ალმასთხურო

ჰერბერთ უელსი

ჩენსერი ლეინზე[1] გვიანობამდე შემოვრჩი საქმეებს და საღამოს ცხრა საათისთვის აღარც მუშაობის გაგრძელების, არც ღამეული დროსტარების არაქათი მქონდა, თავის ტკივილმაც დამტანჯა. ცადაზიდულ შენობებს შორის ავხედე ცას, მშვიდი ღამე იყო და სანაპიროზე გასეირნება გადავწყვიტე, სადაც მდინარეს ათასი შუქურას შარავანდედი ადგას და გრილი სიო გეალერსება შუბლზე.

ასეთ დროს სანაპირო საუკეთესო ადგილია – ჭვარტლს თალხი საბურველი ეფინება, შენობები იასამნისფერ-მონაცრისფრო აჩრდილებად აზიდულა და ჩვენი დროის ყველა ფერი ანათებს ღამეს: მბზინავი წითელი და ნარინჯისფერი, გაზის შუქურების ყვითელი და ელექტრო ნათურების თეთრი. უათერლოოს ხიდის ქვეშ დაინახავ ციცინათელებივით მოციმციმე მრავალ წერტილს და ღრუბლები უესთმინსთერის კოშკებს შორის დასრიალებენ მოკიაფე ვარსკვლავების ფონზე. მდინარე მდორედ მოედინება და მხოლოდ ეული ტალღა თუ შეარხევს სიჩუმეს, მთვარის ანარეკლს აიტაცებს წყლიდან და ჰაერში შეათამაშებს.

– თბილი ღამეა, – მომესმა ანაზდად.

Continue reading “ალმასთხურო”

აგვისტოს ხვატი

უილიამ ფრაიერ ჰარვი

ეს დღე, ალბათ, ყველაზე გამორჩეული იყო ჩემს ცხოვრებაში და სანამ მოგონებები ცოცხალია, მსურს, რაც შეიძლება წვრილად, ქაღალდზე გადავიტანო.

ჯერ გაგეცნობით – ჯეიმზ ქლარენს უიზენქროფთი მქვია.

ორმოცი წლის ვარ, სრულიად ჯანმრთელი, ერთი დღეც არ მიავადმყოფია.

პროფესიით მხატვარი ვარ, არცთუ სახელგანთქმული, მაგრამ ჩემი გრაფიკული ნამუშევრებით იმდენ ფულს კი ვშოულობ, რომ ძირითად მოთხოვნილებებს გასწვდეს.

ერთადერთი ახლო ნათესავი – ღვიძლი და ხუთი წლის წინ გარდამეცვალა, მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ.

იმ დილით ცხრა საათზე ვისაუზმე, გაზეთს გადავხედე, ჩიბუხი გავმართე და თუთუნს მოვუკიდე შთაგონების მოლოდინში.

ძალიან ცხელოდა. ფანჯრები და კარი გამოვაღე, მაგრამ ვერაფერი შვება მომცა, წარმოვიდგინე – მეზობლად, საჯარო აუზის მყუდრო კუთხეში როგორ მოხერხებულად მოვთავსდებოდი… ამ ფიქრებში ვიყავ, ანაზდად წარმოსახვა რომ ამეშალა და ხატვას შევუდექი. საქმემ ისე გამიტაცა, სადილობის დროც კი გამექცა. წმინდა იუდას კოშკურაზე საათმა ოთხჯერ რომ ჩამოჰკრა, მაშინღა გადავდე ფანქარი გვერდით.

შედეგით კმაყოფილი დავრჩი – ნაჩქარევი ესკიზის პირობაზე, მომეჩვენა, რომ საუკეთესოც იყო, რაც ოდესმე დამიხატავს.

