სასწაული ყინულზე

რუსოფობის ჩანაწერები

ეს იყო… იყო… იყო… იყო ძალიან დიდი ხნის წინ. გასულ საუკუნეში.

Miracle on Ice1980 წლის 22 თებერვალს ოლიმპიური ჰოკეის ფინალურ ტურნირში საბჭოთა კავშირის ნაკრები ამერიკის ნაკრებს უნდა შეხვედროდა. ვისაც გაგიმართლათ და საბჭოთა კავშირში არ გიცხოვრიათ, ვერც წარმოიდგენთ და ვერც მე აღგიწერთ, რა ამბავი ტრიალებდა ამ მატჩის გამო საბჭოთა მედიაში. სტალინგრადის ბრძოლისთვის არ ემზადებოდნენ, ალბათ, ისე, როგორც ოლიმპიური ჰოკეისთვის – ამერიკის მიწაზე, გადამწყვეტ მატჩში საბჭოთა კავშირი უნდა შებრძოლებოდა უმთავრეს მტერს – შეერთებულ შტატებს, შებრძოლებოდა და ბეჭებზე დაედო. მოესპო. გაენადგურებინა. სწორედ ამისთვის ემზადებოდნენ საბჭოეთში. ჰოკეის გუნდის წევრებს კრემლში ლენინის ორდენები ელოდებოდა. ყველა გაზეთი და ყველა (ბევრი არ იყო, მაგრამ რამდენიც იყო) ტელეარხი მხოლოდ ამ თამაშზე ლაპარაკობდა. ისე წაიღეს ტვინი, რომ მეც, რომელიც სულ 9 წლის ვიყავი და არც ოლიმპიადა მაინტერესებდა, არც ჰოკეი, მეც კი მივხვდი – რაღაც გრანდიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მოხდარიყო… და გადავწყვიტე ჩემთვის, რომ ამ ამბავში გამარჯვება ამერიკას უნდა დარჩენოდა. ახლა არ მახსოვს, რატომ გადავწყვიტე ასე. მაგრამ კი გადავწყვიტე მტკიცედ და სხვებსაც ვუმტკიცებდი – ამერიკელები მოიგებენ-მეთქი. იგორ კირილოვსაც ვეუბნებოდი, მაგრამ არ ესმოდა. რომც გაეგონა, მაინც არ დამიჯერებდა…

001256059

უფროსი ასაკისა რომ ვყოფილიყავი, ჰოკეის მატჩები ნანახი რომ მქონოდა, ალბათ, არც მე დავიჯერებდი – საბჭოთა ნაკრები მაშინ უძლეველი იყო, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ჩემპიონი. ამერიკელებს კი ოლიმპიური ბრინჯაოც არასდროს აეღოთ მანამდე. თან, მათი ნაკრები სტუდენტებისგან იყო შეკოწიწებული. მოყვარულებისგან. პროფესიონალებს (NHL-ელებს) ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. ოლიმპიადის დაწყებამდე 3 დღით ადრე, ამხანაგურ მატჩში რუსებმა ამერიკელები 10:3 გაანადგურეს. მოკლედ, თუ ბუქმექერები იმ მატჩზე ფსონებს იღებდნენ, ალბათ, ამერიკელების შანსები 1-50-თან თუ იქნებოდა… მაგრამ ეს არაფერი ვიცოდი მე. როგორცა ვთქვი, არც ოლიმპიადა მაინტერესებდა და ჰოკეიში რა ხდებოდა, არც ეგ ვიცოდი. ვიცოდი მხოლოდ ერთი – სსრკ ხვდებოდა ამერიკელებს და კირილოვმა ტვინი წაიღო, ამერიკელებს გავაცამტვერებთო. ასეთია სამშობლოსა და პარტიის დავალებაო. ლიხაჩოვის ქარხნის მუშები, სერბსკის კლინიკის ექიმები, ლენინის გზის კოლხოზის მწველავები კოლექტიურ წერილებს თხზავდნენ, აბა ჩვენო ბიჭებო, “წითელო მანქანავ”, გადაუარე კაპიტალისტებსო… ახლა შემეძლო დამეწერა, რომ მშობლები მეუბნებოდნენ, თუ როგორ დაგვიპყრო რუსეთმა, სსრკ რომ ბოროტების იმპერია იყო, კრემლი იყო მტერი… მაგრამ ტყუილი იქნება. 9 წლის ვიყავი სულ და არვინ მიყვებოდა ასეთ ამბებს. თავად მივხვდი, რომ ამერიკელებისთვის უნდა მეგულშემატკივრა. ჭკვიანი ბავშვი ვიყავი-თქო არ ვიტყვი, მაგრამ გემოვნება კი მქონდა კარგი. 🙂

თამაში არ მინახავს. 🙂 არც ვიცი, პირდაპირი ტელერეპორტაჟი თუ იყო. თბილისში მაგ დროს გვიანი ღამე იქნებოდა ან გამთენია. მეძინა მშვიდად. დარწმუნებულს, რომ “ჩემი” ამერიკელები მოიგებდნენ. ასეც მოხდა. 4-3. ამ მატჩს “ყინულზე სასწაული” უწოდეს. დილით გავიღვიძე და ანგარიში რომ გავიგე, ლამის, ჭკუიდან გადავსულვარ სიხარულით. მეკი არ მახსოვს, მაგრამ ისე მიხაროდა, თურმე, რომ დედაჩემს შეეშინდა და სკოლაშიც არ გამიშვა იმ დღეს – რამე ხიფათს არ გადაეყაროსო… გაგანია სუსურუკუ იყო მაინც. და ამ წაგების გამო თითქმის გლოვა იყო საბჭოეთში გამოცხადებული. თან ამასობაში 23 თებერვალი დადგა – წითელი არმიის დღე.

სხვათა შორის, როდესაც ბევრი წლის შემდეგ რუსეთში გამოკითხვა ჩაატარეს, თუ რომელი ოლიმპიადა იყო ყველაზე წარუმატებელი, გულშემატკივრებმა ასეთად ლეიქ ფლესიდი დაასახელეს, არადა მედლებს თუ დავთვლით, გუნდურ ჩათვლაში სსრკ სწორედაც რომ კარგად გამოვიდა. მაგრამ რუსების მეხსიერებას ჰოკეის ფიასკო შემორჩა დღემდე.

ასე მოხდა ჩემი და ჰოკეის დამეგობრება. ერთი ნახვით კიარა, უნახავად შემიყვარდა, შეიძლება ითქვას. სპორტი, რომელიც სპორტზე მეტი იყო და სადაც რუსების გამწარება შეიძლებოდა.

დღემდე დიდ მოყვარულად ვრჩები. ფეხბურთივით ვერა, მაგრამ ჩემთვის მეორე ადგილზეა. ოღონდ, კანადას ვგულშემატკივრობ. კლუბებში კი – მონრეალს.

მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad