჩაიტანდნენ დედამიწაზე. ფარქი, სამეულიდან ყველაზე უშფოთველი, მუშაობდა დინჯად და თუ არ კითხავდი რამეს, ძნელად თუ გაგაგონებდა ხმას.

ედსელი კი ზღვარზე იყო. გათხარეს კიდევ ერთი ბორცვი და – ისევ არაფერი. კაშკაშა მზე დაადგათ თავს და ერთბაშად ვარსკვლავებიც გამოჩნდა უცხოდ ცისფერ ცაზე. შუადღე გადასულიყო. ედსელს სიცივემ დაკრა. დაუარა სახსრებში. და – კუნთებში.

ამ დროს იყო, ფარქის მოკვლა რომ გადაწყვიტა. ეს აზრი ანაზდად ამოუტივტივდა. სიტყვაძუნწი კაცი დედამიწაზეც არ მოსწონდა და აქ – უკვე ყელზე იყო მომდგარი… განა, ფაქსონი ეხატებოდა გულზე, მაგრამ ფარქი მაინც სხვა იყო.

Continue reading “საბოლოო იარაღი”

ჰკითხე კითხვა სულელური

რობერთ შექლი

მოპასუხე უნდა ყოფილიყო იმდენ ხანს, სანამ იქნებოდა საჭირო, რაც საკმაოდ დიდი დროა, როგორც ზოგი რასა განსჯის დროს და არც ისე ბევრი, როგორც სხვა რასები განსჯიან. თავად მოპასუხისთვის ეს დრო უბრალოდ საკმარისი იყო.

მოპასუხე ზომით დიდი ზომისა იყო ზოგისთვის და სხვისთვის – პატარა.

ზოგი მოპასუხეს მეტისმეტად რთულ მექანიზმად აღიქვამდა, თუმცა სხვებისთვის მეტისმეტად მარტივი იყო.

მოპასუხემ იცოდა, რომ ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. ის ხომ მოპასუხე იყო. მან იცოდა კარგად.

რასა, რომელმაც მოპასუხე შექმნა… რაც ნაკლებს ვიტყვით მათზე – მით უკეთესი. მათაც იცოდნენ და არასდროს გაუმჟღავნებიათ, იყო თუ არა ეს ცოდნა საამური.

მათ ააგეს მოპასუხე და დატოვეს ნაკლებგანვითარებული რასების სამსახურში. თავად გაემგზავრნენ. და სად წავიდნენ მხოლოდ მოპასუხემ იცის.

რადგან მოპასუხემ ყველაფერი იცის.

Continue reading “ჰკითხე კითხვა სულელური”

ლაქსიანური გასაღები

რობერთ შექლი

 

რიჩარდ გრეგორი პლანეტათშორისო დეზინფექციის სამსახურის AAA Ace-ის ოფისში, საკუთარ კაბინეტში იჯდა დამტვერილ მაგიდასთან და პასეანსს შლიდა არნოლდის მოლოდინში. შუადღე მომდგარიყო, ლამის, მისი პარტნიორი კი არსად ჩანდა. ამ დროს იყო, დარბაზიდან რაღაც ბრახუნის ხმა და ჩოჩქოლი რომ შემოესმა.

არნოლდმა AAA Ace-ის კარი შემოაღო და შემოყო თავი.

– პუნქტუალობა მეფეთა თავაზიანობაა? – ჰკითხა გრეგორმა.

– ეს-ესაა, ბედნიერ ვარსკვლავზე დავეშვით, – უპასუხა არნოლდმა. კარი ფართოდ გახსნა და, თითქოს, სცენაზე ყოფილიყოს, თეატრალური ჟესტით, – აბა, შემოიტანეთ, ბიჭებო!

შავი კუბი ოთხმა ძლივს შემოათრია ოთახში. ქოშინებდნენ და ხვითქი გადასდიოდათ. ყუთი პატარა სპილოს ზომისა იყო, ნაკლების – არა.

– აგერ! – ამაყად თქვა არნოლდმა. მტვირთავებს ანგარიში გაუსწორა. დადგა ამაყად, დოინჯშემოყრილი. ოდნავ მოჭუტული თვალებით დანადგარს დააცქერდა.

Continue reading “ლაქსიანური გასაღები”