Continue reading “აგვისტოს ხვატი”

დიუნი

სთივენ ქინგი

როდესაც ალიონის კამკამა ცის ქვეშ მოსამართლე ცდილობს აბობღდეს კანოეში, რასაც მისი ცხოვრების თითქმის ხუთ წუთს ახმარს, ამას ფიქრობს – ბეხრეკი სხეული ტანჯვითა და სნეულებით პირამდე სავსე ტომარას ჰგავს. ოთხმოცი წლის წინ, როდესაც ათი წლისა იყო, თვალის დახამხამებაში ჩახტებოდა ხოლმე ნავში და ნაპირს ფეხსა ჰკრავდა – არც მაშველი ჟილეტი ახსოვდა, არც სხვა რამ დარდი აწუხებდა, საცვალიც მშრალი ჰქონდა, განა შარდის წვეთებით დანამული. ყოველი მოგზაურობა იმ პატარა უსახელო კუნძულისკენ დიდი და ამაღელვებელი თავგადასავალი იყო. ახლა შემორჩა მხოლოდ შფოთი. და ტკივილი, რომელსაც, თითქოს, მის ნაწლავებში გაუდგამს ფესვები ღრმად და მთელს სხეულს კორტნის. მაგრამ ის მაინც ჯიუტად მიცურავს ნავით. განვლილი წლების შუქ-ჩრდილში მიმოეფანტა მრავალი ტკბობა, თითქმის ყველაფერმა დაკარგა გემო დღეს, გარდა – ერთისა. კუნძულის შორეულ მხარეს მდებარე დიუნი. მარადჟამს არის მასთან. დიუნი არასდროს კარგავს ხიბლს.

ადრეულ წლებში ყოველი ქარიშხლის ძალა აფრთხობდა – ეშინოდა, რომ დიუნი გაქრებოდა. 1944 წელს, როდესაც გრიგალმა ფლორიდის სანაპიროსთან აშშ სამხედრო საზღვაო ძალების კრეისერი Raleigh იმსხვერპლა[1], დარწმუნებული იყო, ვერც დიუნი გადარჩებოდა, მაგრამ გადაიყარა ღრუბლები, ჩადგა ქარი და კუნძული ისევ ადგილზე დახვდა. დიუნიც იქ იყო. სადაც წესია, ას სამოცი კილომეტრი საათში ღონის ქარიშხალს, ქვიშა სრულად უნდა გაეტაცა თან და მხოლოდ შიშველი კლდეები დაეტოვებინა. რაც ამ თემაზე კამათი და ბჭობა ჰქონია, წლების და წლების განმავლობაში თავს იმტვრევდა – მისმა ჯადოქრობამ იხსნა დიუნი თუ თავად დიუნი იყო ჯადო. ეგებ – ორივე ერთად. მაგრამ ახლა უკვე დარწმუნებული იყო – უმეტესი ძალა მაინც დიუნშია.

Continue reading “დიუნი”

დროის დასასრული

ფრედრიქ ბრაუნი

პროფესორი ჯონსი მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა დროის თეორიას.

– როგორც იქნა, მივაგენი მთავარ განტოლებას, – ერთ მშვენიერ დღეს უთხრა ქალიშვილს, – დრო არის ველი. ჩემს მიერ შექმნილ მანქანას ამ ველის მართვა შეუძლია, თუნდაც – მისი პირუკუ დატრიალება.

ამ ლაპარაკში რომ იყო, დააჭირა ღილაკს და თქვა:

– ეს, ახლა, დროს შემოაბრუნებს…
Continue reading “დროის დასასრული”

საზღვაო არაკი

ფრედრიქ ბრაუნი

იმ შუაღამეს, ოკეანის პირას, სადღაც ქეიფ ქოდსა და მაიამის შორის რობერთ ფალმერი შეხვდა ქალთევზას. რობერთი მეგობრებს სტუმრობდა და ჯერ ისევ ფხიზლად იყო, როდესაც სხვები უკვე დასაძინებლად წავიდნენ. გავიდა სასეირნოდ და სანაპიროზე დაფენილ მთვარის შუქს აედევნა. მორკალულ ყურეს რომ მიადგა, იქ დაინახა: ქვიშაში დაგდებულ მორზე იჯდა. გრძელ, გიშრისფერ, ლამაზ თმას ივარცხნიდა.

ქალთევზები რომ არ არსებობენ კი იცოდა, მაგრამ თუ გინდა ნუ დაუჯერებ თვალებს – ნამდვილად ის იყო. რობერთი მიუახლოვდა, ორიოდ ნაბიჯში გაჩერდა და ფრთხილად ჩაახველა.

ქალთევზა შეირხა, დალალები უკან გადაიგდო, სახე და მკერდი გამოუჩნდა. კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენა. ყველაზე ლამაზი, თუ რამ არსებობს დუნიაზე.
Continue reading “საზღვაო არაკი”

ერთი საკონცერტო საღამო

აიზექ აზიმოვი

ეგეთი ამბავია: მყავს მეგობარი, რომელიც სიტყვას გადაკრავს ხოლმე, თითქოს რომელიღაც შორი გეენიდან ეშმაკის გამოძახება შეუძლია. თუ ეშმაკის არა, ერთი ეშმის მაინც – პატარა ზომის, მოკრძალებული გაქანების. როგორც კი ჩემი მეგობარი მეოთხე ჭიქა სოდიან სკოჩს გადაყლურწავს, წამსვე სულების გამოძახებას ჩემულობს. სწორედ მანდ გადის რთულად მოსახელთებელი ზღვარი – სამ ჭიქას დალევს და სულებზე ჯერ არაფერი იცის, მეხუთეც თუ მოასწრო – კინწი სწყდება და ტკბილად იძინებს.

ამიტომ იყო იმ საღამოს, როგორც კი საჭირო მიჯნას მიაღწია, ვიხელთე დრო და ვკითხე:

– იმ შენს სულზე რომ ამბობდი, გახსოვს?

– რა? – თავი ასწია ჯორჯმა და ისე გახედა ჭიქას, თითქოს იქ დაეძებდა პასუხს.

– პატარა სულზე, თითისხელაზე, მაგრამ არაბუნებრივი ძალა რომ აქვს… ერთხელ მითხარი, რომ სადღაც მიღმიერი სამყაროდან გამოიხმე, სადაც ეგეთი ეშმაკეულები სახლობენ.

– ჰო, – გაახსენდა ჯორჯს, – აზაზელი… თუმცა, სინამდვილეში, მგონი, რაღაც სხვა, ძნელად გამოსათქმელი სახელი ჰქვია, და მე აზაზელი შევარქვი… რატომ მეკითხები? Continue reading “ერთი საკონცერტო საღამო”

სამყაროს უკანასკნელი ღამე

რეი ბრედბერი

– თუ გეტყვი, რომ ამ ღამეს სამყარო დასრულდება, რას გააკეთებ? – ჰკითხა კაცმა.

– რას გავაკეთებ? მართლა მეკითხები, თუ ხუმრობ?

– არ ვხუმრობ.

– არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია – ქალმა ვერცხლის ყავადანი სახელურით მამაკაცისკენ მიატრიალა და ორი ფინჯანი დადგა ლამბაქებზე.

კაცმა ყავა მოსვა. ოთახის სიღრმეში, ლამფების მწვანე შუქზე ორი პატარა გოგონა ხალიჩაზე თამაშობდა კუბურებით. მწუხრის ჰაერში მოხარშული ყავის სადა, ხალასი სუნი ტრიალებდა.

– დროა, დაფიქრდე, – უთხრა.

– მართლა ამბობ? – ჰკითხა ისევ.

თავი დაუქნია.

Continue reading “სამყაროს უკანასკნელი ღამე”

ორმაგი ჯაფა

რობერთ სილვერბერგი

კოსმოსური ხომალდი ერთხელაც შეჯანჯღარდა და ის იყო დომერენჯიზე დაეშვა, რომ ჯასთინ მარნერმა ეჭვი გამოთქვა – ალბათ, ყველანი შეიშალნენ.

– ნამდვილად გავგიჟდით, – სწორედ ასე თქვა, – სრულ ჭკუაზე არ უნდა ვიყოთ.

მეორე დედამიწელმა, რომელიც ილუმინატორიდან პლანეტის ოქროსფერ-მწვანე ზედაპირს ათვალიერებდა, გამოხედა:

– რა თქვი?

– სანაძლეოს ფასი მესმის, მაგრამ, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, სადღაც დაუკრეფავში არ უნდა გადახვიდე, ჩვენი მოგზაურობა ყველა ზღვარს სცდება, – უთხრა მარნერმა და გარე ხედისკენ მიანიშნა, – უკვე აქ ვართ, ქემრიჯ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ შეშლილი თუ დათანხმდებოდა ამაზე.

ქემრიჯმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა.

– კარგი, ერთი, ჯასთინ – მშვენივრად იცი, როგორ აღმოვჩნდით აქ და ისიც იცი – რატომ… ახლა წუწუნის დრო არაა.

– რა გაეწყობა, სიტყვები უკან მიმაქვს, – უთხრა მარნერმა და ხელებზე დაიხედა. გრძელი, თლილი თითები ჰქონდა, უმაღლესი კლასის ინჟინერ-ტექნიკოსი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, საუკეთესო ქირურგი დადგებოდა, – დაიკიდე. ცოტა დაძაბული ვარ და გონება მაქვს არეული.

ზარის ხმა მოესმათ.

– მობრძანდით, – შემოიპატიჟა ქემრიჯმა.

Continue reading “ორმაგი ჯაფა”

მონადირე

ჯონ ქოლიერი

ალან ოსთინმა ციდა ცინდალივით აკანკალებულმა აიარა დაჩრდილული, ჭრაჭუნა კიბე და ბნელ სადარბაზოში ხელის ცეცებით კარგა ხანს დაეძებდა საჭირო გვარს კარის დაფაზე.

შეაღო, როგორც უთხრეს და პაწაწინა ოთახში ამოყო თავი, სადაც არაფერი იყო სამზარეულოს მაგიდის, სარწეველა სავარძლის და ერთი ძველი სკამის გარდა. გაჭვარტლულ, ქვიშისფერ კედლებზე რამდენიმე თარო დაინახა ათეულობით ბოთლითა და ქილით. სულ ეს იყო იქაური ავლა-დიდება. სავარძელში ჩია მოხუცი იჯდა, გაზეთი გაეშალა. ალანმა ბარათი გადასცა, რომელიც მისცეს და მდუმარედ დაელოდა.

– დაბრძანდით, ბატონო ოსთინ, – უთხრა მოხუცმა დიდი მოწიწებით, – მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.

– მართალია თუ არა, – ჰკითხა ალანმა, – თქვენ გაქვთ ხსნარი, რომელსაც განსაკუთრებული დანიშნულება აქვს?

– ძვირფასო ბატონო, – უპასუხა მოხუცმა, – სალბუნთა და საცხთა რაოდენობით ვერ დავიკვეხნი, ფაღარათსა და კბილის ტკივილს ვერ ვუწამლებ, მაგრამ მრავალფეროვანი საქონლის შეთავაზება შემიძლია და რაც მაქვს, მათ შორის ერთიც არ არის ისეთი, რომლის შესაძლებლობაც გამორჩეულ ყურადღებას არ იმსახურებს.

Continue reading “მონადირე”

ფიქრის სურნელი

რობერთ შექლი

დაუსახლებელი სირგონის კლასტერის გავლისას, ლეროი ქლივის ნამდვილი უბედურება დაატყდა თავს. ცხადია, არც მანამდე ულხინდა: ძველისძველი საფოსტო ხომალდი ნომერი 243, მონჯღრეული მილები და არეული ასტრონავიგაცია, მაგრამ ახლა, სანამ მარშრუტს აზუსტებდა, შენიშნა – ბორტზე მეტისმეტად დათბა.

მძიმედ ამოიოხრა, გაგრილება ჩართო და ფოსტის უფროსს დაუკავშირდა. სადგურს უკვე საკმარისად იყო დაშორებული და რადიო ტალღები ძლივს სწვდებოდა, მაგრამ შიშინსა და ჭახანს შორის მაინც მოახერხა ფოსტმაისტერის ხმის გარჩევა.

– ახლა რა გჭირს, ქლივი? – ჰკითხა მრისხანედ. ფოსტმაისტერი ის კაცი იყო, ვისაც საკუთარი ხელით შედგენილი გრაფიკის სჯეროდა, როგორც წმინდა წერილის.

– არც კი ვიცი, რით გაგახაროთ, – უდარდელად უპასუხა ქლივიმ, – თბოიზოლაციას, მილებს, ასტრონავიგაციას და გაგრილების სისტემას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, სხვა დანარჩენი გენიალურადაა.

Continue reading “ფიქრის სურნელი”

ფეხით მოსიარულე

რეი ბრედბერი

ნოემბრის ნისლიანი საღამო იყო. ლეონარდ მიდს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და სიჩუმეს მიუყვებოდა, მიაბიჯებდა ბეტონის დაბრეცილ საფარზე, აქა-იქ თავამოწვერილ ბალახებს შორის. უყვარდა სეირნობა, როცა ქალაქი დუმდა. გზაჯვარედინთან შეჩერდებოდა ხოლმე და მთვარით განათებულ ქუჩებს გახედავდა, ფიქრობდა, ოთხი კუთხიდან რომელი აერჩია, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არცა ჰქონდა – 2053 წელი იდგა და ამ სამყაროში ის იყო მარტო… ან – თითქმის, მარტო. ბოლოს აედევნებოდა არჩეულ ქუჩას და სუსხიან ჰაერში პირიდან სდიოდა ორთქლი, როგორც სიგარის კვამლი.

აათობით სეირნობდა და შინ ბრუნდებოდა ხოლმე, როდესაც შუაღამე უკვე გადაწურული იყო. ათვალიერებდა სახლებსა და ჩაბნელებულ ფანჯრებს – უკაცრიელ სასაფლაოს რომ მოგაგონებდათ. ციცინათელების ციაგს ირეკლავდა შუშები, კედლებზე ხედავდა თალხ აჩრდილთა ლაციცს და უსმენდა ფარდების ჩურჩულს, აქა-იქ ღიად დარჩენილი სარკმლებიდან.

თუ დაიღლებოდა, ლეონარდ მიდი შეისვენებდა ხოლმე, თავს დახრიდა, ყურს უგდებდა და უყურებდა, შემდეგ ისევ განაგრძობდა გზას და მისი ფეხის ხმაც კი არ არხევდა მდუმარებას – რეზინის სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, როგორც ყოველთვის, როდესაც საღამოს გადიოდა სასეირნოდ. კარგა ხნის წინ დარწმუნდა – ასე უფრო უსაფრთხო იყო, რაკი ქუსლების ბაკუნზე ძაღლები აედევნებოდნენ ხოლმე ყეფით, შუქები ინთებოდა ყველგან და შეშფოთებული სახეები თვალს აყოლებდნენ მის ეულ სხეულს, რომელიც მიაბიჯებდა ნოემბრის ღამეში უკაცრიელი ქუჩით. Continue reading “ფეხით მოსიარულე”

მთელი ზაფხული ერთ დღეში

რეი ბრედბერი

– მზად ხარ?

– კი.

– იწყება?

– მალე.

– მეცნიერებმა ზუსტად გამოთვალეს? ნამდვილად დღეს არის?

– დაელოდე, დაელოდე… თავად ნახავ!

ბავშვები მიაწყდნენ ფანჯრებს, ყელმოღერებით, როგორც ბაღის სარეველებს შორის ამოკოკრილი ვარდები, ფეხის წვერებზე იწევდნენ ღრუბლებში დამალული მზის დასანახად.

წვიმდა.

წვიმდა უკვე მეშვიდე წელი, ათასობით და ათასობით დღე ნისლში იყო გახვეული, წვიმა გაუჩერებლივ უკრავდა დაფზე, წვეთები, როგორც ბროლის თვლები ფაიფურის ჯამში, გორავდნენ და წყლის ტალღები, ქარიშხლის მიერ ატაცებულნი, დაუნდობლად ესხმოდნენ კუნძულებს თავს. დიდრონი ხეები ათასგზის მოგლიჯა და წააქცია გრიგალმა იმად, რომ ათასი ახალი ამოზრდილიყო და კვლავ შეკრულიყო ტყედ. ასე ცხოვრობდა ვენერა და სასკოლო ოთახი სავსე იყო ბავშვებით, ვისი მამები და დედები ჩამოფრინდნენ დედამიწიდან, იმ იმედით, რომ ამ წვიმიან პლანეტაზე დასახლდებოდნენ და დააფუძნებდნენ ადამიანთა ცივილიზაციას.
Continue reading “მთელი ზაფხული ერთ დღეში”